“ჩერი” ხსნად ყავას გამოუშვებს
როგორც კომპანიაში ამბობენ, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა იაფფასიან ყავაზეა. „ჩერის” დირექტორის ირაკლი ლომთათიძის განცხადებით, კომპანია იაფიან სეგმენტში წლის დასაწყისიდან შევიდა და აღმოჩნდა, რომ მთლიანი გაყიდვების 60 პროცენტი იაფფასიან ყავაზე მოდის.
მისი განცხადებით, აღნიშნულმა ტენდენციამ განაპირობა ის, რომ კომპანიამ დაფასოებული ყავის პარალელურად, ასაწონი, შედარებით იაფიანი ყავას გამოუშვა.
ასაწონი ყავა ამ ეტაპზე ძირითადად დიდ სუპერმარკეტებში იყიდება და 100 გრამის ფასი 1.30-1.40 ლარის ფარგლებში მერყეობს. იგივე წონის დაფასოებული ყავა 1.50 ლარი ღირს. კითხვაზე, ხომ არ გეგმავს კომპანია ძვირიანი სეგმენტიდან გამოსვლას, ლომთათიძე აცხადებს, რომ კომპანიის მიზანია ყველა საფასო სეგმენტის მოცვა, შედეგად, მას იაფიანი ყავაც ექნება და ძვირიანიც.
ლომთათიძის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებული ყავა „ჩერი” ექსპორტზეც გავიდა. პირველი საექსპორტო ქვეყანა თურქმენეთი იყო, სადაც 1 ტონამდე პროდუქცია გავიდა, დაახლოებით 1 კვირის წინ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ყავა რუსეთის ბაზარზეც გავიდა. დაგეგმილია, შუა აზიის ბაზრის ათვისება, შედეგად, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან.
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ არც პროდუქციის რეალიზაციაზე და არც ფასზე გავლენა არ მოახდინა. ლომთათიძის თქმით, იმის გამო, რომ მსოფლიოში გაიაფდა ყავის ფასი, კომპანიას ნედლეულის შემოტანა არ გაუძვირდა, შედეგად, არ გაუზრდია არც საბოლოო პროდუქტის ფასი.
კომპანია „ჩერი” წლის ბოლომდე ხსნადი ყავის სეგმენტში შესვლასაც აპირებს.
ლომთათიძე დაბალფასიანი სეგმენტით დაინტერესებას წლის დასაწყისში გაყიდვების მცირე რაოდენობით არ ხსნიდა. მაშინ ის აცხადებდა, რომ კომპანიის მიზანი იყო მაღალფასიანი სეგმენტის დაკავება,რომელიც წარმატებულად განახორციელა.
„ყველა საფასო კატეგორიას თავისი მომხმარებელი ჰყავს, ჩვენი საფასო სეგმენტი იყო მაღალ კატეგორიაში არსებობა, სადაც 100 გრამი ყავის ფასი 2.5 -3 ლარია. ეს არის ის, ფასი, რასაც რეალურად მომხმარებლის 20 პროცენტი იხდის. ჩვენ ვიცოდით, რასაც თავიდანვე ვაკეთებდით. 10-დან 9 მაღაზიაში ყველაზე მეტი „ჩერი” იყიდება”-აცხადებდა ლომთათიძე.
კომპანია „ჩერის” ქარხანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს, ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
საწარმოო სიმძლავრეების სრულად ათვისების შემთხვევაში ქარხანას 300 ტონა ყავის გადამუშავება შეუძლია, რაც ბაზრის 70%-ს შეადგენს. „ჩერი” ამ ეტაპზე 4 სახეობის ყავას აწარმოებს.
commersant.ge