ეროვნული ბანკის ხელშემშლელი პოლიტიკა რომ არა, ლარი გამყარდებოდა

 

მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ფონზე, ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა.

“2015 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 354.7 მლნ აშშ დოლარი (809.1 მლნ ლარი, მეორე კვარტლის მშპ–ს 10.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მეორე კვარტალში წლიური 7.0 პროცენტიანი კლების შედეგად 991.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 21.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.3 პროცენტით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მომსახურების ექსპორტი წლიურად 0.4 პროცენტით, ხოლო მომსახურების იმპორტი 0.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 7.1 პროცენტით გაიზარდა და 460.1 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა.

სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდოს ასევე ნაწილობრივ აკომპენსირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტიც წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და 446.9 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა. მატება სამთავრობო სექტორის 4.1-ჯერ გაზრდილმა ტრანსფერებმა გამოიწვია, ძირითადად, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, მიღებული 143.2 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე. 2015 წლის მეორე კვარტალში 24.6 პროცენტით არის შემცირებული სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერების კრედიტი.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 314.3 მლნ აშშ დოლარი (716.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 9.2 პროცენტია. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ძირითადად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საფინანსო და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში განხორციელდა”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მკითხველისთვის საინტერესოა, არა იმდენად ეს ციფრები, რომლების მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსს ასახავს, არამედ ის თუ რას ნიშნავს ეს ციფრები მათთვის, რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და თითოეულ მოქალაქეზე.

საგადასახდელო ბალანსი, მარტივად რომ ვთქვათ, არის პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული ვალუტის დეტალური სურათი. უცხოური ვალუტის შემოდინება გადინება ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ პარამეტრზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში ყველაზე აქტუალური ლარის კურსია.

თითოეული შემოდინებული დოლარი ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, ხოლო თითოეული გადინებული – შესაბამისად, ნეგატიურად. მთავარია, რომ შემოდინებამ გადააჭარბოს გადინებას, რათა კურსის სტაბილურობა იქნას მიღწეული.

როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, მთავარ მიზეზად მიმდინარე ანგარიშის გაუარესება დასახელდა. ანუ ექსპორტი შემცირდა გაზრდილი იმპორტის ფონზე, იკლო გზავნილებმა და ა.შ. თუმცა, გაუფასურებულმა ლარმა თავად შეასრულა დამაბალანსებელი როლი, გავლენა იქონია იმპორტზე, იმპორტი შემცირდა და უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი აღდგა.

შედეგად უნდა მიგვეღო დასტაბილურებული ლარი, თუმცა რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა.

რატომ არ მოჰყვა ბალანსის აღდგენას და გაუმჯობესებას ლარის დასტაბილურება და რატომ გაგრძელდა დევალვაცია სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე? ეს გარემოება კითხვის ნიშნებს ბადებს. სწორედ ამ საკითხზე გამართა ბრიფინგი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ”.

“მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნეგატიური ზემოქმედების გამო მოხდა საპირისპირო და მეორე კვარტალში ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა”

– ასეთ შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს.

2015 წლის მეორე კვარტალში წლიურ გამოსახულებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა და თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერტები, რამაც დადებითი როლი შეასრულა სავაჭრო დეფიციტის დაფინანსებაში. კვარტალი კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერტების მოცულობა 15,3%-ით გაიზარდა 423 მილიონ დოლარამდე.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლიან მონაკვეთში, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ადგილი ჰქონდა ექსპორტის მკვეთრ მატებას. ეს გარემოება თვალსაჩინოდ არის ასახული დიაგრამა 1-ზე. მიმდინარე წლის მეორე კვარტალი ასევე უკეთესი იყო, ვიდრე წლის პირველი კვარტალი და გასული წლის მეორე კვარტალი, როცა ლარი მყარდებოდა, ეს ტენდენცია ასახულია დიაგრამა 2-ზე.

დიაგრამა 1
დიაგრამა 1
დიაგრამა 2
დიაგრამა 2

რაც შეეხება კაპიტალის და ფინანსურ ანგარიშს, 2015 წლის მეორე კვარტალში იგი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 10,2%-ით შემცირდა და 368 მილიონი დოლარი შეადგინა.

თუმცა, როგორც “აფბაში” აღნიშნავენ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებით და სხვა წყაროებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით და 354 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სესხების სახით შემოდინება გაიზარდა თითქმის 9-ჯერ, შარშანდელი 21 მილიონ დოლარიანი მაჩვენებლიდან მიმდინარე წელს 184 მილიონ დოლარამდე.

შედეგად, თუ იმპორტის მაღალი დონის და სხვა მიზეზების გამო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა 354 მილიონი დოლარის გადინებას, ინვესტიციების, სესხების და სხვა წყაროების საშუალებით შემოდინებული იქნა 368 მილიონი დოლარი. ანუ შემოდინებული იქნა 14 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე იქნა გადინებული.

დოლარის შემომავალი ნაკადის დინამიკა ასახულია დიაგრამა 3-ზე.

დიაგრამა 3
დიაგრამა 3

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მეორე კვარტალში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, საქართველოდან უფრო მეტი დოლარის გადინება იყო სახეზე, ვიდრე იყო შემოდინება. ამ მხრივ 2015 წლის მეორე კვარტალი ასევე უკეთესი იყო პირველ კვარტალთან შედარებით.

“ჯამში, წლის პირველ ნახევარში უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება დაბალანსებული იყო და გარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული სტატისტიკა, ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, არ ქმნიდა ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს. როდესაც ვალუტის შემომავალი ნაკადი დაბალანსებულია და კურსი მაინც უფასურდება, რჩება ერთადერთი ფაქტორი, ეს არის შიდა ფაქტორი და ამ შემთხვევაში ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა ლარზე”

– განმარტავენ “აფბაში”.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ახალმა სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა ის პოზიცია, რომელიც ორგანიზაციას ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან მიმართებაში უჭირავს. “აფბას” შეფასებით, ეროვნული ბანკის ე.წ. “იაფი ლარის” პოლიტიკამ, რაც რბილ მონეტარულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა, ლარს არ მისცა გამყარების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვნად დაბალანსდა.

“სიტუაციის დაბალანსების პარალელურად არ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ლარის გამყარებას გამოიწვევდა. შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუფასურებული ლარი. ეროვნული ბანკის პოლიტიკამ დაბალანსებული საგარეო ფაქტორების დადებითი გავლენა გააბათილა და ლარი კიდევ დაასუსტა”

– აცხადებენ “აფბაში”.