სემეკი, შესაძლოა, ისევ დახურილ კლუბად დარჩეს

ახალი წევრების შერჩევის უცნაურობანი

სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) გარშემო ვნებები იძაბება. მთავრობამ პარლამენტს სემეკის წევრად დასამტკიცებლად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთის, გიორგი ფანგანის კანდიდატურა წარუდგინა.

სემეკის წევრებთან მიმართებით, სადღეისოდ, ვითარება ასეთია, – ვადაშია სემეკის სამი წევრი, კერძოდ ირინა მილორავა (თავმჯდომარე), გოჩა შონია და სერგო მესხი. ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება. დარჩენილი 2 ადგილი დიდი ხანია ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც სემეკის ყოფილ თავმჯდომარეს (მანამდე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს) გურამ ჩალაგაშვილს და ყოფილ წევრს (მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის (ნაციონალური მოძრაობა) ლიდერი) მაია ნადირაძეს ვადა ამოეწურათ. შესაბამისად, თუ პარლამენტი მესხის უფლებამოსილების ამოწურვამდე ახალ წევრ(ებ)ს არ დაამტკიცებს, უფლებამოსილი წევრი დარჩება ხუთიდან მხოლოდ 2, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სემეკი გადაწყვეტილებაუუნარო გახდება.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რამდენიმე თვის წინ,  ბოლო პერიოდის აპრობირებული ტრადიცია განაგრძო და სემეკის წევრობის კანდიდატურების შესარჩევად დარგის და ეკონომიკის ექსპერტებს უხმო. უნდა ითქვას, რომ ექსპერტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ პრაქტიკას უკვე ალმაცერად უყურებენ, რამდენადაც არცთუ დიდი ხნის წინ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მათ მიერ ნარჩევი სამი კანდიდატიდან მარგველიშვლმა ერთიც არ მოიწონა და პარლამენტს დასამტკიცებლად სრულიად სხვა კანდიდატურა წარუდგინა. პარლამენტმაც დაუდასტურა არჩევანი… ფაქტია, – პროცედურა დემოკრატიულია, თუმცა აშკარად ქართული ნიუანსებით გაჯერებული…

ასეა თუ ისე, მთავრობამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა დაბლოკა და მხოლოდ ერთის, ფანგანის კანდიდატურას აუნთო მწვანე შუქი პარლამენტში დასამტკიცებლად. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის აბაშიშვილის განცხადებით, მთავრობას შესათანხმებლად კვლავ გაეგზავნება იგივე დაწუნებული ორი კანდიდატურა. სადამდე გაგრძელდება ეს საკადრო პინგ–პონგი, არავინ იცის…

ერთიცაა, – პრეზიდენტის მიერ შერჩეული 3 კანდიდატიდან ძნელია თქვა, რომ რომელიმეს  გააჩნია სემეკის ფუნქციის განხორციელებისათვის საკმარისი გამოცდილება.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეკონომისტის კვალიფიკაციის (სპეციალობა ფინანსები და კრედიტები) კანდიდატის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ: ,,პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა სს ,,რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში,’’ ,,ვაგონშემკეთებელთა ჰოლდინგში’’ შპს ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში” და ,,თიბისი’’ ბანკში, რაც სემეკის წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო საკმარის სამუშაო გამოცდილებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება დანარჩენ 2 კანდიდატს, გარდა იმისა რომ არც მათ აქვთ სემეკის წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი გამოცდილება, ისინი საერთოდ არ არიან ეკონომისტები, რაც სემეკის წევრის ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი თუ არა, სასურველი პირობაა, ისინი იურისტები არიან, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

თან, სემეკს გააჩნია იურისტებისაგან შემდგარი სამი დეპარტამენტი: იურიდიული, საჩივრების განმხილველი და მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის (რომლის უფროსიც წევრობაზე წარდგენილი ფანგანია). სემეკის თავჯდომარე, რომელიც ასევე კომისიის წევრია და სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით, ასევე იურისტია და რა გამოდის, სემეკის 5 წევრიდან, ფანგანის დამტკიცების შემთხვევაში,  ქვორუმის შემქმნელი სამი წევრი იურისტი იქნება, და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ტარიფების დამტკიცების შესახებ?!

ეს ხომ არ არის საადვოკატო ან იურისტთა ასოციაცია, ეს ეკონომიკის ურთულესი დარგების მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც არეგულირებს კონკურენციასა და ტარიფებს, რაგინდარა განსწავლული იურისტის კომპეტენცია ამას ეყოფა კი?!.

სემეკი ტარიფის დასაბუთებისათვის ითხოვს საბუღალტრო ბალანსს, მოგება–ზარალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას, რომელთა შესწავლასაც იურისტი ვერასოდეს შეძლებს და შესაბამისად ვერ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას მოთხოვნილი ტარიფების დასაბუთებასა და დადგენასთან დაკავშირებით.

