კახა კალაძე: “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით,  რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით”,

– განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების.

“გარკვეული პრობლემები იყო ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ დეტალებზე არის მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება და არბიტრაჟურ დავამდე არ მივა საქმე”,

– განაცხადა კალაძემ.

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა კომპანიის სათავო ოფისს, რომელმაც ოფიციალური პრესრელიზი გამოგვიგზავნა.

“ყაზტრანსგაზის” განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარესთან წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირებას მოახდენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, “ყაზტრანგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა “ყაზტრანგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

“ყაზტრანსგაზში” იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და მოითხოვს არამხოლოდ “ყაზტრანგაზ-თბილისზე” კონტროლის დაბრუნებას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც, არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.