ლარის კურსზე მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინის წყარო თავად ეროვნული ბანკი გახდა

ეკონომიკის ექსპერტის, ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ლარის გაუფასურებაზე გავლენას მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინები, ბუნებრივია, ახდენს, მაგრამ ამის წყარო თავად ეროვნული ბანკია.

ასე გამოეხმაურა კალანდაძე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის განცხადებას. ამ უკანასკნელის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურებაზე დღეს ძირითად გავლენას სწორედ მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინები და, გარკვეულწილად, ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები ახდენს, რომ ლარი გაუფასურდება.

ლევან კალანდაძე გიორგი ბაქრაძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„როცა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა არ აკეთებს კომენტარებს და კომუნიკაცია არ აქვს საზოგადოებასთან, სწორედ ესაა ბუნდოვანების, გაურკვევლობის გაჩენის საფუძველი და არა ის, რომ ექსპერტები სვამენ კითხვებს და პასუხებს ელიან. ლარის კურსის ბოლო 2 შოკი ეროვნული ბანკის უმოქმედობით იყო გამოწვეული. მან ვერ უზრუნველყო ვერც სავალუტო შოკების პროგნოზირება და ვერ მონატარული პოლიტიკის მექანიზმებით ამ შოკებისგან მოსახლეობის დაცვა. სანამ ეროვნული ბანკი არ შეწყვეტს ყველაფრის საზოგადოებისა და ექსპერტებისათვის გადაბრალებას, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებული პრობლემა მუდამ იქნება“

– აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მედიანიუსი

[wpolling id=”5″ width=”” height=””]