საქართველო მძიმე მრეწველობის საერთაშორისო ბიზნეს–ფორუმს მასპინძლობს  

საქართველო პირველად ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა საერთაშორისო ბიზნეს–ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში მსოფლიო ბაზრის ასამდე ლიდერი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. 171-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს საქართველოს ფეროშენადნობი პროდუქციის და მანგანუმის მწარმოებელი კომპანიები მასპინძლობენ.  ბიზნეს ფორუმი ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუქაზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას მისცემს.

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა გაერთიანების წარმომადგენლის, სულხან ხვედელიძის განცხადებით, ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია. მისი წილი ექსპორტში 700 მლნ ლარზე მეტია და დარგში დასაქმებულია 15 ათასი ადამიანზე მეტი. ხვედელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საერთაშორისო ბიზნეს–ფორუმების საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

,,ეს-ტი-ემ” ჯგუფის გენერალური დირექტორი, იგორ იკოვენკო თვლის,რომ ქართულ ფეროშენადნობებს მსოფლიო მეტალურგიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. იგი მიიცნევს, რომ დღეისათვის აშკარაა მეტალურგ მწარმოებელთა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ.

დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები უახლოეს მომავალში ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის” დაფუძნებას გეგმავენ. კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო  ბიზნეს გარიგებებიც შედგება.