ზაფხულში ტურისტებმა საქართველოში, დაახლოებით, 544 მილიონი დოლარი დახარჯეს

„ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ტურისტული სეზონის მეორე კვარტლის შეჯამებას ახდენს. „აფბა“–ში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ტურიზმის როლის მკაფიო წარმოჩენა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა ტურისტულმა სეზონმა საკმაოდ კარგად იმუშავა.

„საქართველომ 2015 წლის მეორე კვარტალში 1 345 937 ვიზიტორი მიღო რაც 8 %–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ხოლო 2015–ი წლის პირველ კვარტალში, საქართველოს სულ 986 366–ი ვიზიტორი ეწვია, ანუ 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში გვაქვს 26,71 %–ნი მატება, რაც სავსებით ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე კვარტალი ემთხვევა ტურისტული სეზონის პიკს, სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე აქტიური ქვეყანაში როგორც საზღვაო ასევე სამთო ტურიზმი.

ასევე მატებაა 6 თვის მონაცემების მიხედვითაც, ქვეყანას ექვსი თვის ჯამური მონაცემების მიხედვით 2 332 303 ვიზიტორი ეწვია რაც 3%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მეორე კვარტალშიც უცვლელია ვიზიტორების შმოდინების ტენდენცია ქვეყნების მიხედვით და პირველი კვარტლის მსგავსად ისევ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, უფრო ზუსტად კი ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 87%–ზე მეტი სწორედ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.

ცვლილებაა ტოპ ქვეყნების რეიტინგში, აზერბაეჯანმა როემელიც ტოპ ქვეყნების სათავეში იყო, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მისი ადგილი თურქეთმა დაიკავა, მეორე კვარტალში თურქეთიდან საქართველოში სულ 343 397 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა ზრდა ფისირდება ასევე სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაეჯანიდანაც 20%, 29%, 11%–ით.

რაც შეეხება ტურიზმიდან უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, რამდენადაც ცნობილია, ერთი ტურისტი ქვეყანაში საშუალოდ 225$ დატოვებს, რაც საერთო ჯამში, მეორე კვარტლის მონაცემებით 302 მილიონ 835 დოლარზე მეტია,  ეს კი თავის მხრივ პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ვალუტაზე 20,19%–ით მეტია ( პირველ კვარტალში – 241 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი),“ – განაცხადა ბაირახტარმა და დასძინა, რომ მხოლოდ ტურისტულ სეზონს არ შეეძლო ეროვნული ვალუტის დასტაბილურება.

„აღსანიშნავია ასევე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინები, სწორედ ზაფხულის სეზონზე იყო მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდებოდა, სიტუაცია კი რადიკალურად განსხვავებული მივიღეთ. საქმე იმაშია, რომ ტურისტულმა სეზონმა მართლაც იმუშავა და მოახერხა იმ საგარეო ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რომელიც ქვეყანაზე პირდაპირ და ირიბად მოქმედებდა.

უფრო დეტალურად კი თითქმის ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში აღინიშნებოდა სავალუტო კრიზისი, ასევე ამ პერიოდს დაემთხვა საბერძნეთის კრიზისი, 2014 წელთან შედარებით საქართველოში 23%–ით შემცირდა ფულადი გადარიცხვების შემოდინება, ასევე აღსანიშნავია უკრაინისა და რუსეთის დღემდე ძალიან არასტაბილური მდგომარეობა. სწორედ მსგავსი ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება მოუხდა ტურისტულ სეზონს.

რაც შეეხება ლარის ბოლოდროინდელ დევალვაციას, ის დაკავშირებულია სები–ის არასწორ ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე და ქვეყნიდან დიდი მასშტაბებით კაპიტალის გადინებაზე. არანაირ ტურისტულ აქტივობას არ შეეძლო ლარის „შეკავება“ იმ პორობებში როდესაც ერთის მხრივ ლარს პირდაპირ ურტყავს ის უარყოფითი მოლოდინები რომელიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა საზოგადებაში და მეორეს მხრივ ეროვნული ბანკის ფაქტობრივად უმოქმედო და არაეფექტური გადაწყვეტილებები.“