ქართულ ბანკებში სხვადასხვა მომსახურებებზე საკომისიოები იზრდება

 

ბანკები საკომისიოებით წელიწადში 300 მილიონამდე შოულობენ

კომერციულმა ბანკებმა 2015 წლის 7 თვეში საკომისიოებიდან და სხვა მსგავსი მომსახურებიდან 141 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. 2014 წელს – 283 მილიონი ლარი, 2013 წელს კი – 252 მილიონი ლარი. ბანკების მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებაზე საკმაოდ მაღალი საკომისიო გადასახადის გადახდა უწევს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამალულია.

კრედიტის აღებისას მომხმარებელი იხდის კრედიტის ძირითად თანხას, კრედიტზე დარიცხული პროცენტებს. ასევე ეს შეიძლება იყოს, საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების მოსაკრებელი, კრედიტის გაცემის საკომისიო, მსესხებლის ანგარიშის გახსნის, მომსახურების საკომისიო, საანგარიშსწორებო და საოპერაციო მომსახურების საკომისიო, საკრედიტო და სადებეტო ბარათების გამოშვებისა და მომსახურების საკომისიო.

გარდა ამისა, მსესხებელს, შესაძლოა, მოუწიოს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც დაკავშირებულია ქონების ან პირად დაზღვევასთან, ქონების შეფასებასთან, ნოტარიუსის მომსახურებასთან. აქვე არ უნდა გამორიცხოს გადასახდელები, დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან.

ბანკს ასევე შეუძლია დააწესოს დამატებითი მოსაკრებლები, როგორიცაა: კრედიტის ვადამდე ნაწილობრივი ან სრული დაფარვის საკომისიო, ნაღდი ფულით ან ბანკომატის მეშვეობით კრედიტის მიღების ან დაფარვის საკასო მომსახურების საკომისიო, ჯარიმები მსესხებლისათვის დადგენილი ოვერდრაფტის ლიმიტის გადაჭარბებისათვის, საფასური დავალიანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის და კიდევ სხვა მრავალი გადასახდელი.

განსაკურებით მაღალი საკომისიო განაკვეთებია საკრედიტო ბარათებზე, რომელსაც ბანკები მომხმარებელს ყოველდღიურად “საჩუქრად” სთავაზობენ. საქართველოში კი სადაც 1,2 მილიონი ადამიანი თავს სოციალურად დაუცველად აცხადებს, გაჭირვების გამო ამ ცდუნების მსხვერპლი ხდება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკრედიტო ბარათის ყველაზე დიდი და გავრცელებული პრობლემა “საკრედიტო ნარკომანიის” საფრთხეა. პრინციპი – პირველი დოზა უფასოდ, შემდგომ კი იხდი უფრო მეტს – საკრედიტო ბარათების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს.

თბილისელ მზია გულიაშვილს რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ბანკიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მას ბანკმა “საჩუქარი” გაუკეთა და საკრედიტო ბარათი დაუმზადა, სადაც 1300 ლარი იყო დარიცხული. ვინაიდან მის ოჯახს ხელფასი თვიდან თვემდე არასდროს ყოფნის, იფიქრა, რომ ბარათს აიღებდა და ყოველთვიურ ხარჯებს დაახმარდა. რამდენჯერმე ფული ბანკომატიდან ნაღდი ფორმით გამოიტანა და ერთი თვის გადასახდელი საკმაოდ დიდი თანხა მოუვიდა.

“საქმეზე ვიყავი გასული, ბევრი სიარული მომიწია და ბარათიდან სამგზავრო თანხის გამოტანა გადავწყვიტე. ბანკომატმა მიჩვენა, რომ 100 ლარზე ნაკლებს ვერ გამოვიტანდი. მე 10 ლარი მინდოდა, იქვე ბანკის ფილიალში მივედი, ბარათი მივაწოდე და 10 ლარი მოვითხოვე, ოპერატორმა მითხრა, რომ 10 ლარში 8 ლარი საკომისიო უნდა გადამეხადა და სულ ბარათიდან 18 ლარი ჩამომეჭრებოდა. აღვშფოთდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

მაშინ პირველად გავიგე, რომ ფულის გამოტანისას ასეთი დიდი საკომისიო მეჭრებოდა. ამას ემატება საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი – 36%. ამიტომ არის, რომ საკრედიტო ბარათს მომხმარებელი ვერასდროს ავსებს ბოლომდე და გადახდისუუნარო ხდება”

– ამბობს მზია გულიაშვილი.

