ბაზარზე არსებული სოსისის უმრავლესობა სოიოსგან მზადდება

momxmarebeli.ge-მ ძეხვეულის ნაწარმში სოიის შემცველობა შეამოწმა და შემაშფოთებელი დასკვნა გაავრცელა

გასულ კვირას momxmarebeli.ge-მ, უამ­რავი მომხმარებლის თხოვნით, ძეხვეულის ნაწარმში სოიის შემცველობა შეამოწმა და შემაშფოთებელი დასკვნა გაავრცელა. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში სხვადასხვა მარკეტში შესამოწმებლად შეიძინეს რამდენიმე­­ სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი:

შპს “მარშეს” მოხარშული­ ძეხვი “საექიმო” და სოსისის “სასკოლო”;  შპს “ლიდერფუდის” მოხარშული ძეხვი “საექიმო”­ და მოხარშულ-­შებოლილი სოსისი “რძიანი”;  შპს “ნიკორას” მოხარშული ძეხვი “საექიმო”, სოსისი “რძიანი”; მათივე წარმოების “კორიდას” მოხარშული ძეხვი “საექიმო” და სოსისი “რძიანი”;  შპს “მითანას” წარმოების სოსისი “რძ­ი­­ანი”,­ მოხარშული ძეხვი და “ავსტრიული­ მჭლე”. ანალიზისთვის პროდუქტები­ ლიტვაში­ გაგზ­ავნეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პროდუქ­ტს, მათ შორის – “კორიდას” (“რძიანი” და “საექიმო”), ასევე “მითანას” (“რძიანი”, მოხარშული ძეხვი და “ავსტრიული მჭლე”) პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა სოიის შემცველობა­. მათ მომხმარებელი არ მოუტყუებიათ,­ ხორცპროდუქტების მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას კი პროდუქტის შემადგენლობაში დიდი ოდენობით სოიის შემცველობის მიუხედავად, ეტიკეტზე ეს ინფორმაცია მითითებული არ ჰქონდა.  გამონაკლისი იყო “ნიკორას” პროდუქცია – მოხარშულ ძეხვში “საექიმო” და სოსისში “რძიანი­” სოია არ აღმოჩნდა.  “მარშესა” (სოსისის “სასკოლო”, “რძიანი” და ძეხვი “საექიმო”) და “ლიდერფუდის” (მოხარშულ-შებოლილი სოსისის”რძიანი” და ძეხვი “საექიმო”) პროდუქციაში კი სოიის ცილა აღმოჩნდა, თუმცა, ეს ინფორმაცია ეტიკეტებზე არ იყო…

“კაცმა არ იცის, რას ვჭამთ და რას ვსვ­ამთ!” – 21-ე საუკუნის საქართველოში ეს ფრაზა კვლავ აქტუალურია.
მომხმარებელს ისევ უჭირს ჯანსაღი და მავნე პროდუქტის შეუიარაღებელი თვალით გარჩევა, არადა, სწორედ სურსათზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და ხვალინდელი დღე. უსაფრთხოა თუ არა ჩვენი შერჩეული პროდუქტი და რამდენად დიდია საფრთხე, რომ არასაკმარისი ინფორმაციის გამო ჯანმრთელობისთვის საშიშ სურსათს ვყიდულობთ?­ ამ კითხვებზე პასუხს დღეს, სამწუხაროდ, ვერავინ გაგცემთ, მაგრამ იმისათვის, რომ სხვადასხვა კომპანიის წარმოებული პროდუქციის ხარისხზე ინფორმირებული იყოთ, აუცილებელია, თვალი მიადევნოთ კვლევის შედეგებს. მოგეხსენებათ, ძეხვეული ბავშვებს ძალიან უყვართ და თუ ხელი მიუწვდებათ, ყოველდღეც კი სიამოვნებით მიირთმევენ. ძეხვეული ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხოველურ ცილებსა და ცხიმებს­ შეიცავს, მაგრამ ამ სიკეთესთან ერთად, პროდუქციას ერთი დიდი ნაკლიც აქვს – მისი გარეგნული იერის მიხედვით ძნელია, დაადგინო, რისგან შედგება იგი და რამდენად სასარგებლო თუ ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული. მწარმოებლები უამრავ ხრიკს იყენებენ,

რათა საკუთარი პროდუქცია როგორც ვიზუალურად, ისე საგემოვნო თვისებებით, უფრო მიმზიდველი გახადონ. მათ ნატურალური პროდუქტების ეკონომიის ხარჯზე წონის გაზრდაც შეუძლიათ. ხშირად ძეხვეულის ნაწარმში ხორცის შემცვლელს – სოიასაც ამატებენ. ეს აკრძალული არ არის, ოღონდ კომპანია ვალდებულია, ეტიკეტზე­ შესაბამისი ინფორმაცია განათავსოს და მყიდველს არჩევანის შესაძლებლობა მისცეს.­ ამას კანონმდებლობაც მოითხოვს, მაგრამ, როგორც ბოლო კვლევის შედეგებით ირკვევა, კანონის აღსრულება ბევრ ქართულ კომპანიას სავალდებულოდ არ მიაჩნია. არადა, სოია ალერგიული პროდუქტია, მისი მოქმედება ნეგატიურად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ამცირებს ცილების შეწოვას, ზრდის შანსს, რომ ტოქსინებმა და ლპობის პროდუქტებმა ნაწლავების ლორწოვან გარსში შეაღწიოს… მეტიც, ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით მოხვედრა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიშიც აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ეტიკეტზე ამ ინფორმაციის მითითება სავალდებულოა. ჩვენი ჯანმრთელობა ნამდვილად ღირს იმად, რომ პროდუქციის შერჩევისას მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ, თანაც, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!

რუსუდან შელია
გაზეთი “კვირის პალიტრა”