ცეზარ ჩოჩელი: ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ჩიფსის, ყავის, კერამიკული და სამშენებლო მასალების წარმოებას ვგეგმავთ

ინტერვიუ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან

– რამდენიმე დღის წინ პრემიერის ხელმძღვანელობით ლართან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. აღნიშნული შეხვედრის მეორე დღეს, ლარმა დასტაბილურება დაიწყო. როგორ ახსნით ამ ყველაფერს? რისი შედეგი შეიძლება იყოს ეს?

– ვერ გეტყვით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ერთ დღეში გარბოდეს ლარი 10 პუნქტით და ორ-სამ დღეში 10-12 პუნქტით მყარდებოდეს. ეს კანონზომიერებაში არ ჯდება, ვერაფერს ვიტყვი.

– აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა ისიც, რომ  შესაძლოა ლარი ძველ ნიშნულსაც კი დაუბრუნდეს. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ეს ყველაფერი? ელოდებით ძველი ნიშნულის დაბრუნებას?

– თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნება, ალბათ შესაძლებელი იქნება. უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოება, ტურისტულ პოტენციალს მეტი განვითარების საშუალება უნდა მიეცეს, ანალოგიური უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის სფეროშიც. ჩვენ ფაქტობრივად მომხმარებელი ქვეყანა ვართ და უნდა გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა და თუ ეს მომენტები იქნება გათვალისწინებული, ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ კი არა, სრულიად შესაძლებელია ბევრად უკეთესი კურსიც გვქონდეს.

– ზოგადად თუ ენდობით პოლიტიკოსების განცხადებებს ლარის კურსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით?

– სიმართლე რომ გითხრათ, ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო საშუალებებისგან საერთოდ ჩახსნილი ვარ იმიტომ, რომ უკვე ნერვები მეშლება, ჩემს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

– თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. მაინტერესებს რა გეგმები გქონდათ შარშან სექტემბერში და რა გეგმები გაქვთ დღეს? იქონია თუ არა თქვენს გეგმებზე ლარმა გავლენა?

– ჩვენ საერთო კონტექსტიდან ცოტა ამოვარდნილები ვართ. ის გეგმები, რომელიც გვქონდა, ისევ ისე გვაქვს იმის მიუხედავად, ლარი სტაბილური იქნება თუ არა. 23-24 წელია წარმოებას ვაშენებთ და მუდმივად, ხან ლარის რყევაა, ხან პოლიტიკური რყევებია და ამისთვის არასდროს მიგვიქცევია ყურადღება და ის, რაც ჩვენი საკეთებელი იყო – გვეშენებინა ახალი წარმოებები და ამას ვაკეთებდით, დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში ვართ. უბრალოდ, არის რამდენიმე კონკრეტული პრობლემა, რომელიც ჩვენს კომპანიასთან არის დაკავშირებული და როგორც კი ეს პრობლემები მოიხსნება, ჩვენ რამდენიმე ახალი წარმოების დაწყებას ვგეგმავთ.

– კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი?

– ყადაღას ვგულისხმობ. ყადაღა როცა მოგვეხსნება, ჩიფსის, ყავის, კერამიკული და სამშენებლო მასალების წარმოებას ვგეგმავთ. ახლა საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და ეს მომენტები გვაქვს უბრალოდ და ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს და ყადაღები მოგვეხსნას. ამის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ამ წარმოებების დაწყებას.

– ყადაღების კუთხით რამე წინსვლაც ხომ არ არის?

– ველოდებით, უკვე ხომ უნდა დასრულდეს, სამი წელი გავიდა და ყველაფერს აქვს როგორც დასაწყისი, ისე დასასრული და ჩვენც ვფიქრობთ, რომ უნდა დასრულდეს უკვე. ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ახალი წარმოებების დაწყების საშუალება მოგვეცემა.

– ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, დღეს რა ახალი ბიზნესი გექნებოდათ?

– ლარი გაუფასურდებოდა თუ არა, ქარხნის მშენებლობას დაახლოებით ცხრა თვე, ერთი წელი სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება უფასურდებოდეს ან მყარდებოდეს. რაღაც შუალედური რგოლი მშენებლობის პროცესში მოიძებნება და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დღეს, იმის გამო, რომ ლარი უფასურდება ან მყარდება, წარმოების მშენებლობის პროცესი გავაჩეროთ, არ იქნება სწორი არც ბიზნესისთვის და არც ზოგადად, საერთო სიტუაციისთვის.

– პირადად თქვენ თუ სარგებლობთ საბანკო მომსახურებით და თუ იქონია ლარმა გავლენა თქვენს შემოსავალზე?

– კი, რა თქმა უნდა, ყველანაირად იქონია გავლენა. კრედიტების ნაწილი დოლარში და ევროში გვაქვს, შემოსავალი ლარში და ძალიან დიდი სხვაობა მოგვცა. მეორე ნაწილი გვქონდა ლარებში და იქ ყოველთვიურად საპროცენტო განაკვეთი იწევს ავტომატურად. ასე რომ, საკრედიტო კუთხით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.

– ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებზეც რომ ვისაუბროთ, მაინტერესებს რა აზრის ხართ ყურძნის სუბსიდიასთან დაკავშირებით? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე?

– სოფლის მეურნეობაში გარკვეული მიმართულებები, სადაც სუბსიდირება ხდება, ალბათ ყველა ქვეყანაში აქვთ. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი პატარ-პატარა დახმარებების გაცემის მაგივრად, ზოგადად, სტრატეგია უნდა შეიქმნას ისეთი, რომ უკვე აღარ იდგეს იმის საჭიროება, რომ მუდმივად ხდებოდეს ყურძნის სუბსიდირება იქნება ეს მანდარინის თუ ვაშლის. უმჯობესია რომ ჩვენ ადამიანებს ვასწავლოთ თევზის ჭერა და თევზის დარიგებას თავი დავანებოთ.

– ეს ელექტროენერგიის სუბსიდირებასაც ეხება?

– ესეც ანალოგიურად. ელექტროენერგიის სუბსიდირება ერთია, როცა მოსახლეობას ერთი მხრიდან თითქოს ვეხმარებით, მაგრამ ზოგადად წარმოებებში დაახლოებით 30-40 % გაგვიძვირდა ელექტრომატარებლები.

– ამან შესაბამისად გავლენა პროდუქციის ფასზეც იქონია?

– რა თქმა უნდა, ენერგომატარებლების ღირებულება 30 %-ით რომ გაგეზრდება, შესაბამისად ეს პროდუქციაზეც აისახება. პროდუქტი მინიმალური ოდენობით გაძვირდა, მაგალითად, ლუდი გაძვირიდა ცოტათი, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ აქციზი გაძვირდა საგრძნობლად და ძირითად ნაწილში ამან გამოიწვია ფასის აწევა. გამაგრილებელ სასმელებზე ჯერ-ჯერობით თითქმის ძველი ფასებია შენარჩუნებული, რაც კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ძალიან გაუარესებას იწვევს. რაც ასევე ხელს უშლის წარმოებებში ახალ-ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ზოგადად, ცუდი ფინანსური სიტუაცია ექმნებათ კომპანიებს.

– კონკრეტულად რა ახალ ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრობთ?

– „ზედაზენთან“ მიმართებით თუ ვისაუბრებთ, ვაპირებთ, ფაქტობრივად დაწყებული გვაქვს მაგრამ ცოტა შეგვიჩერდა პროექტი ამ ფინანსურ სიტუაციასთან დაკავშირებით – ნატურალური წვენების წარმოების მიმართულების განვითარება გვინდა. გეგმაში გვაქვს, რომ საქმიანობა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ. ტექნიკურ აღჭურვილობაზე ნაწილობრივ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები, ნაწილზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ისევ და ისევ არსებულ პრობლემებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წვენები მთლიანად ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადდება..

– საწარმო სად განთავსდება?

– საწარმო საგურამოში, „ზედაზენის“ ქარხნის ტერიტორიაზეა.

– რა ინვესტიციის განხორციელებას გეგმავთ ამისათვის?

– ნატურალური წვენების მიმართულების განსავითარებლად, კომპანია პირველ ეტაპზე 7 მილიონ 500 ათას ევროს დახარჯავს.

– რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებას, ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

– ალკოჰოლიანი სასმელების მარკირება ჩვენთან უკვე დიდი ხანია დაწყებულია. აქ ყველაფერი ისევ დამატებით გადასახადებთანაა დაკავშირებული. თუ სახელმწიფოს აქვს იმის სურვილი, რომ აიღოს საკუთარ თავზე ამხელა გადასახადები, ეს სხვა თემაა, თუ არადა მე ვერ გეტყვით ვერც დადებით და ვერც უარყოფით მხარეებს. უარყოფითი მხარე ხშირ შემთხვევაში ისაა, რომ აპარატურას  აქვს ხარვეზები. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ალბათ გარკვეული უნდობლობა არსებობს მეწარმეების მიმართ.

მარკირება სხვა არაფერია თუ არა დათვლა, პროდუქციის აღრიცხვიანობა. მაგრამ ჩვენ, გარდა იმისა, რომ მარკირება უკვე დიდი ხანია მიდის აქციზურ პროდუქციაზე, ლუდთან დაკავშირებით, ხუთი აპარატია ჩართული და თითოეული ბოთლი ითვლება. ეს მონაცემები ცენტრალურ სისტემაშია ჩართული.

– რა არის მთავარი მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან ხელისუფლების მიმართ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ბიზნესის ხელშესაწყობად?

– მაქსიმალური ხელშეწყობა და სტაბილური ეკონომიკური გარემო.

– როგორია თქვენი მოლოდინები – რა ვითარება იქნება წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკაში და ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით?

– კაცი იმედით ცოცხლობს და შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს რთული პერიოდი უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს ცოტათი უკეთესი პერიოდი, როცა მოსახლეობაც, ბიზნესიც, წარმოებაც იგრძნობს უფრო მეტ თავდაჯერებულობას.

კომერსანტი