,,ხელისუფლებამ უნდა დაწიოს გადასახადები და გაამარტივოს რეგულაციები”

ინტერვიუ „ნატახტარის” კორპორატიულ დირექტორ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილთან

– რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ლარის კურსი ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ნიშნულზე, 2,5 პუნქტზე დაფიქსირდა. ლარის ოფიციალური კურსი დღესაც დაეცა. რა შეცვალა ლარის გაუფასურებამ თქვენი კომპანიისთვის? 

– ჩვენი ხარჯების უმეტესი ნაწილი დოლარშია გამოსახული, შესაბამისად, ლარის გაუფასურება და დოლარის გამყარება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შესყიდვებზე და შესაბამისად, ბიზნესზე. ამ კონკრეტულ შემთხვევებში მცირდება მოგების მარჟები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ცუდი პრეცედენტია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მიბიძგებს ფასის გაძვირებისკენ, აუცილებლად შემცირდება გაყიდვები. ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ჩემს მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობასა და გაყიდვებთან.

– გაყიდვების შემცირებაზე ლუდის მთელი ინდუსტრია საუბრობს.  რამდენი პროცენტით შემცირდა გაყიდვები და რა გახდა ამის მიზეზი, ლარის გაუფასურება და შექმნილი ეკონომიკური ვითარება თუ სხვა მიზეზიც არსებობს?

– ფინანსთა სამინისტროს მაჩვენებლებით, სექტორში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15 პროცენტიანი კლებაა. ლუდის კომპანიებს 5 პროცენტიანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმები დაახლოებით 20 პროცენტით შეცვლილია.

გაყიდვების შემცირების რამოდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველი, ჩვენ იძულებულები ვიყავით ლუდზე ფასი გაგვეზარდა იმის გამო, რომ აქციზის გადასახადი გაიზარდა. ჩვენ ამას ყოველთვის ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ არ იყო ეს გონივრული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამას უარყოფითი შედეგები მოყვებოდა.

მეორე ფაქტორი ლარის კურსის გაუფასურებაა, რამაც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შეამცირა. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს კრედიტი დოლარში აქვს აღებული, შემოსავალი კი ლარში. შესაბამისად, უფრო მეტს იხდის თავისი ვალდებულებების მომსახურებაში და აღარ რჩება იმის ფული, რომ ლუდი იყიდოს ან გასართობად წავიდეს.

მესამე მიზეზია პარტნიორ ქვეყნებში არსებული ვითარება. ყველაფერი ეს კომპლექსში გაყიდვების შემცირებას იწვევს.

სახელმწიფოს როგორც მინიმუმ ამის ნიველირება უნდა გაეკეთებინა. მას ეს დამატებითი ტვირთი ჩვენთვის უნდა შეემცირებინა და პირიქით, აქციზის გადასახადის სახით არ უნდა მოემატებინა. გარდა ამისა, სახელმწიფოსგან ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდის აკრძალვის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული მაგალითები საგარეო ფაქტორებთან ერთად, რომლებმაც ის შედეგი მიიღო, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

– შექმნილმა ვითარებამ ხომ არ დააყენა კომპანიაში თანამშრომლების შემცირების საკითხი ან სახელფასო ფონდის გადახედვის აუცილებლობა?

– როგორც წესი, ასეთ ვითარებაში ეს ღონისძიებები ბუნებრივად დგება ხოლმე. ეს არის ყველაზე რადიკალური და მტკივნეული. შედეგად, ჩვენი კომპანია თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს. უფრო მეტიც, არცერთმა პასუხისმგებელმა კომპანიამ ეს არ უნდა გააკეთოს. ყველაზე რადიკალური იქნება თანამშრომლების გაშვება და პრობლემებზე კიდევ უფრო დიდი პრობლემის დამატება. ჩვენ ამის დარეგულირებას შიდა რესურსებით ვაპირებთ, თუმცა, ეს ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს და მას არამიმზიდველს გახდის.

