1 ოქტომბრიდან პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის ახალი ინსტრუქცია ამოქმედდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტესტირებაზე პირის გადაყვანის ახალი ინსტრუქცია დაამტკიცა. როგორც უწყების ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებაშია აღნიშნული, ინსტრუქცია განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო დაწესებულება) გამოსაკვლევად წარდგენის პირობებსა და პროცედურებს. შსს-ს მინისტრის შესაბამისი ბრძანება (№725) 2015 წლის 30 სექტემბრით თარიღდება და 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, მკაცრდება პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლები. კერძოდ სამართალდამცავებს საექსპერტო დაწესებულებაში პირის გადაყვანა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ შეესწრნენ, მის მიერ მართლსაწინააღდეგო ქმედებას. თუკი პირი ცდილობს მიმალვას, ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას. ან თუ არსებობს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ან პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინება, რომ პირი ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არის.

ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების  ფაქტის დადგენის მიზნით პირისგამოსაკვლევად  წარდგენის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო დაწესებულება) გამოსაკვლევად წარდგენის პირობებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. უფლებამოსილი პირები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მიზნებისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის უფლება აქვთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს  (შემდგომში – მოსამსახურე).

მუხლი 3. გამოსაკვლევად  წარდგენის საფუძვლები

1. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს;

ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებისათვის მოსამსახურის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას.

მუხლი 4. გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა

1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე სთავაზობს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე.

2. მოსამსახურე ვალდებულია განუმარტოს პირს, რომ გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე.

3. თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად.

4. მოსამსახურე ვალდებულია, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების/გარემოებების შესახებ.

5. დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად.

   მუხლი 5. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენა

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით.

მუხლი 6. გასაჩივრების წესი

1. პირი უფლებამოსილია, მოსამსახურის მოქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პირი უფლებამოსილია, გამოკვლევის შედეგები გაასაჩივროს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

წყარო