„სილქნეტმა“ „08“–ისა და „09“–ის ანალოგიური სერვისი 7–ჯერ დაბალი ფასებით გამოიტანა

„სილქნეტმა“ ბაზარზე საინფორმაციო მომსახურების სერვისი გამოიტანა, რომელიც ანალოგიური სერვისის კომპანიებთან, 08–სა და 09–თან შედარებით მომხმარებელს 7–ჯერ ნაკლებ ფასად ემსახურება.

ახალი საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია  118 18. ცენტრი კომპანია „სილქნეტმა“ დააარსა და ის უკვე ორი თვეა ფუნქციონირებს. მისი ტარიფი 18 თეთრია და ამ ფასად შესაძლებელია ფიქსირებული ქსელიდან დარეკვის შემთხვევაში ერთი ინფორმაციის, ხოლო მობილური ქსელიდან დარეკვის შემთხვევაში ორი ინფორმაციის მიღება.

მოთხოვნილ ინფორმაციას დაინტერესებული პირი მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ელექტრონული ფოსტითაც მიიღებს. გარდა დაბალი ტარიფისა, ამ ეტაპზე ცენტრი ერთი ტარიფით ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

“118 18-ის აკრეფისას, ყოველგვარი დამატებითი კოდის გარეშე, ცენტრი ოპერატიულ მომსახურებას გაუწევს ყველა მსურველს 24 საათის განმავლობაში. სერვისის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ინფორმაციის მიღება: ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ; ტრანსპორტის განრიგი და მარშრუტები (აეროპორტი, რკინიგზა, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტობუსები და მიკროავტობუსები); თბილისის და საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კულტურული და სხვა ღონისძიებები; საფოსტო ინდექსები (საქართველოს და თბილისის მასშტაბით); ქუჩების მდებარეობა, ძველი და ახალი სახელწოდების მითითებით; მობილური ოპერატორის კოდები; ქვეყნის და ქალაქის კოდები; დარეკვის წესები და ტარიფები. მნიშვნელოვანია, რომ მობილური ქსელის და „ახალი ქსელების“ აბონენტები კი ერთი ტარიფის საფასურად ორ ინფორმაციას მიიღებენ“

– აცხადებენ სილქნეტში.

ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე ორი საინფორმაციო ცენტრი, 118 08 და 118 09 არის წარმოდგენილი. საინფორმაციო ცენტრი 09 ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა და ერთ ინფორმაციას ფიზიკურ პირებს 1,10 ლარად, იურიდიულ პირებს კი 1,30 ლარად აწვდის. რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრ 08-ს, ის 2008 წელს გაიხსნა. მისი ტარიფები კი შემდეგია: ფიქსირებული ტელეფონიდან დარეკვის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 1,18 ლარის, იურიდიულ პირებს კი 1,28 ლარის გადახდა მოუწევთ.

კომერსანტი