იციკ მოშე: ინვესტორებს ქართული ბანკებიდან სესხის აღება უჭირთ

ინტერვიუ ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტ იციკ მოშესთან:

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს ეკონომიკის აღმასვლისთვის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს და მაგალითად მოჰყავს ბოლო ერთ თვეში საქართველოში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციები, რომელიც, მისი თქმით, ბიზნესპალატის მიერ ისრაელის ბიზნესჯგუფებში, ქნესეთსა და იერუსალიმის მერიასთან აქტიური მუშაობის შედეგია. ამ საქმეში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა აგვისტოში თბილისის მერის ისრაელში ვიზიტმა და საქართველოში ინვესტირებისთვის პოტენციალის შესახებ დავით ნარმანიას სწორმა მესიჯებმა. იციკ მოშეს თქმით, საქართველო, ისრაელის მსგავსად, პატარა ქვეყანაა და ეკონომიკური განვითარების გზაზე აქვს არასტანდარტული ქმედების უფლება. კერძოდ, ბიზნეს პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურად ჩართვის მომხრეა და მიაჩნია, რომ ელჩებს ამ საქმეში იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე რომელიმე მინისტრს ან მთავრობას.

– რა რეალური ქმედება ან გეგმა შეიძლება კიდევ გააკეთოს კონკრეტულად ხელისუფლებამ?
– საქართველოს ჰყავს პროფესიონალი ეკონომიკური გუნდი და მჯერა, რომ უფრო ფართო მასშტაბით იციან სრული სურათი,  ვიდრე მე. ამიტომ მე შემიძლია მხოლოდ ერთ-ერთ მიმართულებაზე გაგიზიაროთ ჩემი ხედვა და გაგაცნოთ სხვადასხვა ეტაპზე ისრაელის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ვფიქრობ, საქართველოსთვისაც მისაღები უნდა იყოს.

ეკონომიკური განვითარების აღმასვლისთვის საჭიროა მამაცი, გაბედული შოკოთერაპიული ქმედებები. მსოფლიო კრიზისი შესაძლებელია, პატარა ქვეყნის ხელისუფლებამ გადააქციოს უპირატესობად. მაგალითად, ხვალ თუ თითოეული ელჩი გაავრცელებს ხელისუფლების ახალ ინიციატივას: პირველი: ყოველი ინვესტორი, რომელიც ჩადებს პირად 5 მილიონ დოლარს და დაასაქმებს 50 ადამიანს, განთავისუფლდება გადასახადისგან მინიმუმ 5 წელი ან მანამდე, ვიდრე დაიბრუნებს ინვესტიციას; მეორე: დ.ღ.გ დაუბრუნდება ინვესტორებს ყოველ კვარტალში ამით ქვეყანა არაფერს წააგებს. პირიქით, ეს ახალი ინვესტიციაა,  რომელიც სხვა შემთხვევაში არ შემოვიდოდა. დასაქმდება ხალხი და ხელფასებიდან გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს იქნება ქვეყანაში ახალი ინვესტიციის ნაკადი და ეკონომიკაც ამუშავდება.

უფრო მეტიც, დავიწყებდი 2 მილიონი დოლარის ინვესტიციით და ასეთ ეკონომიკურ ვითარებაში,  1-წლიან აქციას გამოვაცხადებდი.

– არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურობენ თუ არა ისრაელელი ინვესტორები საქართველოში და რა მიმართულებით?
–  უპირველესად გეტყვით, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ყოველ კრიზისს შანსებიც ახლავს და ის გამოსაყენებელია.  რაც შეეხება ინვესტორების აქტიურობას, არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყანაში რომელიმე ინვესტორი დღეს რაიმე ახალს ეძებდეს, პირიქით, ცდილობენ როგორმე გაიარონ ეს პერიოდი. ამას ისიც ემატება, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ებრაელებმა ბოლო 10 წელიწადში ჩადეს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, თუმცა შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მიმართ დაკარგეს ინტერესი. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ახალი ინვესტორები შემოგვეყვანა. ერთი თვის წინ ჩავატარეთ წარმატებული ბიზნეს ფორუმი იერუსალიმში, სადაც წარმოდგენილი იყო 100 ახალი ინვესტორი. მე მივედი  იმ დასკვნამდე, რომ დღეს ინვესტორების ჩამოყვანა საქართველოში მხოლოდ დაუღალავი მუშაობის შედეგია. თუ ამაზე იმუშავებს საქართველოს მთავრობა, ელჩები, არამხოლოდ ისრაელიდან, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიძლება ინვესტორების შემოყვანა. რა თქმა უნდა, არის მსოფლიო კრიზისი, მაგრამ ზუსტად ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს საქართველომ. ისრაელი არის საუკეთესო მაგალითი, როდესაც ჩვენ ამ დღეებში უკვე დავიწყეთ სამი ახალი პროექტი თბილისში. სხვათაშორის, ესენი არ იყვნენ ინვესტორები, რომლებიც ეძებდნენ, თუ სად ჩაედოთ ფული, ესენი არიან ინვესტორები, რომლებმაც ფული ჩადეს ჩვენი მუშაობის შედეგად. საქართველოს ბიზნეს პალატამ იმუშავა ისარელის ქნესეთთან, ასევე იერუსალიმის მერიასთან და შედეგად, ახალი ინვესტორების ტალღა შემოვიდა საქართველოში.

