ეროვნული ბანკი ლარს დასტაბილურების ნაცვლად კიდევ უფრო ასუსტებს

დოლარის შემცირებული ნაკადის ფონზე სებ-ი იაფი ლარის პოლიტიკას აგრძელებს

2.40-იანი ნიშნული ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლარის მიმართ კიდევ ერთხელ გადალახა და ნეგატიური განწყობები, რაც მანამდეც არსებობდა კიდევ უფრო გამწვავდა. პარალელურად გააქტიურდა ლარის გამყარების შესაძლებლობებზე საუბარი, ვის შეუძლია მისი გამყარება, რა მექანიზმებით და ა.შ.

საზოგადოების ნაწილი ჯიუტად მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურებისთვის აუცილებელია ბიუჯეტის დაბალანსება, ანუ ფინანსთა სამინისტროსკენ იშვერს ხელს, ნაწილი კი ყურადღებას ეროვნული ბანკის ფაქტორზე ამახვილებს.

თუმცა, ფაქტია, რომ მეტი სტაბილურობისთვის აუცილებელია არა რომელიმე ერთი ზემოთხსენებული უწყების ძალისხმევა, არამედ ორივესი ერთად.

აწვება თუ არა ხარჯვითი პოლიტიკა ლარის კურსს?

ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ფარგლებშია და ეს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მართალია დაბალ მაჩვენებელსაც კი თავისი გავლენა აქვს ლარის კურსზე, თუმცა იმდენად მიზერული, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს.
თუ ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს, რა თქმა უნდა, ფაქტორი არის. მაგრამ ეს ფაქტორი ვერ იქნება ხანგრძლივი ზემოქმედების, ვინაიდან ბიუჯეტიდან თუ გაედინება ფული ხარჯების სახით, მასში შეედინება კიდეც. არათანაბარმა ხარჯვამ შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა იქონიოს კურსზე და თუ დროის რაღაც მონაკვეთში საბიუჯეტო ხარჯებით შედარებით დიდი მასა გაედინა, რამაც კურსზე ნეგატიური გავლენა იქონია, ეს ჭარბი ხარჯვა შემდეგ პერიოდებში ხარჯების დაბალი დონით დაბალანსდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბიუჯეტის ხარჯვის ბოლოდროინდელი ტენდენცია, ხარჯების რიტმულობის თვალსაზრისით არსებითად არ განსხვავდება წინა წლების ტენდენციებისგან. ანუ, ლარზე ზეწოლის მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

აწვება თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა ლარის კურსს?

ძალიან მოკლედ აღვწეროთ თუ რა პოლიტიკას ახორციელებთ დღეს ეროვნული ბანკი და როგორ პოლიტიკას ახორციელებდა დავუშვათ 2012 წელს, როდესაც სავალუტო შემოდინებების პრობლემა არ არსებობდა და 1 დოლარი 1.65 ლარი ღირდა.

ეროვნული ბანკის პოლიტიკა დღეს:

– რეფინანსირების განაკვეთი, ანუ რომლითაც ფაქტობრივად ხდება ლარის `ფასის~ დადგენა, წლის დასაწყისში არსებული 4.5%-დან 6%-მდე გაიზარდა, ანუ საშუალოდ 5%-ის ფარგლებშია.

– რეფინანსირების სესხების მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ ლარს, ანუ სებ-ი ამ მოცულობის ლარის მასას აწვდის კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის შესავსებად.

– სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა შეადგენს 380 მილიონ ლარს, ანუ ეროვნულ ბანკს ამ მოცულობის ლარის აქვს სესხად აღებული კომერციული ბანკებისგან;

ეროვნული ბანკი პოლიტიკა 2012 წელს:

– რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში საშუალოდ 6%-ს შეადგენდა;

– რეფინანსირების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა, წლის განმავლობაში მისი მოცულობა მერყეობდა 2.5 მილიონი ლარიდან, 400 მილიონ ლარამდე;

– სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა საშუალოდ შეადგენდა 600 მილიონ ლარს, ანუ ამ მოცულობის თანხა ჰქონდა სებ-ს ნასესხები კომერციული ბანკებისგან.

ამდენად, დღეს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ატარებს იაფი ლარის პოლიტიკას, საპროცენტო განაკვეთებს ფულად ბაზარზე ინარჩუნებს დაბალ დონეზე და ამით საგარეო შოკებისგან დასუსტებულ ლარს კიდევ უფრო ასუსტებს.

როდესაც ლარის კურსის პრობლემა სახეზე არ იყო, ეროვნულ ბანკს ბანკებისთვის გამორთმეული ჰქონდა გაცილებით ბევრი ფული ვიდრე დღეს, ხოლო მათზე გაცემული სესხები იყო გაცილებით მცირე. დღეს სურათი პირიქითაა, ანუ სავალუტო კრიზისის პირობებში ეროვნული ბანკის პოლიტიკა ორიენტირებულია არა ლარის დასტაბილურებაზე, არამედ მის უფრო მეტად დასუსტებაზე.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]