“უთავმოყვარეო” ეკონომისტის ბლოგი

თავმოყვარე გიორგი ქადაგიძე 9 თვეა აცხადებს, რომ ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორები ამოწურულია

ნოდარ ჭიჭინაძე

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა”

“ამაზე უამრავჯერ იყო საუბარი. ამაზე თანხმდება ყველა თავმოყვარე ეკონომისტი, ამაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ”, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ეკუთვნის. სებ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებით რეფინანსირების სესხების ლარის კურსზე შესაძლო გავლენას გამოეხმაურა.

ქადაგიძის შეფასებით, თურმე რეფინანსირების სესხებს ვალუტის კურსზე გავლენა არ აქვს. თუმცა, უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მოსაზრებაში ქადაგიძემ ლამის მთელი მთავრობა “აიყოლია”.

რეფინანსირების სესხები არ არის ერთი ცალკე აღებული, ან ციდან მოფრენილი ინსტრუმენტი, ის არის ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტებს შორის, რომელთა ერთობლიობაც ქმნის მონეტარულ პოლიტიკას.

ლოგიკურად გამოდის, რომ, სებ-ის პრეზიდენტის და არამარტო მისი შეფასებით, მონეტარულ პოლიტიკას ვალუტის კურსზე გავლენა არ აქვს. აი, აქ კი უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ თავმოყვარეობის და პროფესიონალიზმის საკითხზე.

გიორგი ქადაგიძე რომ ეკონომისტი არაა, ეს არახალია, მაგრამ თავად არის კი ეროვნული ბანკის თავმოყვარე პრეზიდენტი? ეს ამ ბლოგის მკითხველმა თავად შეაფასოს. შეფასებისთვის, გიორგი ქადაგიძის მხოლოდ რამდენიმე ციტატას მოვიყვან, ჩემი მხრიდან პოზიციის დაფიქსირების გარეშე.

მაშ ასე, ციტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სხვადასხვა გამოსვლებიდან და ლარის გაცვლით კურსი დოლარის მიმართ ამ გამოსვლების დროს.

2014 წლის 5 დეკემბერი – ლარის კურსი 1,89:

“ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროსჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის”.

2015 წლის 27 თებერვალი – ლარის კურსი 2,25:

“კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 პროცენტით სამწუხაროდ,  30 პროცენტიანმა გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო ასახვა იმპორტზე.

ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტის შემცირების შესაბამისად, შემცირდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რაც შეარბილებს ნეგატიურ გავლენას კურსზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია”.

2015 წლის 14 მაისი – ლარის კურსი 2,36:

“გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები ძირითადად ამოწურულია და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში. რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც აქვს ადგილი, ამ მოვლენაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის მოლოდინები და სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის, მე ვიტყოდი გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით.

2015 წლის 12 აგვისტო – ლარის კურსი 2,30:

“ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  გავლენას ახდენს კურსზე, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც დღეს  საზოგადოებაშია.

2015 წლის 21 სექტემბერი – ლარის კურსი 2,45:

“ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული კურსი დღეს არის პიკში და ვთვლით, რომ ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია”.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]