აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 75 მლნ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს დასახმარებლად 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით,  ADB-მ დაამტკიცა 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რათა დაეხმაროს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს დანაზოგებისა და შიდა რესურსების გაზრდას და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას შემოსავლების არათანაბარი განაწილების კუთხით არსებული პრობლემის გადასაჭრელად. “პროგრამა მხარს დაუჭერს მთავრობის სამოქმედო გეგმას, რათა მეტი თანხები გახდეს ხელმისაწვდომი სოციალური დაცვის პროგრამებისა და მცირე ბიზნესისათვის რეგიონში შექმნილი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელების ფონზე”, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის სახელმწიფო მართვის მთავარმა სპეციალისტმა ტარიკ ნიაზიმ.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, 2004-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური მაჩვენებელი 5.8%-ით გაიზარდა, მაგრამ რეგიონში და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებამ მთავრობა აიძულა, ნახევარზე მეტად, 2%-მდე შეემცირებინა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ADB-ის ცნობით, პროგრამა კიდევ უფრო გააძლიერებს მთავრობის ეკონომიკურ პოტენციალს ვალის მართვის კუთხით პროცესების გააქტიურების, გამჭვირვალობის გაზრდისა და საშუალოვადიანი ვალის მართვის სტრატეგიის დანერგვის გზით.  “ეს დაგვეხმარება შიდა ვალის ბაზრის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ობლიგაციებისა და კაპიტალის ბაზრების გაფართოებას”, – განაცხადა, საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის დირექტორმა ქეითი ჯულიანმა.

ADB-ის ცნობით, ეს ასევე გაააქტიურებს ფინანსური რისკების მართვის პროცესს სხვადასხვა სახის რისკებთან გამკლავებისა და პირობითი ვალდებულებების უკეთ მართვა-შეფასების სტრატეგიის განხორციელების გზით.  “მეტი შიდა დანაზოგების გამომუშავების მიზნით, პროგრამაში წარმოდგენილია დამატებითი პენსიების სისტემა ფიქსირებული შენატანების საფუძველზე. ამ გზით მოხდება არსებული საპენსიო სისტემის ოპტიმიზაცია – სისტემისა, რომელზეც ამჟამად სახელმწიფო ხარჯების თითქმის 20% მოდის, მაგრამ რომელიც ძნელად თუ უზრუნველყოფს ბევრი ასაკოვანი ადამიანის სათანადოდ არსებობას – ისე, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ცალკეული პირების, ასევე საზოგადოებისათვის, ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს ფინანსური მდგრადობა. და ბოლოს, პროგრამა ხელს შეუწყობს დაფინანსების ხელმისაწვდომობას მიკრო,

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, განსაკუთრებით კი იმ საწარმოებისა, რომელთა მართვასაც ქალები ახორციელებენ. გენდერული სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს ეკონომიკურ საქმიანობაში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების არსებობას და მომავალ მეწარმე ქალებს სთავაზობს ბიზნეს-ტრენინგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ADB, რომლის სათაო ოფისიც მანილაში მდებარეობს, ესწრაფვის აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2014 წელს ADB-ის დახმარებამ ჯამში 22,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან თანადაფინანსებაზე მოდიოდა 9,2 მილიარდი აშშ დოლარი. 2014 წლისთვის ADB-ის დახმარებამ საქართველოსადმი 1,6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, მათ შორის, დამტკიცებული სესხებისა და ტექნიკური დახმარების გრანტების სახით.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]