საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტომ მუშაობა 10 ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტომ მუშაობა მაქსიმუმ 10 ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს. “ეროვნული ბანკის შესახებ” ახალი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასა და ახალი სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები სწორედ ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს, კანონი “საკანონმდებლო მაცნეში” 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ძალაში შევიდა.

უფრო კონკრეტულად, როგორც ახლახან მიღებული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსმა დავით ჭურაძემ განაცხადეს, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, როგორც სსიპ-ის, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტება, ისე

თავად სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა უნდა მოხდეს.  “კანონი ძალაში უკვე შევიდა. ახლა ჯერი მთავრობაზეა. პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს სააგენტოს საბჭოს წევრობის 5 კანდიდატი, რის შემდეგაც მოხდება მათი განხილვა ჯერ კომიტეტებში, მერე პლენარულ სხდომაზე. პროცედურის შესაბამისად, უკვე საბჭოს დაკომპლექტების მერე მოხდება სააგენტოს თავმჯდომარის არჩევა”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კანონმდებლობით, საბჭო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტოს უმაღლესი ორგანოა, რომელიც 7 წევრისგან შედგება. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო დანარჩენ 5 წევრს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავად საბჭო ირჩევს. რაც შეეხება უშუალოდ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარეს, მას 7 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანოს სააგენტოს უფროსის კანდიდატურად დასამტკიცებლად საბჭოსთან შეთანხმებით სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს.

პარლამენტმა 3 სექტემბერს, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. 10 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.