მიხეილ ჭკუასელი: წელს 300-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეაბილიტაცია დასრულდება

ოზურგეთში, პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ჩაის დასაფასოებელი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც 1300 კვ/მეტრზეა განთავსებული და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოს გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.

 ჩაი “გურიელის” მწარმოებელი კომპანია “გეოპლანტის” დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის განცხადებით, 2015 წელი ჩაის წარმოებისთვის გარდამტეხი იქნება, რადგან სახელმწიფომ ეს მიმართულება პრიორიტეტად აიღო.

“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჩაის წარმოების 200-წლიანი ისტორია გააჩნია. საქართველო შედიოდა ხუთეულში ჩაის წარმოების მხრივ საბჭოთა კავშირში. ვფიქრობ, ჩაი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პროდუქტია და ჩაი უნდა იქცეს ბრენდად საქართველოსთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და შეეხება არა მხოლოდ გურიას და სამეგრელოს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ვაწარმოოთ ხილის ჩაი, მცენარეული ჩაი და ამაში ჩართული გვყავს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მთელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, “გეოპლანტი” იქ ერთ დიდ პროექტს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი არის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი ჩაის დასაფასოებელი საწარმო, რომელიც ხვალ გაიხსნება, მეორე კომპონენტი კი მოიცავს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და პირველადი წარმოების რეკონსტრუქციასა და განახლებას.

მიხეილ ჭკუასელი: მიმდინარე წლის განმავლობაში დასრულდება დაახლოებით 300-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეაბილიტაცია, რაც გამოიწვევს ადგილობრივი ჩაის მწანე ფოთლის მოსავლის გაზრდას ჰექტარზე და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მოიცავს საწარმოს რეაბილტაციას და ახალი მწვანე და შავი ჩაის ტექნოლოგიური ხაზების დამონტაჟებას და გაშვებას. ჩვენ ეს ორი პროექტი მთლიანობაში, ჯამურად უნდა განვიხილოთ, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე წარმოების გაზრდის მხრივ. მომავალი წლის ბოლომდე, ორივე წარმოებაში 80-დან 100-მდე ადამიანს დავასაქმებთ. აქ იგულისხმება ის, თუ რამდენ ცვლიანი სამუშაო იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი საწარმო, მიმდინარე წლის ბოლომდე, 3 ცვლაზე იქნება გადასული. რაც შეეხება პირველად წარმოებას, რამდენ ნედლეულს მივიღებთ მომავალი წლის ბოლოს, მე კი შემიძლია ამის პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ბუნებაზეა მაინც დამოკიდებული ყველაფერი, ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ.

ipress.ge