საკვები პროდუქტების იმპორტიდან სამშენებლო ინდუსტრიამდე
კომპანია “იმერის” ამბიციური გეგმები თამბაქოს წარმოებაშიც აქვს
კომპანია “იმერი” ქართულ ბაზარზე უკვე 23 წელია მოღვაწეობს. კომპანია აჭარის რეგიონში დაფუძნდა და, პირველ ეტაპზე, ის კვების პროდუქტების იმპორტს ეწეოდა. დღეს კი კომპანია არაერთ სეგმენტში საქმიანობს, “იმერის” ბაზაზე შეიქმნა არაერთი შვილობილი კომპანია. უფრო დეტალურად, თუ რა გზა განვლო კომპანიამ დაარსებიდან დღემდე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე გვესაუბრა.
– კომპანია “იმერი” 1992 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, კომპანიის საქმიანობას პირველ ეტაპზე საგარეო ვაჭრობა წარმოადგენდა, დღეს კომპანია “იმერი” სხვადასხვა სეგმენტში საქმიანოს, რა გზა განვლო კომპანიამ დაარსებიდან დღემდე?
– დიახ, იმერი ქართულ ბაზარზე 1992 წლიდან საქმიანობს და საწყის ეტაპზე ის დაკავებული იყო კვების პროდუქტების იმპორტ-ექსპორტით. დღეს უკვე “იმერის” საქმიანობის ძირითადი პროფილი ქართული სიგარების და მასთან დაკავშირებული აქსესუარების წარმოებაა, თუმცა, განვლილი წლების მანძილზე სწორედ “იმერის” ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა კომპანიები განსხვავებული პროფილებით და დღეს სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ჰოლდინგურ გაერთიანება “მარდი ჰოლდინგს”
– კომპანია “იმერი” ჯერ კიდევ 2001 წელს სანადირო თოფის კონდახებით ამარაგებდა ისეთ ცნობილ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს, როგორებიც არიან “ბერეტა”, “ბენელი”,.. დღეს რა მდგომარეობაა წარმოების ამ კუთხით?
– დიახ, ჩვენთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარად დიდი პატივი იყო მსოფლიო სახელის მქონე ბრენდებთან თანამშრომლობა. სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ კუთხით საქმიანობა შეჩერებული გვაქვს კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ხარვეზების გამო. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლებასთან და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ მოგვეცემა შესაძლებლობა განვაახლოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან. ჩვენი გათვლებით, სფეროში დიდი საექსპორტო პოტენციალია და მასზე მუშაობა საინტერესო იქნება როგორც ფინანსური, ისე იმიჯური კუთხით.
– თქვენი შვილობილი კომპანიაა “მარდი ჰოლდინგი”, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული სამშენებლო ბიზნესში, როგორც აჭარის რეგიონში ისე დედაქალაქში, რა პროექტებს ახორციელებთ ამ ეტაპზე?
– 2010 წლიდან “მარდი ჰოლდინგმა” დაიწყო მშენებლობები ბათუმში, 2011 წლიდან კი _ თბილისში და ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიად იქცა აჭარის რეგიონში. ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო, საპროექტო, არქიტექტურულ, უძრავი ქონების და გადაზიდვების კომპანიებს, – “იმერი”, “ძველი ბათუმი”, “თბილისი ჰაუსი”, “მარდი ვორლდი”, “ბესტ ინვესტი”, “ემ არქიტექტი”, “მარდი ჰაუსი. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს ჰყავს სხვადასხვა პარტნიორი, მარკეტინგი და მენეჯმენტი. “მარდი ჰაუსში” 40 ადამიანია დასაქმებული, “ძველ ბათუმში” – 30, “იმერში” – 21, “ემ არქიტექტში” – 4, “თბილისი ჰაუსში” – 55; სულ “მარდი ჰოლდინგში” დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 154-ია.
2010 წლიდან მოყოლებული, “მარდი ჰოლდინგის” აქტივში 11 განხორციელებული და 6 მიმდინარე სამშენებლო პროექტია ბათუმსა და თბილისში. მათ შორის, ერთ და ორსადარბაზოიანი ელიტური საცხოვრებელი სახლები, აპარტოტელები და ბინები საშუალო სეგმენტის კლიენტებისთვის. კომპანია თავის პარტნიორებთან ერთად მშენებლობებს ახორციელებს, როგორც ქალაქის ცენტრში, ისე მის განვითარებად რაიონებსა და ისეთ რეკრეაციულ ზონაში, როგორიცაა მწვანე კონცხი და ბათუმგორა.
2014 წლიდან კომპანიაში მცირე ჰესების პროექტზე ვმუშაობთ. ამავე წელს გაფორმდა მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსთან 5,7 მეგავატიანი ჰესის მშენებლობაზე.