-თუ არსებობს ლარის კურსის ისეთი ნიშნული, რომლის დაფიქსირების შემდეგაც თანამშრომლების შემცირება გარდაუვალი იქნება?

– ნებისმიერ სიტუაციაში ბიზნესს აქვს იმის უნარი, რომ სიტუაციას მიესადაგოს, მოერგოს. თუმცა დაბალ მარჟებზე მუშაობა რთულია. ასეთი კონკრეტული ციფრი არ გვაქვს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება რაღაცას გააკეთებს და სიტუაცია დადებითისკენ წავა.

– სავარაუდოდ, საინვესტიციო გეგმებიც დაკორექტირდებოდა. გარდა ამისა, კიდევ რა მიმართულებით შეიცვალა კომპანიის გეგმები?

– საინვესტიციო პოლიტიკას ნამდვილად გადავხედეთ. ჩვენი მოლოდინი იყო ბიზნესის გაზრდა, თუმცა, სამწუხაროდ უარყოფითი შედეგი მივიღეთ. საბედნიეროდ, ყოფნა-არყოფნის პრობლემა არ არის და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესთან მჭიდრო კავშირით და რეკომენდაციების გათვალისწინებით მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შექმნილი მდგომარეობა გამოსწორდება და 2016 წელი ნაკლებად პრობლემატური იქნება.

– კონკრეტულად ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

– დაწიოს გადასახადები, მოახდინოს ბიზნესის სტიმულირება, გაამარტივოს რეგულაციები. ამ საკითხების მოგვარება საგარეო ფაქტორებს ნიველირებას გაუკეთებს. ამის შედეგად, ბიზნესს შოკი აღარ ექნება.

– როგორც ცნობილია, საქართველოში „ჰეინეკენის” ქარხნის მშენებლობა იგეგმება. იმ პირობებში, როდესაც ლუდის ბაზარი შემცირებულია, რა მიზნით და რა ინტერესით შემოდის ეს კომპანია?

-„ჰეინეკენი” არის სუპერ პრემიუმ ბრენდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ სეგმენტის ბაზარი ძალიან პატარაა. საქართველოში სუპერ პრემიუმ ბრენდის ბაზარი არამგონია 5 პროცენტზე მეტი იყოს. დარწმუნებული ვარ „ჰეინეკენი” ამ ბაზრისთვის არ შემოდის. ის რეგიონში განვითარებისთვის შემოდის. ეს ჩემი ლოგიკური დასკვნაა. მათი მიზანი მხოლოდ საქართველოს ბაზარი არ იქნება. სავარაუდოდ, ის რეგიონზე იმუშავებს. ამ პირობებში აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია ამ ბრენდის საქართველოში შემოსვლა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნატახტარის წყალი უკვე „ჰეინეკენის” დონეზეა აღიარებული. სწორედ ამ წყალზე ვაკეთებთ ჩვენ ლუდს. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიომ აღიარა ნატახტარის წყლის უნიკალურობა.

– მისი შემოსვლა თქვენ არ დაგაზარალებთ, შეძლებთ მას კონკურენცია გაუწიოთ?

– საქართველოში რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება, მით უკეთესია. ყველა კომპანია ეცდება, რომ ხარისხით იყოს გამორჩეული. ჩვენ ლუდის კომპანიები სხვა საფასო სეგმენტში ვართ, ჰეინეკენი სხვა საფასო სეგმენტშია, ის თუ გადაწყვეტს ფასის დაწევას, მისი ხარისხი აბსოლუტურად გაუფასურდება. ამიტომ ის ყოველთვის შეინარჩუნებს პრემიუმ სეგმენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და „ჰეინეკენი” ნაკლებად ვიკვეთებით.

-ბიზნესი კეთდება მომავალზე გათვლით. აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ პოზიტიური მოლოდინები?

– ბიზნესს ყოველთვის პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს. მთელი ეკონომიკა – ეს არის განწყობა. ამის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

კომერსანტი