–  რა ახალ სამ პროექტზეა საუბარი და რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება საქართველოში ამ პროექტების შედეგად?
–         სამი ახალი სასტუმრო შენდება თბილისის ცენტრში. ერთი არის გერგეთის ქუჩაზე, 80-ოთახიანი, მეორე  ძველ თბილისშია – 50 ოთახი, მესამე  რუსთაველის გამზირზე, სადაც გაკეთდება ბუტიკ-სასტუმრო 15 ოთახით. სამივე პროექტი ერთად არის, სავარაუდოდ, 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია. იერუსალიმში ჩატარებული ბიზნესფორუმით წლის ბოლომდე კიდევ 3 პროექტი დაიწყება. თუმცა, ეს მხოლოდ პროექტები არ არის, ეს არის მესიჯი ისრაელელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მუშაობა შეიძლება, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, შესაძლოა, რთული პერიოდია, მაგრამ საქართველო არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ინვესტირება. ბიზნეს ფორუმი იყო ძალიან საინტერესო. მინდა ხაზი გავუსვა თბილისის მერის დავით ნარმანიას მესიჯებს, რასაც თავისი გამოძახილი ჰქონდა ისრაელის პრესაში. ნარმანიამ თქვა ორი რამ: ერთი, რომ თბილისში 10 მილიონი კვადრატული მეტრი არის ამორტიზებული, რასაც სჭირდება ინვესტორი; და მეორე, რომ თბილისს ექნება 4 ათასი სასტუმრო ოთახის დეფიციტი 2017 წელს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ქალაქის მერმა თქვა და იყო საკმაოდ გასაგები, რომ თბილისში არის პოტენციალი.

– თქვენ ახსენეთ, რომ წლის ბოლომდე ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ 3 ახალი პროექტი დაიწყება. ესეც სასტუმროების სეგმენტი იქნება თუ სხვა მიმართულებებში ჩაიდება ფული?
– ამ პროექტებიდან ორი არის კიდევ სასტუმრო და ერთ-ერთი სამრეცხაოა, რომელიც მოემსახურება სასტუმროებს. ამ წლის ბოლომდე ყველა პროექტი არის ტურიზმის ინდუსტრიაში. ამასთან, კიდევ დაემატა ერთი პროექტი – საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ახალი წამოწყება, რომელზეც ვიმუშავებთ მომავალი წლიდან აქტიურად. თქვენ იცით, რომ ისრაელი არის უდიდესი ქვეყანა სტარტ აპ-ების ექსელერატორებში და High tech-ის სფეროში. High tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში ამ დღეებში დაიწყება, რაც მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაზრდის ინვესტორების დაინტერესებას ამ მიმართულებით.

–   სასტუმროები, რომლებიც თბილისში გაიხსნება, იქნება ბრენდული თუ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბრენდებზე საუბარი არ არის?
– 6 სასტუმროდან 3 არის „კარს გრუპის“, რომელიც ფლობს სასტუმროებს ამერიკაში, ტაილანდში. ეს არის „ჰილტონიდან“ აღებული მენეჯმენტი, რომელიც საქართველოში ყალიბდება. აქ ჩამოჰყავთ მენეჯერები და  ქმნიან ინფრასტრუქტურას სასტუმროების სფეროში.  ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მხოლოდ ინვესტიციების შემოტანას დიდი აზრი არ აქვს, თუ მას მოყვება ახალი ბიზნეს და  მენეჯმენტის კულტურა. ისრაელელ ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველოში ტურიზმის მზარდი პოტენციალია.

– გასაგებია, რომ ტურიზმის მიმართულებით დადებითი განწყობებია, მაგრამ სხვა მიმართულებით რა განწყობებია ინვესტორებში საქართველოს მიმართ? რამდენად მიმზიდველია საქართველოს ბაზარი მათთვის? აქვთ ნდობა, რომ სტაბილურად განვითარდება ქვეყანა, თუ მაინც შიში და საფრთხის მოლოდიანია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე?
– გავიმეორებ, რომ ეს არის მსოფლიო კრიზისი და შიში არის ყველა ქვეყნის მიმართ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისაუბრო იმაზე, თუ სხვა ქვეყნებთან შედარებით რა სიტუაციაა საქართველოში. პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩემი აზრით, საქართველო არის საინტერესო ქვეყანა. იმდენად არასაინტერესო გახდა აღმოსავლეთ ევროპა ისრაელისთვის, რომ პრეზიდენტები თუ სხვა პირველი პირები როცა ჩადიან ისრაელში, პრესა არ თვლის საჭიროდ, რომ ერთი სიტყვა დაწეროს ამ ვიზიტზე. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით თბილისის მერის იერუსალიმში ვიზიტის დროს კი ისრაელში 30-მდე სტატია დაიწერა ამ ვიზიტზე. საქართველომ პირველად ამ დროის განმავლობაში, წამოიღო რეალური, ადეკვატური მესიჯები ისრაელში.

