ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ლარს ახალი დარტყმა მიაყენოს

გაიზრდება თუ არა სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნა

წინა კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა დაიწყო. ეს ინფორმაცია არაფიციალურად დაადასტურეს საბანკო წრეებში, თუმცა ისინი ღიად საუბარს ერიდებიან. საბანკო წრეებში ამ საკითხზე არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ასეთი მოთხოვნის ალბათობას დასაშვებად მიიჩნევენ, ვინაიდან ლარის კურსის გაუფასურებამ ბანკების კლიენტების გადახდისუნარიანობის რისკი გაზარდა.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ შეიძლება ეროვნულ ბანკს აღნიშნულის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მის სისრულეში მოყვანას ვეღარ მოასწრებდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ,,ეროვნული ბანკის შესახებ’’ კანონპროექტს. შესაბამისად ეროვნულ ბანკი აღარ არის უფლებამოსილი კომერციულ ბანკებს ზედამხედველობის კუთხით რაიმე მოსთხოვოს. ამჯერად, ამ საკითხზე ახლადფორმირებულმა ბანკების ზედამხედველობის სააგენტომ უნდა იზრუნოს.

,,ეროვნულ ბანკს აღარ აქვს ამ გადაწყვეტილების მისაღებად იურიდიული საფუძველი.  ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადი მოწოდება რეზერვების გაზრდის შესახებ  – ეს არის არასწორი საზედამხედველო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოძახილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ზედამხედველობის განხორციელება არაადეკვატური იყო’’

– ამბობს ლია ელიავა.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუას განმარტებით, არსებულ სიტუაციაში დარეზერვების მაჩვენებლის გაზრდამ ლარის კურსზე შეიძლება  კიდევ უფრო მძიმე შედეგი იქონიოს და მსესხებლის გადახდისუუნარობა გაზარდოს. მისის აზრით, ლარის გაუფასურება შესაძლებელია ორი მიმართულებით, ერთია ჭარბი ლარის მიწოდება, მეორე დოლარის შეზღუდვა, დოლარის დეფიციტის შექმნა.

,,თუ დარეზერვების ნორმა გაიზარდა და კომერციული ბანკები იძულებულნი გახდნენ უფრო მეტი დოლარი მოიზიდონ. ეს უარყოფითად იმოქმედებს ლარის კურსზე, ვინაიდან დოლარის შესაძენად ბანკებს მეტი ლარი დასჭირდებათ.  ეროვნული ბანკი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული  ორგანო, რომელიც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახსნის. რეალურად არც ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გვაქვს, არც განცხადება, არც კომენტარი არც არანაირი მოცემულობა – არის აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის აუცილებელი.  ჩვენ დოლარის დეფიციტს ვქმნით მაშინ, როდესაც ლარს უჭირს. ეს მოქმედება ბუნებრივია უარყოფითად მოქმედებს კურსზე’’

– აცხადებს დუნდუა.

განვიხილოთ თუ რას ნიშნავს სესხებზე დარეზერვების ნორმის გაზრდის მოთხოვნა. საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად კომერციულმა ბანკებმა პერიოდულად უნდა განახორციელონ თავიანთი სასესხო პორტფელების, ანუ იგივე აქტივების კლასიფიკაცია. კლასიფიკაციის ხუთი დონე არსებობს და იმისდა მიხედვით თუ როგორია სესხის ხარისხი კომერციული ბანკი ვალდებულია დაარეზერვოს სესხის მიუღებელი თანხა. მაგალითად, თუ კომერციული ბანკი თვლის, რომ მისი  მსესხებელი კარგი გადამხდელია, ამავდროულად მისი ფინანსური მდგომარეობა არის სტაბილური და მას მომავალში არაფერი ემუქრება ბანკები ვალდებულნი არიან ასეთ სესხზე შექმნან რეზერვი დარჩენილი სესხის თანხის 2%-ის ოდენობით. თუ მსესხებელმა დაარღვია ვადები, ვერ გადაიხადა მიმდინარე დავალიანება ასეთ შემთხვევაში კომერციული ბანკი დარჩენილი თანხის  10%-ს არეზერვებს, თუ  სესხი საერთოდ უიმედოდ ითვლება მაშინ დარეზერვდება დაუბრუნებელი სესხის 100%..

კომერციული ბანკი ვალდებულია თავისი შემოსავლებიდან რეზერვების თანხა გადადოს და არ გამოიყენოს, რათა როდესაც დადგება სესხის ჩამოწერის პერიოდი მის კაპიტალზე სესხის ჩამოწერის მოცულობას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს. თუმცა ელიავა ამბობს, რომ არ შეიძლება დარეზერვების გაზრდა საბანკო სისტემას ერთიანად მოსთხოვო.

,,მთელს მსოფლიოში საზედამხედველო მოთხოვნები სესხებზე რეზერვების შესაქმნელად მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამოცანის გადასაწყვეტად – სესხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ შეექმნას ფინანსური კრიზისი და ის არ გაკოტრდეს. ამიტომ არის სესხებზე სარეზერვო მოთხოვნები გათვალისწინებული. ის, რომ ბანკებმა რეზერვები სიღრმისეულად  უნდა გაზარდონ  არასწორია’’

– ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ  ჩვეულებრივ პრაქტიკაში ასე ხდება – საზედამხედველო ორგანო ვალდებულია პერიოდულად  შეამოწმოს კომერციული ბანკების მიერ სესხების დარეზერვების სისწორე და შემოწმების პროცესში მას  გარკვეული მოთხოვნა-რეკომენდაციები მისცეს.

,,სხვათაშორის ასე მიჰყავდათ გაკოტრებამდე ,,ქართუ ბანკი’’, როდესაც მას გაუფუჭეს სესხები და მერე ეროვნულმა ბანკმა აიძულა მთლიანი სესხების მოცულობა დაერეზერვებინა. ამან ,,ქართუ ბანკს’’ შეუმცირა კაპიტალი და პრაქტიკულად გაკოტრების წინაშე დააყენა. რომ არა დამატებითი სახსრები მისი მფლობელისგან ახლა ბანკი გაკოტრებული იქნებოდა. ახლა, რატომ გააჟღერა ხმამაღლა და მერე უკან წაიღო  ეროვნულმა ბანკმა ეს მოთხოვნა?’’

– კითხულობს ლია ელიავა და პასუხს თავად სცემს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში მთელი ბიზნეს სექტორი და მოსახლეობა კომერციული ბანკების ვალებშია გახვეული. ლარის გაუფასურების გამო  ბიზნესს ექმნება პრობლემები. მისი ფინანსური მდგრადობის ანუ გადახდისუნარიანობის რისკი იზრდება. მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს იმ რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას, როგორც ეს იყო ადრე და ბიზნესს უმცირდება ფინანსური შესაძლებლობები. შესაბამისად გაიზრდება ტოქსიკური სესხების მოცულობა. ასე რომ,  ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები აისახება კომერციული ბანკების შემოსავლებსა და მათ ფინანსურ მდგრადობაზე.  ამასთანავე, არსებობს მეორე რისკი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, დარეზერვების მოთხოვნების გაზრდამ შეიძლება ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს მოუწევს.

მაკა ვარადაშვილი

[wpolling id=”6″ width=”” height=””]