რატომ დატოვა “თელიასონერამ” “ჯეოსელი”

 

საგადასახადო სამსახურებთან პრობლემების მქონე “ჯეოსელს” თურქული “თურქსელი” იბარებს

“ჯეოსელის” ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ ცხრება. მისი მფლობელის საქართველოდან წასვლამ უამრავი ვარაუდი წარმოშვა. გარდა ამისა, კომპანია ახლო მომავალში ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს და ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას.

როგორც გასულ კვირას ვწერდით, “ჯეოსელის” დატოვების გადაწყვეტილება სკანდინავიურმა “თელიასონერამ” მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე ქვეყანაში, მისი შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები კორუფციულ გარიგებებში იქნენ მხილებულნი, ოფიციალურად ფაქტი უზბეკეთში მომხდარ სკანდალს დაუკავშირეს, სადაც გაირკვა, რომ “თელიასონერას” უმაღლესი მენეჯმენტის წევრები გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ უზბეკეთის პრეზიდენტის ოჯახის წევრებს ქრთამს უხდიდნენ.

საქართველოდან “თელიასონერას” გასვლა, შედარებით ნაკლები ხმაურით მიმდინარეობს, თუმცა, ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა და რჩება მის ქართულ შვილობილ “ჯეოსელს”, – კომპანიას საგადასახადო სამსახური რამდენიმე მილიონ ლარს ედავება.

“ჯეოსელს” და ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში მოუწევთ შეხვედრა. გაჭიანურებული ფინანსური შემოწმება კომპანიის დაჯარიმებით დასრულდა. კომპანიამ დაკისრებული 2 744 000 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადაიხადა. გამოძიება კომპანიას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ კომპანიას ანგარიშზე ზედმეტობა ჰქონდა, შესაბამისად, როგორც კი შედგა აქტი, მაშინვე მთლიანი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა.

“ჯეოსელში” აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დავების საბჭოში გასაჩივრდა, თუმცა საბოლოოდ ამ თანხას ბიუჯეტიდან დაუბრუნებენ თუ არა კომპანიას ჯერ უცნობია.

“არ გადაგვიხდია, იყო დარიცხვა, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, სადაც ნულთან დავიდა, უმნიშვნელო ციფრი დარჩა, 200 ათას ლარზე ნაკლები. ეს სამი წლის შემოწმებაა, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი ბრუნვაა, ამიტომ 200 ათასი პრაქტიკულად ნულთან თანაბრდება. იმასაც კი არ დავეთანხმეთ და მგონი, სასამართლოში დავა იქნება”, – განაცხადა კომპანია “ჯეოსელის” კომერციულმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა.

საგამოძიებო სამსახური “ჯეოსელს” დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა. ფინანსურის შემოწმება 2014 წლის თებერვალში დაიწყო.

“ჯეოსელიდან” გასვლის მიზეზების განმარტებისას “თელიასონერას” ხელმძღვანელობის მხრიდან კომპანიის მენეჯმენტის საქმიანობის ხარვეზებზე აქცენტი არ კეთდება, თუმცა, თავისთავად ცხადი ხდება, რომ ამით უფრო კომპანიის საინვესტიციო ღირებულების შენარჩუნება ხდება, ვინაიდან, პრობლემური კომპანიის აქტივები შედარებით ნაკლებად გაიყიდება.

ამასობაში, როგორც ირკვევა, “ჯეოსელის” შეძენა თურქული ტელეკომუნიკაციების კომპანია “თურქსელმა” გამოთქვა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები ინვესტორებთან არ გადადგმულა.

“ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს რომელიმე ინვესტორთან, არის რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ ადრეული ეტაპია იმისთვის, რომ ვთქვათ როგორ დასრულდება პროცესი. “თელიასონერას” სურს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, სწორედ ამიტომაც გამოაცხადა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადის ევრაზიის რეგიონიდან. ამ ეტაპზე პოტენციურად დაინტერესებულმა ინვესტორმა “თურქსელმა” გამოხატა ამ 4 ქვეყანაში კომპანიების შესწავლის სურვილი შემდგომი შესყიდვის მიზნით. თუმცა, პროცესი ღიაა ყველასთვის. მინდა გითხრათ, რომ “ჯეოსელი” გეგმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას და ორიენტირებულია სტრატეგიულ ზრდაზე”

– განაცხადა პაველ სმალინსკიმ, “ჯეოსელის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება “თელიასონერას” გადაწყვეტილებას, “ჯეოსელიდან” გასვლის შესახებ, შვედურ-ფინური კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ცვლილებები აბონენტებს არ შეეხება. როგორც სმალინსკიმ აღნიშნა კომპანიის ქმედებები ევრაზიის რეგიონის დატოვების პროცესში მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

“იმისთვის, რომ ჩვენი ქმედებები იყოს გამჭვირვალე, წინასწარ ვაცხადებთ იმას, რომ კომპანია ევრაზიის რეგიონში ოპერირების შემცირებას, ხოლო დროთა განმავლობაში რეგიონის მთლიანად დატოვებას გეგმავს, თუმცა ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ჩვენი კომპანია სულ 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი. აქედან 3 ქვეყანაში საქმიანობას უშუალოდ “თელიასონერა” აკონტროლებს, 4 ქვეყანაში კი, მათ შორის, საქართველოში – კომპანია “ფინტური”.

სწორედ ამ ოთხ ქვეყანაშია პოტენციური ინვესტორის, “თურქსელის” დაინტერესება. ისინი მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან. “ჯეოსელი” მიმზიდველია ნებისმიერი ინვესტორისთვის”, – განაცხადა “ჯეოსელის” გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება მომსახურებას, “ჯეოსელის” წარმომადგენლების განცხადებით აბონენტებს ცვლილებები არ შეეხებათ და “ჯეოსელის” ყველა გეგმა – მაღაზიების ქსელის გაფართოვება, დაფარვის ზონის გაზრდა, მე-4 თაობის ქსელის გაძლიერება – განხორციელდება.

ერთი შეხედვით, პროცესი თითქოს ნორმალურ ვიტარებაში მიმდინარეობს, თუმცა, “თელიასონერას” გასვლა “ჯეოსელის” იმიჯზე მაინც იმოქმედებს, საქმე ისაა, რომ სანამ “თელიასონერას” დაქვემდებარებაში გადავიდოდა, “ჯეოსელს” მაშინაც სწორედ  “თურქსელის” თურქული მენეჯმენტი მართავდა, მოგვიანებით, თურქული კომპანია მთლიანად გადავიდა “თელიასონერას” დაქვემდებარებაში და “ჯეოსელიც” ამ გარიგების ნაწილი გახდა. მას შემდეგ, რაც “თელიასონერამ” პრობლემური აქტივების დატოვება გადაწყვიტა დიდი ალბათობით, ქართული კომპანია ისევ, თურქული მენეჯმენტის ხელში გადავა, სხვა მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

მიხეილ ვადაჭკორია