საქართველოში კრედიტი დეპოზიტზე სამჯერ ძვირია

ლარის კურსის გაუფასურების გამო, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების გამო, რეფინანსირების სესხებზე მიბმული საპროცენტო განაკვეთები უკვე გაიზარდა. მიუხედავად ამგვარი ტენდენციისა, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უცვლელი რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სპრედის (სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) მაჩვენებლით ისევ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე 5,2%-ს შეადგენს, ხოლო კრედიტებზე 14,8%-ია. ეს ნიშნავს, რომ კრედიტები დეპოზიტებზე თითქმის 3-ჯერ ძვირია. 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ქვეყანაში სპრედის მაჩვენებელი 15%-ს უტოლდებოდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით კი – 10%-ს. განვითარებად სამყაროში იგი 4-5%-ის ფარგლებშია, ხოლო 8-9%-ზე მეტი მსოფლიოს ყველაზე განუვითარებელ სახელმწიფოებშია. მაღალი სპრედით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. სპრედი კონკურენციის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია, აღნიშნული მონაცემები კი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციის ხარისხი არც ისე დამაკმაყოფილებელია.

საბანკო სისტემის დეპოზიტების, დაახლოებით, 70%, ანუ თითქმის სამი მეოთხედი 3 ბანკშია აკუმულირებული, რაც კონკურენტულ გარემოს პრობლემას უქმნის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბანკო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უფრო ეფექტური საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს, როგორც დეპოზიტებზე, ისე კრედიტებზე.

მაკროეკონომიკის სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, კრედიტებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა საკმაოდ სოლიდურია. “საერთოდ, კრედიტის ღირებულება ისე ითვლება, მაგალითად, როგორც პურის”, – ამბობს ვაჟა კაპანაძე.

კრედიტის პირველი მდგენელია მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთი. შემდეგ ამას ემატება, სარეზერვო პროცენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს – 4%. ამ კოეფიციენტის დამატებით მივიღებთ 10,2%-ს, ამის შემდეგ გასათვალისწინებელია საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი, რასაც ემატება ბანკის ხარჯები და მოგება.

ვაჟა კაპანაძის განცხადებით, კლასიკურად, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთში ბანკის წმინდა მოგების წილი 0,5%-დან 1,5%-მდეა.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ამას ემატება რისკის კოეფიციენტი. ასე შედგება საპროცენტო განაკვეთი. თუმცა, ყველა ამ მაჩვენებელის გათვალისწინებით, კრედიტებზე საშუალო 15%-იანი საპროცენტო განაკვეთი მაინც მაღალია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში საბანკო კონკურენცია სუსტია და “პარადი” აქ რამდენიმე ბანკს მიჰყავს”

– ამბობს ეკონომისტი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუკი საქართველოში, რომელიმე ცნობილი ტოპ-ათეულში შემავალი ბანკი შემოვა. ძლიერი ბანკი კონკურენციას უფრო გააძლიერებს დაკრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მეტი შანსი გაჩნდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ საქართველოში სპრედის მაღალ ნორმები განპირობებულია ინფლაციით.

“როდესაც საქართველოში მიზნობრივი ინფლაცია 5%-ია, დეპოზიტიდან მიღებულ თანხას სულ მცირე 5% უნდა დაემატოს, ამასთანავე ემატება სხვადასხვა ოპერაციასთან დაკავშირებული პროცენტები. შესაბამისად, კრედიტებსა დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთებს შორის ასეთი დიდი სხვაობა განპირობებულია ინფლაციური მოლოდინებით”

– აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.

საქართველოში დეფლაციაც გვახსოვს, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, ამ პროცესს სპრედი არ შეუმცირებია. მიხეილ თოქმაზიშვილი განმარტავს, რომ აქ მთავარია ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ყოველთვის მაღალია.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნობრივი ორიენტაცია აქვს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის მიზნობრივი ორიენტაცია კი იწყება მაღალი ინფლაციური მოლოდინით – შარშან იყო 6%, წელს 5%, მომავალი წელს 4,5%-მდე უნდა დავიდეს. სწორედ ამ მაჩვენებელზეა აგებული საპროცენტო განაკვეთები. როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლებელია დეფლაციური პროცესებიც იყოს, მაგრამ ეროვნული ბანკის მიზნობრივი ორიენტაცია სრულიად სხვა არის”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

გარდა ამისა, სპრედის მაღალი მაჩვენებული ასევე დაკავშირებულია ფულის ღირებულებასთან. საქართველოში ფული უფრო სწრაფად უფასურდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ეროვნული ვალუტა, შემოღებიდან დღემდე, დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ხოლო მისი მსყიდველობითუნარიანობა 4-ჯერ შემცირდა.

რაც შეეხება კონკურენციას, მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორისთვის უფრო მეტად მონოპოლისტური კონკურენციაა დამახასიათებელი. ამასთავე, კრედიტებზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე მიწოდება. ჩვეულებრივ, ასეთი მოთხოვნა რისკიანია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მაღალ სპრედს განაპირობებს არის, გაცვლითი კურსი. კომერციული ბანკები ფულად სახსრებს ძირითადად უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან იზიდავენ, რომლის კონვერტაცია ხდება ლარში. ამიტომ, ბანკები თავის დაზღვევის მიზნით, ცდილობენ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეინარჩუნონ, რათა ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული კორიდორი ჰქონდეთ.

მიუხედავად ამგვარი განმარტებებისა, სპეციალისტების აზრით, სერიოზული კვლევაა საჭირო, – თუ რატომ არის ასეთი მაღალი სხვაობა კრედიტებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის. კომერციული ბანკები საპროცენტო განაკვეთებში დებენ რისკის მაღალ კოეფიციენტს. ამ დროს კი რისკფაქტორი ანაბრების საპროცენტო განაკვეთებში თითქმის არ არის. მაგალითად, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებზე ინფლაციური თუ სხვა ტიპის რისკები ნაკლებად არის გათვალისწინებული.

მაკა ვარადაშვილი

[wpolling id=”6″ width=”” height=””]