Moody’s – საქართველოს რეიტინგი – Ba3 ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ასახავს

საქართველოს რეიტინგი – Ba3 ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ასახავს, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის ინვესტორთა სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. წლიური ანგარიში “საკრედიტო ანალიზი: საქართველო”, სარეიტინგო კომპანიამ გამოაქვეყნა.

“საქართველოს არაერთი საკრედიტო ძლიერი მხარე აქვს, ინსტიტუციურმა სიძლიერემ და ბიზნესზე ორიენტირებულმა გარემომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელი შეუწყო ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, 2014 წლის შუა პერიოდის შემდეგ მოთხოვნის შემცირებს გამო, 2015 და 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უფრო დაბალია, ვიდრე ამ დრომდე არსებული პროგნოზი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივ არსებული ვითარება გაუარესდა, ექსპორტი და

ფულადი გზავნილები კი შემცირდა”, – განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა და ანალიტიკოსმა ერნესტ სერჯენტიმ.

Moody’s საქართველოში 2015 წელს მშპ-ის ორპროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა, მომავალი წლისთვის კი სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 3 პროცენტამდე გაიზრდება. ამასთან, როგორც Moody’s-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლაც უარყოფითად აისახა. “თუმცა, 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელისშემწყობი ფაქტორია ქვეყნის რეიტინგისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს საქართველოს საშუალოვადიან ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პერსპექტივებს. ქვეყანა ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ახდენს და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობას და ექსპორტის მოცულობას”, – წერს Moody’s.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხების დიდხანს გაგრძელება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა ნეგატიურად აისახება ქვეყნის რეიტინგზე.

bpn.ge