განბაჟების გადასახადი, შესაძლოა, ახალი ავტომობილებისთვისაც შემცირდეს

პარლამენტში ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის შეზღუდვის ან აკრძალვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ ამ თემას ბოლო პერიოდში რატომღაც, საცობების მოწესრიგების საშუალებად მოიაზრებენ, რაც არასწორია.

მისი განმარტებით, ეს არასწორი მიდგომაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით თბილისი განიტვირთება, ცდება. „თუ ეს რეგულაცია დაწესდება, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მაშინვე მარცხენა საჭიანები გახდებიან,“– აცხადებს მაისურაძე.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, უფრო სწორია, თუ ვიმსჯელებთ და განვსაზღვრავთ იმას, სამომავლოდ, რომელი წლიდან აღარ შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, რათა მოძრობის უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული.

მაისურაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ამ მხრივ მუშაობა არ მიმდინარეობს.

დეპუტატი ამის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანების იმპორტის სტიმულირებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივასაც აფასებს და აცხადებს, რომ კომიტეტმა კანონპროექტის ავტორებს ინიციატივა გადასამუშავებლად დაუბრუნა და რამდენიმე საკითხის გათვალისწინება სთხოვა.

მაისურაძის თქმით, ინიციატივის ფარგლებში ყველა იმ ავტომანქანაზე, რომელიც ჰიბრიდული ძრავებით შემოვიდოდა, განბაჟების კოეფიციენტი 0 უნდა ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორები ამ გადასახადს არ გადაიხდიდნენ.

დეპუტატი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტში დაწესებული შეღავათები ახალ ავტომანქანებზეც გავრცელდება. „თუ ჰიბრიდული ძრავების მქონე ავტომანქანებს დაბეგვრაზე 100 პროცენტიანი შეღავათი ექნებათ, რატომ არ უნდ იყოს თუნდაც 50 პროცენტიანი შეღავათი ახალ მანქანაზე? ან მაგალითად, უნდა განვსაზღვროთ ძველი ავტომანქანა რომელი წლიდან ჩაითვალოს ძველად. ამას ყველაფერს გადამუშავდება და ახალი ვარიანტის წარმოდგენა სჭირდება-აცხადებს მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ პირველ ეტაპზე, საქართველოში ალბათ ჰიბრიდული ძრავის ავტომანქანები შემოსული ავტომობილების მხოლოდ 10-15 პროცენტი იქნება. „ესენი ძვირადღირებული ავტომანქანებია და ყველას ხელი არ მიუწვდება. ამიტომ იმპორტიორებმა არა მგონია ამაზე მეტი ავტომანქანა შემოიყვანონ”-აცხადებს მაისურაძე.

ამჟამინდელი პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შემოთავაზებულია 194-ე და 199-ე მუხლებში ცვლილება, რის საფუძველზეც ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანები გათავისუფლდება აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან.

ცვლილების ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები” არიან.

რა გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე? „თავისუფალი დემოკრატების” წევრის დავით ონოფრიშვილის თქმით, ვინაიდან კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია მომავალი წლიდან, იგი გავლენას არ მოახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მაგრამ კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მომავალი საბიუჯეტო და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლების კუთხით.

„ჩვენ ვთვლით, რომ გადასახადისგან განთავისუფლება უფრო მეტ სტიმულს მისცემს მოქალაქეებს, რომ ასეთი ტიპის მანქანები იყოს შემოყვანილი და ეს ინიციატივა, ვფიქრობ, კარგია მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია გარემოსთვის.”-განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ახალი და ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე საგადასახადო შეღავათების შემოღება ქვეყანაში ავტოპარკის განახლების ერთერთ მექანიზმად განიხილება.

commersant.ge