პრემიერი დასაქმებული ქალების უფლებების გაზრდას აანონსებს

საქართველოს მთავრობა გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიას მოამზადებს, გენდერულ საკითხებზე მუშაობისთვის კი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას, აღნიშნულ საკითხებზე მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა კი გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიაში აისახება.

“ჩვენ გავაფართოებთ გენდერის ინსტიტუციურ მექანიზმებს, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. ჩვენ მომავალშიც განვაახლებთ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და განვახორციელებთ მის რეფორმირებას. დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს შრომის კოდექსში, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვა. ჩვენ განვიხილავთ კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა გენდერული უთანასწორობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები დავუახლოვოთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ახალახან მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელებთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და ცხოვრებაში გავატარებთ მას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად იმუშაოს ადრეული ქორწინების საკითხზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის აპარატში სპეციალური სექტორთაშორისი ჯგუფი შეიქმნება. “ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია, ჩვენ ვიღწვით ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა ეტაპზეა შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ეტაპზე მუშაობის პროცესი, რომლის მიზნად ქალთა უფლებების გაუმჯობესება სახელდებოდა? ამ თემით „კომერსანტი“ რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა.

„გაერთიანებული პროფკავშირების” იურისტის რაისა ლიპარტელიანის თქმით, ცვლილებების პროექტზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა, თუმცა, ამ კუთხით აქტივობები აღარ შეინიშნება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განგვიცხადეს, ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებულია და ის ჯანდაცვის სამინისტროშია გადაგზავნილი. „კომერსანტი“ ცდილობს, გაარკვიოს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ცვლილებები.

გასული წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად  ანაზღაურების გაზრდასაც ითვალისწინებს.

წყარო: commersant.ge