ახალი სამშნებლო კოდექსი – ახალი მოთხოვნები მშენებლებისთვის

 

ახალი სამშნებლო კოდექსი უკვე მზადაა და მისი განხილვა პარლამენტში, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. მშენებლები და დარგის სპეციალისტები მრავალი წელია ამ დოკუმენტის შემუშავება-ამოქმედებას ითხოვდნენ. როგორც იქნა, მათი პოზიცია ხელისფლებამ გაიზიარა. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ქვეყანას ახალი სამშნებლო კოდექსი ექნება.

პროექტი უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, სამუშაო ვარიანტი სამშენებლო კომპანიებთან, დარგობრივ ასოციაციებთან და სხვდასხვა უწყებებთან შეთანხმებით მომზადდა და მასში საკმაოდ ბევრი რეგულაციაა გათვალისწინებული.

მასში ჩადებულია სამშენებლო კომპანიებისთვის გეოლოგიური დასკვნისა და ექსპერტული დასკვნის წარდგენის ვალდებულება. ასევე, ახალი კოდექსით, სავალდებულო გახდება ინჟინრებისა და არქიტექტორების სერტიფიცირება. კოდექსით შემოდის საჯარო სივრცეების მიჯნის ზონის ცნებაც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, დავით გიგინეიშვილი აცხადებს, რომ კოდექსის გადამუშავებული ვარიანტი ყველა მხარესთან შეთანხმდა და მთავრობის ადმინისტრაციაში ისე გადაიგზავნა.

“როდესაც კოდექსზე დავიწყეთ მუშაობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ბევრი შენიშვნა იყო, ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გადამუშავდა და გათვალისწინებულ იქნა. კონსენსუსი მეტ-ნაკლებად მიღწეულია როგორც კერძო სექტორთან, ისე ასოციაციებთან და სხვადასხვა სამინისტროებთან”

– აღნიშნა  გიგინეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მთავრობაში ინიცირებულ სამშენებლო კოდექსის ვარიანტს მხარს უჭერენ დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებიც. ამის თქმის საფუძველს კი მას ბიზნესასოციაციის მიერ ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნილი წერილი აძლევს, რომელშიც ნათლად არის აღნიშნული, რომ ასოციაციის წევრები იწონებენ კოდექსს.

“ბიზნესასოციაციის წევრებში მრავლად არიან დეველოპერული კომპანიები, ანუ მათი წერილი ნიშნავს იმას, რომ ინიცირებულ ვარიანტს იწონებენ დეველოპერული კომპანიებიც”

– აცხადებს გიგინეიშვილი.

მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოხდება კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა და შემდეგ მისი პარლამენტში გადაგზავნა.

მენაშენეთა ასოციაცია კოდექსის შემუშავებაში საწყის ეტაპზევე ჩაერთო. ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ყველამ ბევრი იმუშავა.

“რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რაშიც პროექტის ავტორებს ვეთანხმებოდით, რაღაცაში – აღარ, მაგრამ საბოლოოდ კონსენსუსი შედგა. საერთოდ, კანონი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შესრულება სჭირდება. მართლაც, სერიოზულად მაფიქრებს, როგორ მოახდენენ კანონმდებლობის აღსრულებას, რა ბერკეტებს გამოიყენებენ საამისოდ. რაღაც კარგად თუ არ შესრულდება, კანონმდებლობას ვერ დავაბრალებთ.

თავისთავად, კოდექსი ვერაფერს გააკეთებს, საქმე ადამიანმა უნდა აკეთოს და აუცილებლად პროფესიონალი იყოს. თუ კარგი სპეციალისტი შეირჩევა და კოდექსის სახით კარგი სამოქმედო არეალი ექნება, სასურველ შედეგს მივიღებთ. ამიტომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური თვალსაზრისით დანიშნული კადრი ვერაფერს გაააკეთებს.

რა დღეშიც დღეს სამშენებლო სექტორია, გამოწვეულია უცოდინრობით, გამოუცდელობის გამო მშენებლობის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა.

ადრე რომ ეფიქრათ პროფესიონალების ჩართვაზე კარგი იქნებოდა და ამ შედეგს არ მივიღებდით”

– მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.