ამბობენ, რომ გარკვეული სამთავრობო წრეები სემეკის წევრად ენერგეტიკის მინისტრის დღევანდელ (და წინა პერიოდისასაც) მოადგილეს მარიამ ვალიშვილს მოიაზრებენ,  რომელსაც ენერგეტიკოსები სააკაშვილის ენერგეტიკის მინისტრ  ხეთაგურის კადრად მიიჩნევენ. ხეთაგური დღესაც ენერგეტიკაშია სერიოზულ პოზიციაზე და არაა რეალობიდან შორს ის აზრი, რომ სემეკის დღევანდელი თავმჯდომარე, – მილორავა (იურისტი, ენერგეტიკაში მაღალ თანამდებობებზე 2002 წლიდან) ასევე მისი კადრია. რაც შეეხება, სერგო მესხს, რომელსაც ვადა დღე–დღეზე ეწურება, ის საერთოდაც უშიშროების და პროკურატურის სისტემიდანაა და “ნაციონალურ ეპოქაში” იყო უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური პროკურატურის სამსახურის უფროსი, სააკაშვილის “რეფორმებისა და განვითარების ფონდის” სამეურვეო საბჭოს წევრი, შემდგომ თავმჯდომარე, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსი, ენერგეტიკის მინისტრის (ა. ხეთაგური) პირველი მოადგილე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიადგილე…

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შერჩეული ერთ კანდიდატს (ასევე იურისტის კვალიფიკაციით), რომელიც  შეითანხმა მთავრობამ, ის დღემდე არის სემეკში მეთოდოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. ანალიტიკოსთან სოლიდური ნაწილის აზრით, ის თვითონ იყო ხელმძღვანელი და შემოქმედი იმ დანაშაულებრივი ნორმატიული დოკუმენტებისა, რომლებიც მიზანმიმართულად იწვევდა ტარიფების უსამართლოდ ზრდას და მომხმარებლების ძარცვას,

საქართველოს კანონის ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ მე-6 მუხლი კი იმპერატიულად ადგენს, რომ სემეკის წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს “სემეკის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება”. სემეკის ძირითადი ფუნქციები კი კონკურენციისა და ტარიფების რეგულირებაა…

და მაინც, რა მოხდება, თუკი პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს ფანგანს? – მასშტაბური არც არაფერი. თუ ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშნულ სემეკის დღის წესრიგს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ განსახილველი 50 საკითხის აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეებისა და “თელასის” დავებს შეეხება. დიდი ალბათობით ასეთივე ხასიათის იქნება შემდგომი სხდომების დღის წესრიგებიც.

მასშტაბური და მნიშვნელოვანი თემების გადაწყვეტა სემეკმა უკვე ზურგს უკან მოიტოვა. კერძოდ, სასწრაფო წესით, მანამ სანამ ქვორუმი ჰქონდა, ენერგო–პროს და თელასს დაუდასტურა მოთხოვნა და ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატზე საშუალოდ 4 თეთრით გაზარდა. ძნელია გაიხსენო შემთხვევა, როცა სემეკს ასეთი ელვის სისწრაფით, საჯარო განხილვის გარეშე განეხილოს და გადაეწყვიტოს საკითხი, რომელიც ქვეყნის პრაქტიკულად მთელ მოსახლეობას ეხებოდა.

ენერგო–პროს შემთხვევა, საერთოდაც ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისით, რომ ტარიფის გაზრდამდე რამდენიმე დღით ადრე ენერგო–პრომ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ სემეკი ტარიფს არ გაუზრდიდა, ის ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებდა, წაგებაზე მუშაობას აღარ გააგრძელებდა და ბაზრიდან გავიდოდა. რა უნდა დაერქვას ამას, – რეალობის გაჟღერება, გაფრთხილება თუ შანტაჟი, კაცმა არ იცის…

არც იმაზეა პასუხი, რატომ დღემდე არავინ, მათ შორის, სემეკი არ სთხოვს პასუხს ენერგო–პროს და თელასს შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო?! ენერგო–პროს საერთოდაც, ყოფილმა პერმიერმა ნოღაიდელმა სასათბურე პირობები შეუქმნა ჯერ კიდევ ბაზარზე შემოსვლისას, როცა ლამის მთელი ენერგეტიკის გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გენერაციის ტარიფი ორჯერ, – 1,7–დან 3,5 თეთრამდე  გაუზარდა, შემდეგ საპრივატიზაციო თანხა შეუმცირა და ნაცვლად 340 მილიონისა 130 მილიონი გადაახდევინა და ბოლოს საინვესტიციო ვალდებულებებიც გადაუვადა. ნუ, ნოღაიდელისთვის რომ “რატომღაც” დღემდე არავის მოუთხოვია პასუხი, ეს კიდევ სხვა მსჯელობის საგანი და სხვა პუბლიკაციის თემაა…

ასე რომ თუ “შინაურებიდან” შერჩეულ ფანგანის კანდიდატურას პარლამენტი გაატარებს, ყველაფერი იგივე წრეზე დარჩება

სემეკი, “ნაციონალური პერიოდიდან” მოყოლებული, ჩამოყალიბდა როგორც დამსახურებული “ჩვენიანების” მაღალ ხელფასზე დასაქმების ადგილი და ჩაკეტილი წრე, სადაც გადაწყვეტილებები კი არ მიიღებოდა, არამედ, უბრალოდ ფორმდებოდა. “ნაციონალურ პერიოდში” სემეკის წევრობაზე პრეტენზიას “არაჩვენიანი”, რაც უნდა პროფესიონალი, შესაფერისი და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი ყოფილიყო, ფიქრადაც ვერ გაივლებდა.

დღეს ვითარება აშკარად შეცვლილია. ყოველ შემთხვევაში, საკითხის ფორმალური მხარე ამაზე მეტყველებს. დარჩება თუ არა სემეკი კვლავ ჩაკეტილ წრედ და ახლა უკვე მოქმედი მთავრობისადმი ობსტრუქციულად განწყობილ კიდევ ერთ ინსტიტუციად, ამას დრო და თავად მთავრობის პოზიცია აჩვენებს, თუ რამდენად პრინციპულად მიუდგება იგი სემეკის წევრობის კანდიდატების პერსონალურ, ანუ საკადრო საკითხს. კადრები, თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს მართლაც წყვეტენ…