დღეს რაგბის მსოფლიო თასი იწყება

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დიდ ბრიტანეთში რაგბის მსოფლიო თასი იწყება. გახსნით მატჩში  ინგლისური რაგბის ტაძრად წოდებულ ‘თვიქნემზე’ ტურნირის პირველ მატჩში ფიჯი მასპინძელ ინგლისს ერკინება. საქართველოს ნაკრები კი ტურნირჩი  19 სექტემბრიდან ჩაერთვება და ტონგას ნაკრებს შეერკინება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესოა, რას ფიქრობს განვლილ სამზადისზე და მომავალ მატჩზე ბორჯღალოსანთა თავკაცი მილტონ ჰეიგი.

პირველი საკონტროლო მატჩი ფალკონზთან…

„ნიუქასლთან მატჩამდე ნახევარ გუნდს რამდენიმე თვე არ ჰქონდა ნათამაშები. მეტოქე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა და მიგვახვედრა, რომ რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, თუ არ ითამაშე, არაფერს აქვს აზრი. ამან ხელი შეგვიწყო, რომ კანადასთან და იაპონიასთან უკეთ გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მათთან დაპირისპირებაში მოგება უფრო გაგვახარებდა, თუმცა თამაშის ხარისხის ზრდით მაინც კმაყოფილი ვარ.

ისე კარგად მომზადებული გუნდი როგორც არასდროს…

„ნამდვილად ასეა და ჩვენ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. პოლონეთში ყოფნისას მორაგბეები სიმძიმეების აწევაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ წონებს მიუახლოვდნენ. იგივე შეიძლება ითქვას სირბილის სისწრაფეზე. თვითონ ამბობდნენ, რომ ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილან. ვის ნათქვამს შეიძლება ენდო, თუა არა იმ მორაგბეებისას, რომლებსაც წინა, 2011 წლის მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები.

ხომ არ არის საშიშროება, რომ სათამაშო ფორმის პიკი ტონგას ნაკრებთან თამაშამდეგავიაროთ?

„არა, ვფიქრობ, მაგის საშიშროება არ არის. ფიზმომზადება ისეა გაწერილი, რომ ის აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. სხვა საქმეა თამაშის ტექნიკური დეტალები, სტრატეგია და ტაქტიკა. ტონგას თამაშს დიდი ხანია ვსწავლობთ, ვაანალიზებთ. მთავარია, ჩვენმა მორაგბეებმა შეძლონ მეტოქის წნეხის ქვეშ სათამაშო გეგმის სწორად განხორციელება. მთელი 80 წუთის განმავლობაში თავდადებით უნდა ვიბრძოლოთ.

სათამაშო გეგმა

„ჩვენი თამაშის ძლიერი მხარეებია: შერკინება, დერეფანი, სტატიკა. უნდა ვეცადოთ ამ დროს ბურთი სუფთად, შეფერხების გარეშე მოვიგოთ, მეტოქეს კი ამაში ხელი შევუშალოთ. დაცვაში აგრესიულები უნდა ვიყოთ. ისე უნდა შევბოჭოთ მეტოქე, რომ დაეცემა, ვეღარ უნდა დგებოდეს, სირბილი ვეღარ შეძლოს.

„უნდა ვეცადოთ ბურთი მუდმივად მათ ზურგს უკან გადავიტანოთ და ფეხით დარტყმული სწრაფად ჩავხუროთ. შეტევაში ლელოს გატანის ორი ან სამი შანსი გვექნება და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

„ასეთ მძიმე თამაშებში ძნელია მეტის შექმნა. რაც გექნება უნდა გამოიყენო. ასე იყო თუნდაც თბილისურ მატჩში. მათ სამი შანსი მიეცათ და სამივე გამოიყენეს.

რა შეიძლება შემოგვთავაზონ რაიმე ახალი, რაც მათ თამაშში არ ყოფილა?

„მოიფიქრებენ, ალბათ, რამეს, ისევე როგორც ჩვენ. მაგალითად, ისინი ძირითადად ფლანკერების და რვა ნომრის მეშვეობით თამაშობენ. თუ მათ გათიშვას შევძლებთ, შეიძლება დალაგებული თამაში ავურიოთ.

თამაშამდე სამი დღე დარჩა. რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს?

„ქართველ ქომაგებს ვეტყოდი, რომ ჩვენ, ყველამ, მოთამაშეებმა, სამწვრთნელო შტაბმა, მენეჯმენტმა და რაგბის კავშირმა ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ტონგასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით. საკმარისი იქნება თუ არა ეს მაქსიმუმი ამ გუნდის დასამარცხებლად არ ვიცი. ჩვენ ცდა არ დაგვიკლია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგა დავამარცხოთ.

rugby.ge

[wpolling id=”5″ width=”” height=””]