”საქართველოს რკინიგზა” საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულებას იწყებს

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ”საქართველოს რკინიგზამ” 8 ძირითადი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს. ამ მიმართულებით კი რკინიგზისთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე განახორციელეს ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს მიღებული მსგავსი დირექტივები. გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში სტუმრად იმყოფება ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები.
დელეგაციას კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი ხელმძღვანელოს, რომელიც დღეს სასტუმრო ”რადისონში” გამართულ სემინარს ესწრებოდა და ”საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებს ევროპის სარკინიგზო კავშირის გამოცდილებას უზიარებდა. სემინარზე ლოხმანიმ ასევე დეტალურად მიმოიხილა ის რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია საქართველოში, სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების დანერგვისა და განხორციელებისათვის. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნა, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებული რეგულაციები 2018-2020-2021 წლებში უნდა ამოქმედდეს.
“ევროპის სარკინიგზო კავშირის წევრი საქართველოს რკინიგზაც არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რაც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი რკინიგზის ფუნქციონირების მიყვანას, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ ან სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებითა და მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ. ჯერჯერობით ჩვენ მოსამზადებელ პერიოდში ვართ. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არცერთი არ არის. ყველა საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ პერიოდს მზად ვიყოთ, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო”,
– განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებულია, ევროკავშირთან სარკინიგზაო და ზოგადად, სატრანსპორტო დარგის თანამშრომლობა. “საქართველოს რკინიგზაზე ვრცელდება 8 ევროდირექტივა და რეგულაცია, რომელიც უნდა დავნერგოთ ეტაპობრივად, წლების მიხედვით. ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, გაიწერა მისი სამუშაო დებულება. 2018-2020-2021 წლები ის საბოლოო ვადაა, როდესაც დირექტივები ძალაში უნდა იყოს. სარკინიგზაო დირექტივების ძირითადი ასპექტებია – უსაფრთხოება, ბაზრის გახსნა, რკინიზგის ინფრასტრუქტურული კომპანიის ტარიფის დადგენა, ასევე საკითხები დაკავშირებული მგზავრთა უფლებების შესახებ, სატვირთო გადაზიდვის ოპერატორების შესახებ და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი დირექტივები არსებობს გარმოს დაცვის კუთხით, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. საბოლოო რეზულტატი იქნება ის, რომ რკინიზგა გახდება უფრო მოქნილი ოპერაციებში და ნამდვილი ევროპული სტანდარტების რკინიგზა გვექნება”,
– განაცხადა საღირაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სარკინიგზო კავშირის მიზანს წარმოადგენს, მხარი დაუჭიროს გაუმჯობესებული ბიზნესს და ჯანსაღი გარემო შეუქმნას ევროპული რკინიგზის ოპერატორებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპანიებს, უფრო მკვეთრი და წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად. ევროპის სარკინიგზო კავშირი აერთიანებს 70-ზე მეტ ინფრასტრუქტურის მენეჯერსა და სარკინიგზო ოპერატორს. საქართველო არის ევროპის სარკინიგზო კავშირის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა.
bpi.ge
[wpolling id=”5″ width=”” height=””]