ხალხი არამართებულად ელოდება ლარის შემდგომ გაუფასურებას

ეროვნული ბანკის მრჩეველის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურებას უარყოფითი მოლოდინები და პანიკის ელემენტები იწვევს. როგორც ბაქრაძენ გადაცემა “ბიზნეს კურიერის” ეთერში განაცხადა, საშუალოვადიან პერიოდში დამატებით გაუფასურებას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.

“ყველა შეთანხმებულია, რომ ლარის გაუფასურება არის საგარეო შოკის შედეგით, რომლის გამოც საქართველოში შემოდინებები შემცირდა დაახლოებით ჯამურად 1 მილიარდი დოლარით. ეს შოკი უკვე ასახულია ლარის კურსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში თუ სხვა შოკები არ იქნება ჩვენ დამატებით გაუფასურებას არ ველით. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოლოდინებს. ამ შემთხვევაში მოლოდინები არის უარყოფითი, არის პანიკის ელემენტები. ხალხი არამართებულად ელოდება ლარის შემდგომ გაუფასურებას, რისი ეკონომიკური და ფუნდამენტური საფუძვლები ამ ეტაპზე არ არის. უარყოფითი მოლოდინები ზრდის მერყეობას. გარდა ამისა ახანგრძლივებს ლარის კურსის დასტაბილიზაციის პროცესს”

– განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.