კომპანია იწყებს ღვინის წარმოებას, რომელიც გავა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე თავისი სადისტრიბუციო ქსელით.
“მარდი ჰოლდინგი” ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენებზე, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნების დიდ ქალაქებში: მოსკოვში, კიევში, მინსკში, ნოვოსიბირსკში, ასტანასა და ა. შ., რაც ხელს უწყობს კომპანიის შემდგომ ზრდა-განვითარებას და სიახლეების, ახალი მიდგომების და ინოვაციური მეთოდების დანერგვას. ამასთან, “მარდი ჰოლდინგს” დსთ-ის ქვეყნების დიდ ქალაქებში ჰყავს პარტნიორი უმსხვილესი კომპანიები, რაც კლიენტთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტიანი რგოლია.
დეველოპმენტის კუთხით საქართველოს ცუდი წარსული ჰქონდა. ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველი კლიენტი უფრო ფრთხილი და მომთხოვნი გახდა. კომპანიის მესვეურების მთავარი საზრუნავი სწორედ მათ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნაა, რადგან ნებისმიერი ბიზნესისთვის საუკეთესო რეკლამა _ კმაყოფილი კლიენტია.
– 2007 წლიდან თქვენ დაიწყეთ ადგილობრივი სიგარების წარმოება, რამ გიბიძგათ ამისკენ და როგორ შეაფასებდით წარმოებას დაწყებიდან დღემდე?
– 2007 წლიდან აჭარის მაღალმთიან რაიონებში დავიწყეთ ტრადიციული ჯიშის, ქართული ორიენტალური თამბაქოს ფოთლის საცდელი პარტიების მოყვანა, თამბაქოსგან სიგარებისა და სიგარილების წარმოება. ნიშანდობლივია, რომ ორიენტალური თამბაქოს გამოყენებით სიგარის წარმოება მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. პირველი ქართული სიგარის ნიმუშები 2009 წლის 5 მაისს, ინდონეზიაში, ცნობილ კომპანია “ტარუმარტანი–1918”-ში დამზადდა, სადაც პროფესიონალებისა და სომელიეების მიერ ქართული ორიენტალური თამბაქო “ქედა”–ს გამოყენებით ოპტიმალურ ვარიანტად განისაზღვრა ინდონეზიური, კუბური და დომენიკის რესპუბლიკის თამბაქოების კომბინაციები. შპს “იმერი” 2014 წლიდან უკვე საქართველოში აწარმოებს ხელით დამზადებულ, საშუალოზე მაღალი სიმაგრის, 23 დასახელების სიგარას, სიგარილას და ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოს.
თავად საქონლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ძალისხმევა გახდა საჭირო პროდუქტის ბაზრისთვის შესათავაზებლად. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კომპანიის პროდუქტების გაყიდვების ტენდენციები ცალსახად აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც კომპანიას უბიძგებს გააფართოოს ასორტიმენტი და მომხმარებელს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი პროდუქტი.
– რა ბაზრები გაქვთ ათვისებული და თუ გეგმავთ ექსპორტზე გასვლასაც?
– ამ ეტაპზე კომპანიას გაყიდვების ქსელს მთლიანად მოცული აქვს აჭარის რეგიონი. პროდუქცია წარმოდგენილია აგრეთვე თბილისში და სხვა რეგიონებშიც. სულ ახლახანს დაიდო ხელშეკრულება თურქ პარტნიორებთან და მცირე რაოდენობა საცდელ ვერსიად “იმერის” წარმოების სიგარები ექსპორტირებული იქნა თურქეთის რესპუბლიკაში. უახლოეს პერიოდში იგეგმება პროდუქციის ექსპორტირება ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.
– რაც შეეხება ფასს, რა არის თქვენი პროდუქციის საცალო ფასი და რამდენად არის თანხვედრაში ფასი და ხარისხი უცხოურ ანალოგებთან შედარებით?
ჩვენს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევიდან ცალსახად იკვეთება, რომ უცხოელი კონკურენტების მიერ დამზადებული ანალგიური პროდუქტი სამჯერ უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ჩვენი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული სიგარების დიდი ნაწილი დამზადებულია მანქანური წარმოებით და გახვეულია ე.წ. აღდგენილი თამბაქოს ფოთლებში, ან მის შემცვლელებში ანუ ქაღალდში, ჩვენი სიგარები კი სრულად მზადდება ხელით და მასში ერთდროულად გამოყენებულია ქართული, კუბური, დომენიკის რესპუბლიკის და ინდონეზიური თამბაქოს ფოთლები. ჩვენ არაერთგზის მიგვიღია მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში სტუმრის სტატუსით, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო კომპანიისთვის და სტიმული, რომ ამჯერად უკვე მონაწილეობა მივიღოთ მსგავს საერთაშორისო გამოფენებში სრულფასოვანი სახით.
პაატა ბაირახტარი