ჟან–ელი მალკინი: კარგი წამალი შესაძლოა იყოს იაფიც და ხელმისაწვდომიც

„გლობალური ალიანსის“ ხელშეწყობით  დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ფარმა–რეგულაციების საკითხს მიეძღვნა,  „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენმა ჟან–ელი მალკინმა განაცხადა, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა გაუმჯობესებას ითხოვს.

კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჯანდაცვის მინსტრმა დავით სერგეენკომ გახსნა, მონაწილეობა მიიღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე NCDC–ის, „გლობალური ალიანსის“, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფილური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

მალკინის განცხადებით, სახელმწიფო, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს, ხოლო „გლობალური ალიანსი“ ყოველმხრივ გვერდში უდგას მას ფარმაცევტული რეგულაციების გაუმჯობესების საკითხში და „ალიანსის“ შესაბამისი მიმართულების ექსპერტები აქტიურ კონსულტაციებს უწევენ სამინისტროს.

„უნდა აღინიშნოს, რომ  წამლის ხარისხი კრიტიკული კომპონენტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებამაც მთლიანად სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. მარტივია, – რომც გქონდეს ხარისხიანი წამალი, თუ მას სწორად არ დანიშნავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, ცხადია, შედეგის ნაცვლად მივიღებთ დამატებით გართულებებს. და ერთიც, ხარისხიანი წამალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი აუცილებლად უნდა იყოს ძვირი. თუ კონტროლის პროცედურები სათანადოდ იქნება დაცული, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი წამალი შესაძლოა იყოს ამავდროულად იაფი და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მალკინმა.

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსთან“ საქართველოს მთავრობამ აპრილში  მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიზანიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. კერძოდ, საკონსულტაციო ჯგუფი კონცენტრირებულია ქართველ კოლეგებს დახმარება გაუწიოს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სტანდარტებისა და ნორმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებს ჩამოყალიბება; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით; მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების და რეფორმის მიმართულებების შემუშავება.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]