ბანკებმა “პირადი ბანკირის” მომსახურებაზე ექსკლუზივი დაკარგეს

საქართველოში საშუალო და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს პირადი ბანკირის მომსახურების მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია „პირადი ბანკირი” დაფუძნდა, რომელიც დაგროვების მართვის სფეროში საქმიანობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქართულ სინამდვილეში დასავლური მენეჯმენტის გადმოტანა სურთ და კლიენტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ: დაგროვებული ქონების მართვას, მრჩეველის საკონსულტაცია- მომსახურებას,  კაპიტალის გადანაწილებას და ინვესტიციებთან დაკავშირებით  გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ  ბაზარზე მათ შემოსვლასთან დაკავშირებით გამოხმაურება საკმაოდ მაღალია, რადგან ქვეყანაში ინვესტიციები იზრდება და ადგილობრივ ბაზარზე მოსახლეობამ ისწავლა,  რომ რთულ მომენტებში გადაწყვეტილების მისაღებად მრჩეველია საჭირო. ბერძენაძე ამბობს, რომ მინიმალური ზღვარი თუ რა შემოსავლის და კაპიტალის მქონე ადამიანმა შეიძლება მათი მომსახურება მიიღოს, დადგენილი არ არის და ფასზე შეთანხმება მოლაპარაკების საფუძველზე ხდება. კომპანია კლიენტის მდგომარეობას შეისწავლის, გაიგებს რა მოლოდინი აქვს მას და როგორ სურს შემოსავლის მიღება, შემდეგ ხდება საინვესტიციო პაკეტების შეთავაზება. „პირადი ბანკირი” მომსახურებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც გაუწევს, ვისაც საქართველოში ფინანსების დაბანდება სურს. კომპანიის გუნდს სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის საემიროებში, ქუვეითში, ყატარში, საუდის არაბეთში, თურქეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და რუსეთში აქვს მიღებული გამოცდილება და ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

პირადი ბანკირის სერვისი საქართველოში მოქმედ ყველა წამყვან ბანკს აქვს. ამ სერვისში შედის: კომპლექსური საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა, დახმარება საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შერჩევაში, რეკომენდაციის გაწევა თავისუფალი სახსრების განთავსება-განაწილებაზე მაქსიმალური მოგების მისაღებად, ინფორმაციის მოწოდება პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, კონსულტაცია საგადასახადო და იურიდიულ საკითხებზე, დახმარება დანაზოგების ან ინვესტიციების მართვაში.

კომერსანტი

[wpolling id=”6″ width=”” height=””]