ჯანსაღი საფინანსო ზედამხედველობის და ლარის კურსის დასტაბილურების მოლოდინში

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ირაკლი კოვზანაძემ ჩაიბარა

სააგენტოს წევრები და მათი ბიოგრაფიები

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პერსონალური შემადგენლობა თითქმის სრულადაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრობის მთავრობის მიერ შეთავაზებული  ოთხივე კანდიდატი  (ერთ ვაკანტურ ადგილზე მთავრობას კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია) პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დამტკიცებულია ასევე სააგენტოს უფროსიც. ის “პროგრეს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი კონსტანტინე სულამანიძეა. შვიდკაციან საბჭოში ორ ადგილს (თანამდებობრივად) შეავსებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სებ–ის საბჭოს ერთ–ერთი წევრი.  საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა, წევრები: ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა და საშა ტერნესი.

ფაქტია, მთავრობამ პარლამენტს საბჭოს წევრებად დასამტკიცებლად ისეთი ოთხეული შესთავაზა, რომელთა კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე აუგის სათქმელად ყველაზე  ჩასაფრებულ კრიტიკოსებსაც კი არ მოტრიალებიათ ენა.

საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, ახალი პოზიციის დაკავებამდე,  ორწელიწადნახევრის განმავლობაში  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორად მუშაობდა. მის პროფესიულ აქტივშია საქართველოს საბანკო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 15–წლიანი გამოცდილება, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (“იბიარდი”) უფროსი ბანკირობა, ის ასევე არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგე. არის ფინანსებსა და საბანკო საქმესთან დაკავშირებით გამოცემული  მონოგრაფიების, ასევე სახელმძღვანელოების ავტორი.

ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტია, რომელიც ამ პოსტზე საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტს კურირებდა. ბოლო დრომდე გალდავა “ქართუ ბანკის” აუდიტის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ეფრემ ურუმაშვილი საკონსულტაციო კომპანია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” პარტნიორია, რომელსაც გააჩნია საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. არის ბანკების ასოციაციის ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი. მას კარგად იცნობენ საბანკო–საფინანსო წრეებში, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს.

საშა ტერნესი საქართველოში გერმანიის ბიზნეს–ასოციაციის მმართველი დირექტორია. მანამდე ის იყო “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, უფრო ადრე კი (2007–14 წლებში) “პროკრედიტ ბანკის” აღმასრულებელი ფინანსური დირექტორი.

სააგენტოს უფროსის, კონსტანტინე სულამანიძის კანდიდატურა ასევე მისაღები აღმოჩნდა საბანკო სექტორისთვის. სექტორში აცხადებენ, რომ სულამანიძეს კარგად იცნობენ და მის მიმართ ნდობა აქვთ.

ასე რომ, პოლიტ–ეკონომიკური ბატალიები ეროვნული ბანკიდან ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის გამოტანის შესახებ დასრულებულია. ჯერი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზეა, რომლის წინაშეც საკმაოდ რთული გამოწვევებია. ერთის მხრივ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სააგენტოსგან ამუშავების პირველივე დღეებში ლარის კურსის მყისიერ გამყარებას ელის, რაც უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, გადაჭარბებული მოლიდინია, თუმცა, სააგენტოს მხრიდან სწორი საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ამ სენსიტიურ მომენტზე მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება უდავოდ მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, სააგენტოს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მისი სახით საბანკო–საფინანსო სექტორმა მიიღო ობიქტური ზედამხედველი და რეგულატორი, რომლის მოქმედებებიც ნაკარნახევი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საფინანსო სექტორის სიჯანსაღის ამოცანიდან გამომდინარე.

რატომ დადგა ეროვნული ბანკების ზედამხედველობის დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბების საკითხი

საკითხის ინიციატორი, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მედიასთან საუბარში ღიად აცხადებდა,  რომ არსებული სისტემა იყო პოლიტიზირებული და საფრთხისშემცველი, ვინაიდან ერთ ხელში მოქცეული იყო მთელი ძალაუფლება და თანაც იმ ხელში, რომელსაც, დიდი ალბათობით, შეეძლო, ეს ძალაუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, რაშიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული.

“აქედან გამომდინარე, რომ აგვეცილებინა ეს საფრთხე, მოვძებნეთ იმ მოდელებს შორის, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებულ სამყაროში, ისეთი, რომელიც უფრო მიესადაგებოდა ჩვენს რეალობას”,

– აცხადებდა მეჭიაური. ანუ საუბარი იყო ფაქტორზე, რომელსაც სახელად გიორგი ქადაგიძე ჰქვია. მეჭიაურმა ეს რამდენჯერმე პირდაპირ, მიკიბვ–მოკიბვის გარეშე, ახსნა და დააფიქსირა.

