პრევენციული მედიცინა აუცილებლად უნდა განვითარდეს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას თერაპევტი ზვიად მაღლაფერიძე გამოეხმაურა. იგი მიესალმება აღნიშნულ რეფორმას და აღნიშნავს, რომ პრევენციული მედიცინა, რომელსაც სწორედ პირველადი რგოლის გამართული მუშაობა უწყობს ხელს, მსოფლიოში დანერგილი და მიღებული პრაქტიკაა.

„ძალიან დადებითად ვუყურებ სამინისტროს წამოწყებას. პრევენციული მედიცინა აუცილებლად უნდა განვითარდეს. მთელ მსოფლიოში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციონ სწორედ დაავადებათა პრევენციას, ანუ სანამ დაავადება გამოვლინდება, რადგან გართულებული დაავადების მკურნალობა გაცილებით ძნელი და ძვირია, ვიდრე პრევენციული ღონისძიებები“

–ამბობს მედიკოსი.

მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ რეფორმის ფარგლებში გეგმავენ პოლიკლინიკების განვითარებას და აღჭურვას, რადგან ეს ხელს შეუწყობს პირველადი რგოლის გაძლიერებას. ზვიად მაღლაფერიძის აზრით, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პირველად რგოლში ექიმების და ექთნების ძალიან დაბალი ხელფასები. მაღლაფერიძე ფიქრობს, რომ რეფორმის ფარგლებში ამ პრობლემასაც უნდა  მოევლოს.

„რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებს, ეს ძალიან რთული თემაა. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მეტ-ნაკლებად ახერხებს სიტუაციის რეგულირებას და გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე წინა წლებში იყო. ზოგადად,  უკეთ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და თუ მეტ სიახლეს შემოგვთავაზებენ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“

– განაცხადა ზვიად მაღლაფერიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი რგოლი ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილია კონკრეტული გეგმის წარმოდგენა. სამინისტროსთან ერთად პირველადი რგოლის რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“. რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარალელურად განხორციელდება.