როგორ განტვირთეს ევროპულმა ქვეყნებმა საგზაო მოძრაობა

თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებული საცობების პრობლემა სულ უფრო მწვავდება, დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება დღითიდღე რთული ხდება.

როგორ უმკლავდებიან საცობების პრობლემას მსოფლიოში? სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაცნობის შემდეგ, გავარკვიეთ, რომ მათი უმეტესობა, გზებზე მოძრაობის დარეგულირებას ახალი მაგისტრალების შექმნით, ტრამვაის ქსელის განვითარებითა და გარკვეულ ქუჩებზე სამოძრაოდ, გადასახადების დაწესებით ცდილობს.

საცობების კუთხით, „ვაშინგტონ პოსტის” 2015 წლის 31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში სტამბოლი, მეხიკო და რიო დე ჟანეირო ლიდერობენ. რეიტინგში მეოთხე ადგილი მოსკოვს უჭირავს, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებდა.

მოსკოვის ხელისუფლებამ საცობების პრობლემის მცირედით დარეგულირება ახალი მეტროს აშენებით, ფასიანი პარკინგების დაწესებითა და ტრამვაის რამდენიმე ხაზის აღდგენით შეძლო. რუსეთის დედაქალაქში საცობები მატებას განაგრძობს, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც აქამდე.

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, მოსკოვმა პრობლემასთან ბრძოლა მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყო. გზებზე გადატვირთული მოძრაობის პრობლემა ყოველწლიურად მძაფრდებოდა იქამდე, სანამ მანქანების გამოყენების უფლება არ შეიზღუდა. 2013 წლამდე მოსკოვის მასშტაბით, პარკინგი ყველგან შესაძლებელი იყო, მათ შორის ქალაქის ცენტრშიც – ადამიანებს თავიანთი ავტომობილების გაჩერება კრემლის კედელთანაც კი შეეძლოთ. ცნობილია, რომ მოსკოვი საცობებთან ბრძოლაში 62 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა.

რაც შეეხება ევროპას, ევროპის ქვეყნებში საცობების პრობლემის აღმოფხვრას, ტრამვაის საშუალებით ცდილობენ. ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში, გოტენბურგში, ამსტერდამსა და ციურიხში ტრამვაის სისტემის დანერგვა გადაწყვიტეს და დღეისათვის ამ ქალაქების მცხოვრებნი ეფექტური, მოსახერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.

დანიის ქალაქ აარუსში, ტრამვაის პირველი ხაზის მშენებლობა, 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სწორედ აარუსის გამოცდილების გაზიარებას გეგმავენ კოპენჰაგენში, სადაც პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ტრამვაი 2020 წლისთვის დაიწყებს მოძრაობა ს.

აღნიშნული მეთოდის სწრაფად ათვისებას სხვა ევროპული ქალაქებიც ცდილობენ. ზაარბრიუკენს, ლიონს, სტრასბურგსა და მონპელიეს ტრამვაის რელსები უკვე აქვთ, შეფილდში, მანჩესტერსა და დუბლინში კი ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ ააშენეს. ქალაქის ცენტრში საცობების შესაზღუდად იტალიის ქალაქებშიც ზრუნავენ და ტრამვაის რელსების აშენებასაც გეგმავენ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რელსები ყველა ქალაქში თანაბრად არ შენდება – დასავლეთის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს მხოლოდ იმ ქალაქებში ამართლებს, რომლის მოსახლეობაც 300 ათასიდან მილიონ ადამიანამდე მერყეობს. იმ ქალაქებში კი, სადაც მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, მეტროს აშენება გამართლებულია, რადგან მას უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

რაც შეეხება ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილებაზე ფასის დაწესებას, ამ მხრივ, გადასახადის რამდენიმე სახეობა არსებობს. ერთი – რომელიც გადაიხდება გავლილი გზის მიხედვით და მეორე – გადასახადი გარკვეული პერიოდით გზებზე ავტომობილით გადაადგილების უფლების მოსაპოვებლად.

პირველი სახის გადასახადი მოქმედებს რუსეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, საფრანგეთში და მთელ რიგ ქვეყნებში. მეორე სახის – უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვა ქვეყნებში. იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც გზებით სარგებლობის გადასახადი საერთოდ არ მოქმედებს, საქართველოცაა რეგიონის დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად,.

საცობების შესამცირებლად სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მეთოდებსაც მიმართავენ. მათ შორის ძვირადღირებულ პარკირებას, მაგალითად სტოკჰოლმში ცენტრში შესვლა 1 ევროს ეკვივალენტი ღირს, ასევე მაღალია პარკირების გადასახადი, რომელიც დამოკიდებულია ადგილსა და დგომის ხანგრძლივობაზე. საშუალოდ ესაა ერთი ევრო საათში. ამასთან, სავაჭრო ცენტრებთან პარკირება უფასოა.

სატრანსპორტო ინფორმაციის კვლევის კომპანია „ინრიქსის” კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მძღოლები წელიწადში საშუალოდ 12 სამუშაო დღეს, ანუ 96 საათს, საცობში ატარებენ.

კომერსანტი