საწვავის გაიაფება ისევ ხელოვნურად ფერხდება

ბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 53-58 თეთრიანი სხვაობით იყიდება (თვითღირებულება და საცალო ფასი). საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება მეტ-ნაკლებად არაბრენდირებულ სადგურებს ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორები კონკურენციის დაცვის პრინციპების დარღვევის გამო დააჯარიმა, ამ ბაზარზე ფასების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.

როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 49 დოლარია, ნიუ-იორკის ბირჟაზე – 47 დოლარი. ამ დროისთვის “პლატცის” მიხედვით, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 490 დოლარის ფარგლებშია. ლარის ამჟამინდელი კურსის გადაანგარიშებით (2,39 ლარი) 1 ტონა ბენზინის ფასი 1166 ლარია, რასაც ემატება დღგ – 210 ლარი, აქციზი – 250 ლარი, ტრანსპორტირება – 85 ლარი და საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 1711 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1320 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა), 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,30 ლარია. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “რეგულარის” ტიპის საწვავი, 1,83-1,88 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა ისევ საკმაოდ მაღალია – 53-58 თეთრი. რაც შეეხება დიზელს, მისი საერთაშორისო ფასი, 25 სექტემბრის მონაცემებით, 4,45 დოლარია. ლარის კურსის შესაბამისად და გადასახადების ჩათვლით, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა დიზელი 2584 ლარი უჯდებათ, ეს მაჩვენებელი უნდა გავყოთ 1160 ლიტრზე (1 ტონა დიზელის მოცულობა), რათა გავიგოთ 1 ლიტრი დიზელის საბითუმო ღირებულება – 1,36 ლარი. სარეალიზაციო ქსელში კი 1 ლიტრი (ელ-62) დიზელი 1,87-1,95 ლარი ღირს. ამ შემთხვევაში თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის სხვაობა 44 თეთრია.

“სენტას” დამფუძნებელ ზაალ იაკობიძის განცხადებით, მათ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება გაცილებით მცირეა. “სენტას” ჯერჯერობით 2 ავტოგასამართი სადგური აქვს – ბათუმსა და ქუთაისში, სადაც 1 ლიტრი “რუმინული” “ევრორეგულარის” ტიპის ბენზინის ღირებულება 1,67 ლარია, ხოლო “პრემიუმის” – 1,85 ლარი, დიზელის ღირებულება კი -1,50 ლარი. საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი საკმაოდ დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსიც დასტაბილურდა, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა. შესაბამისად, გაიაფების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს”, – ამბობს ზაალ იაკობიძე.

ამჟამად საქართველოში საწვავის საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1,47 ლარი ღირს, ხოლო 1 ლიტრი

აზერბაიჯანული დიზელი- 1,35 ლარი. ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, ადგილობრივი საცალო ბაზრისგან განსხვავებით, საბითუმო სეგმენტს მყისიერად ეტყობა. “საბითუმო ბაზარი აბსოლუტურად შესაბამისობაშია საერთაშორისო ტენდენციებსა და ვალუტის კურსთან, რასაც ვერ ვიტყვით საცალო გაყიდვაზე. საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება საქართველოს საბითუმო ბაზარზე მყისიერად აისახება. ამის მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ იქ კონკურენცია უფრო დიდია, ვიდრე საცალო ქსელში. არსებული ვითარების ფონზე, ვფიქრობ, გაიაფების ტენდენცია საცალო ქსელშიც უნდა გაგრძელდეს”, – ამბობს ზაალ იაკობიძე.

“ვისოლის” გენერალურ დირექტორ ვასილ ხორავას განცხადებით, ახლო მომავალში ფასების კორექტირება არ იგეგმება. თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია და ლარის კურსის გამყარება გაგრძელდება, ეს საწვავის კიდევ უფრო გაიაფების შესაძლებლობას ნამდვილად შექმნის. “მას შემდეგ, რაც ნავთობის გაიაფება დაიწყო, საცალო ქსელში საწვავის ფასი 3-ჯერ შევამცირეთ. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ფასის კორექტირებას მაშინვე მოვახდენთ”, – აღნიშნა ვასილ ხორავამ.

როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 14 ივლისს გამოცემული #81 ბრძანებით, 5 ნავთობკომპანია სოლიდური თანხით – 55 მილიონი ლარით – დაჯარიმდა. მოტივი კონკურენციის პრინციპების დარღვევაა. კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს” ჯარიმის სახით 14 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” (გალფი) – 11,2 მილიონი ლარი, “რომპეტროლ საქართველოს” – 10,9 მილიონი ლარი, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” – 10,4 მილიონი ლარი, “ლუკოილ ჯორჯიას” – 4,7 მილიონი ლარი. კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ კონკურენციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ და სააგენტოსთან დავის გაგრძელებას სასამართლოში აგრძელებენ. პირველი მოსმენა 29 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა”  ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონკურენციის სააგენტოს ჯარიმისა, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების ხელოვნური შენარჩუნება ხდება. “საქართველოში საწვავის ღირებულება ნამდვილად არ არის თანხვედრაში მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან. აქედან გამომდინარე, არის ვარაუდი, რომ ფასი ხელოვნურად არის დაჭერილი. კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმება დადებითი პრეცედენტია, რადგან დაუსჯელობის სინდრომი გაბათილდა. წინ სასამართლოა და ფაქტებზე, მონაცემებსა და პარამეტრებზე დაყრდნობით, რომელზედაც ხელი მიმიწვდება, ეჭვი არ მეპარება, რომ კომპანიები ამ სასამართლოს ვერ მოიგებენ”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

commersant.ge