საინტერესო იყო საკითხთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში, ბრუნო ბალვანერას პოზიცია. მან დასვა კითხვა –

“მსოფლიოში ბანკების ზედამხედველობას ან ეროვნული ბანკი ახორციელებს, ან ფინანსური და საზედამხედველო ორგანოები. საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი მიზეზები. თუ ცვლილების მიზეზი არ არის სწორად ჩამოყალიბებული, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ცვლილებები”. ბალვანერა ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის და ამ შემთხვევაშიც, ის მართებულად მსჯელობს. მის კითხვაზე პასუხი კი შემდეგი იყო, – ხელისუფლებამ მეჭიაურის მეშვეობით დაასახელა ცვლილებების ტექნიკური და სწორი მიზეზი,

– გიორგი ქადაგიძის ფაქტორი.

არავის საქართველოში, ვისაც ოდნავ გაეგება ქართული პოლიტ–ეკონომიკის ავან–ჩავანი, არ სჯერა და არ სწამს გიორგი ქადაგიძის დამოუკიდებლობის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წრეები მას მიიჩნევენ კარგ ფინანსისტად და კარგ ტექნოკრატად, მისი ბიოგრაფიის თვალის გადავლება ცხადყოფს, რომ მთელი მისი სამოხელეო კარიერა სულით–ხორცამდე მიბმულია ნაციონალური ხელისუფლების პირველი ჰორიზონტალის, განსაკუთრებით, გენ.პროკურორ ადეიშვილის სუბიექტურ კეთილგანწყობასა მისდამი უსიტყვო მორჩილებაზე. სადემონსტრაციოდ “სახალხო ბანკის” გასხვისების სკანდალურად უკანონო პროცესში მისი მონაწილეობაც საკმარისია, როცა ქადაგიძე სწორედ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი იყო…

“ბანკები და ფინანსების” მკითხველის ყურადღებას ამჯერად არ გადავღლით ქადაგიძის სამოხელეო ბიოგრაფიის სხვა დეტალებით, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ეს დეტალები კარგა ხანია ცნობილია.

ფაქტია,  ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სანამ ქადაგიძეს თანამდებობაზე ყოფნის კონსტიტუციური ვადა ამოეწურება (2016 წლის თებერვალი), მანამდე მოხდეს მისი პერსონის და არსებული გავლენების დასუსტება. დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილების კატალიზატორი გახდა ლარის დევალვაციისას ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის ბევრისთვის გაუგებარი, შეიძლება ითქვას, არაადეკვატური ქმედებები და განცხადებები.

დიდია ალბათობა იმისაც, რომ ქადაგიძისთვის ბანკებზე ზედამხედველობის ჩამოცილების შემდეგ  ცვლილებები, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, ფინანსური მონიტორინგის სამსახურშიც განხორციელდეს, რამდენადაც ამ მნიშვნელოვან უწყებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამდე სწორედ გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. “მემკვიდრედ” მან “სახალხო ბანკიდან” მოყოლებული პირადი მეგობარი მიხეილ როინიშვილი დატოვა, რომელიც თავის მხრივ სრულად აკმაყოფილებდა ნაციონალური ჰორიზონტალის მოთხოვნებს, რამდენადაც მისი ძმა, ვასილ როინიშვილი 2009  წლიდან  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო 2010–დან უზენაესის თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. მანამდე კი მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი შტრიხებია, – მთავარი პროკურორის მოადგილეობა (2008 – 2009), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორობა (2006 – 2008), გენერალური პროკურატურის საკადრო დეპარტამენტის უფროსობა (2004 – 2006). როგორც იტყვიან, ყველა გზა “რომში”, ანუ ყოფილ მთავარ პროკურორ ადეიშვილამდე მიდის…

რეალობა შეიცვალა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და კიდევ 12 სხვა კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ აქტიური ფუნქციობა კანონებში ცვლილებების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უნდა დაიწყოს. მანამდე, ასევე კანონით გაწერილ ვადებში, უნდა განხორცილდეს ეროვნული ბანკიდან სააგენტოზე შესაბამისი ფუნქციების გადაბარება და ეროვნული ბანკის მხრიდან სააგენტოსთვის შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური პირობების შექმნა.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]