აფბა: რომ არა ეროვნული ბანკის ხელშემშლელი პოლიტიკა, ლარს გამყარების ტენდენცია ექნებოდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიცითი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნეგატიური ზემოქმედების გამო მოხდა საპირისპირო და მეორე კვარტალში ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა – ასეთ შეფასებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს.

როგორც „აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, 2015 წლის მეორე კვარტალში წლიურ გამოსახულებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა და თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

მისი თქმით, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერტები, რამაც დადებითი როლი შეასრულა სავაჭრო დებიციტის დაფინანსებაში. კვარტალი კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერტების მოცულობა 15,3%-ით გაიზარდა 423 მილიონ დოლარამდე.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლიან მონაკვეთში, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ადგილი ჰქონდა ექსპორტის მკვეთრ მატებას.

რაც შეეხება კაპიტალის და ფინანსურ ანგარიშს, 2015 წლის მეორე კვარტალში იგი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 10,2%-ით შემცირდა და 368 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებით და სხვა წყაროებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით და 354 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სესხების სახით შემოდინება გაიზარდა თითქმის 9-ჯერ, შარშანდელი 21 მილიონ დოლარიანი მაჩვენებლიდან მიმდინარე წელს 184 მილიონ დოლარამდე.

შედეგად, თუ იმპორტის მაღალი დონის და სხვა მიზეზების გამო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა 354 მილიონი დოლარის გადინებას, ინვესტიციების, სესხების და სხვა წყაროების საშუალებით შემოდინებული იქნა 368 მილიონი დოლარი. ანუ შემოდინებული იქნა 14 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე იქნა გადინებული“

– აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მეორე კვარტალში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, საქართველოდან უფრო მეტი დოლარის გადინება იყო სახეზე, ვიდრე იყო შემოდინება. ამ მხრივ 2015 წლის მეორე კვარტალი ასევე უკეთესი იყო პირველ კვარტალთან შედარებით.

„ჯამში, წლის პირველ ნახევარში უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება დაბალანსებული იყო და გარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული სტატისტიკა, ჩვენი, ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, არ ქმნიდა ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს. როდესაც ვალუტის შემომავალი ნაკადი დაბალანსებულია და კურსი მაინც უფასურდება, რჩება ერთადერთი ფაქტორი, ეს არის შიდა ფაქტორი და ამ შემთხვევაში ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა ლარზე. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ახალმა სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა ის პოზიცია, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან მიმართებაში უჭირავს. ეროვნული ბანკის ე.წ. „იაფი ლარის“ პოლიტიკამ, რაც რბილ მონეტარულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა, ლარს არ მისცა გამყარების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვნად დაბალანსდა“

– განაცხადა ჭიჭინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]