– არსებობდა პრობლემა ისრაელელი ინვესტორის  მეირ  შავიტის კომპანიასთან დაკავშირებით. თქვენ პრემიერს სპეციალური წერილით მიმართეთ, სადაც არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე მიუთითებდით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეირ შავიტის საქმე მოგვარების სტადიაზეა, მაგრამ შეიცვალა თუ არა სიტუაცია ზოგადად? არსებობს ისევ ბიუროკრატიული პრობლემები?
–         აქაც სიტუაცია არის შედარებითი. მეირ შავიტის მაგალითი არის იმის კარგი მაჩვენებელი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას ისრაელელი ბიზნესმენების მიმართ. ერთი დღით ადრე, ვიდრე ჩამოვიდოდა ქნესეთის დელეგაცია, ამ საკითხზე შევხვდი ბიზნესომბუდსმენის ოფისს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მიერ შავიტთან დაკავშირებით, არის ძალიან კარგი და მისაღები, ვინაიდან გამოჩნდა, რომ ერთობლივი მუშაობით შევძელით, ბიზნესმენს არ გართულებოდა მდგომარეობა. არის პრობლემები, იყო და მომავალშიც იქნება. საუბარია იმაზე, რამდენად არის ეს პრობლემები სხვა ქვეყნებთან შედარებით დიდი ან მცირე.

– რა პრობლებს და უპირატესობებს ხედავთ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით?
–  საქართველოში ბიუროკრატია არის მინიმუმადე დაყვანილი. ნებართვების  გაცემის საკითხი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნამდვილად სწრაფია. ისრაელელი ინვესტორებისთვის არის ძალიან დადებითი გარემო. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, საუბარია მაინც ძალიან პატარა ბაზარზე. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ინვესტორებისთვის არის საბანკო დაფინანსება. თანადაფინანსების შემთხვევები ნაკლებია საქართველოში, ვიდრე სხვა ქვეყნებში; მაგალითად, როდესაც ინვესტორი აშენებს სასტუმროს, მას უჭირს ქართული ბანკიდან სესხის აღება. როდესაც რომელიმე კომპანიამ უკვე განახორციელა პროექტის 50%, ჩადო თანხა და ბოლო ეტაპზე სჭირდება დაფინანსება, ბევრ ინვესტორს უნდა, რომ მშენებლობის ბოლო ეტაპზე ჩაერთოს რომელიმე ფინანსური ჯგუფი. ამით ის ზომავს, რამდენად სჯერათ ადგილობრივ ფინანსურ ჯგუფებს თავიანთი ქვეყნის. თუ რომელიმე ფინანსური ჯგუფი, ბანკი, არ არის მზად, რომ პროექტის მშენებლობის ბოლო ეტაპზე (როდესაც 50% უკვე განხორციელებული აქვს ინვესტორს საკუთარი ფულით) ჩაერთოს და სესხი გასცეს ე.ი. მას არ სჯერა საკუთარი ქვეყნის, ანუ სიტუაცია ქვეყანაში არ არის მყარი, არ არის სტაბილური. ეს უარი ბანკების მხრიდან სწორედ ამის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ არის უკვე შექმნილი თანადაფინანსების რამდენიმე ფონდი, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი უფრო მეტად ჩაერთვებიან პროექტებში. არ მინდა, მივმართო რომელიმე კონკრეტულ ბანკს ან ფონდს, მაგრამ ზოგადად ამ საკითხების წამოწევა გააორმაგებს ინვესტიციებს. ასეთი ფონდების ჩართულობის გააქტიურება იქნება კარგი მესიჯი ინვესტორებისთვის, რომ ისინი ენდობიან ქვეყანას და სიტუცია არის სტაბილური.

–  არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ უშულოდ იმუშაოს ინვესტორებთან. რა უნდა გაკეთდეს, რომ ბაზარი უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის? ბიზნეს სფეროში არის საუბარი იმაზე, რომ  საქართველოსნაირ ქვეყანას უფრო დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები უნდა ჰქონდეს. თქვენი ხედვა როგორია?
– საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრებისგან, რომლებიც მუშაობენ საქართველოში, ასეთი ჩივილი, რომ უფრო დაბალი გადასახადი ან უფრო ნაკლები რეგულაციები უნდა იყოს, არ არის. არსებული სიტუაცია, ვფიქრობ, ხელსაყრელი უნდა იყოს საქართველოსთვის ინვესტიციების მოსაზიდად, რადგანაც ინვესტორები სხვაგან არ მიდიან. რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება არის ელჩების ხელში. ახალი ინვესტორების შემოყვანა არის მხოლოდ მუშაობის შედეგი და ამ თვეში ეს დავამტკიცეთ კიდეც ახალი ინვესტორების მოზიდვით.

commersant.ge