გიორგი დგებუაძეს 3 სხვადასხვა ბანკის საკრედიტო ბარათი აქვს. პირველი ბარათის მომსახურება რომ ვერ შეძლო, სხვა ბანკიდან მეორე “ნაჩუქარი” ბარათი აიღო, ბანკომატიდან ნაღდი ფული გამოიტანა და პირველი ბარათის ვალდებულებები ასე დაფარა. შემდეგ თვეებში ამ ბარათების მომსახურებაც გაუჭირდა და სწორედ იმ დროს მიუვიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინება, რომ ერთ-ერთი ბანკი საკრედიტო ბარათს სთავაზობდა. მესამე ბარათით დარჩენილი ორის მინიმალური შენატანი გადაიხადა, მაგრამ მისი ხარჯი სამმა ბარათმა კიდევ უფრო გაზარდა. რამდენიმე თვეში გიორგი დგებუაძის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

“უმძიმეს დღეში აღმოვჩნდი. ახლა ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც პირველი საკრედიტო ბარათი გამოვიყენე. ბარათები მომხმარებლის ფარული ძარცვაა. რატომღაც ისე ავიღე ბარათები, რომ არც კი მიკითხავს საპროცენტო განაკვეთისა და საკომისიო ხარჯის შესახებ. ფული ისე მჭირდებოდა, რომ მის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავდი. არც ბანკებში აუხსნია ვინმეს რისკებისა და დამატებითი ხარჯის შესახებ. ახლა ყველაფერი დავკარგე”

– ამბობს გიორგი დგებუაძე.

რამდენიმე დღის წინ ბანკები და ფინანსების რედაქციას მცირე მეწარმე დაუკავშირდა, რომელიც “საქართველოს” ბანკის მომსახურებით სარგებლობს. მისი განცხადებით, საბანკო ოპერაციების განხორციელების დროს ის სარგებლობდა სმს-მომსახურებით, რაც ადრე 50 თეთრი ღირდა. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა მეწარმემ აღმოაჩინა, რომ ეს მომსახურება 20-ჯერ გაძვირდა და დღეს 10 ლარი ღირს. “საკმაოდ კომფორტული მომსახურება იყო, როცა ინტერნეტით ვერ ვსარგებლობ ხოლმე, თანხის ჩარიცხვების შესახებ ესემესი-თ ვიღებდი ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ, ბანკში მითხრეს, რომ ეს მომსახურება გაუმჯობესდა და 10 ლარი ღირს, არავინ მკითხა, მინდა თუ არა გაუმჯობესებული მომსახურების შეძენა 20-ჯერ მაღალ ფასად”, – აცხადებს მეწარმე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს საკომისიო განაკვეთების საკითხი საერთოდ მიშვებული აქვს. ევროპულ ქვეყნებში, სადაც საბანკო სექტორმა განვითარების ეტაპები გამოიარა, ზედამხედველი კომერციულ ბანკებს უწესებდა საპროცენტო განაკვეთებსა და საკომისიოებთან დაკავშირებით მკაცრ ზომას. კერძოდ, უნდა იყოს დასაბუთებული და კალკულაცია გაკეთებული თუ საიდან მოიტანა ბანკმა საბანკო მომსახურებაზე, მაგალითად, 7-პროცენტიანი საკომისიო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კარგა ხანია, მოსახლეობის ნაწილი ჩივის, რომ ბანკები მათ გაურკვეველი დავალიანების გამო ედავებიან.  საქმე კი შემდეგში მდგომარეობს, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ ბანკში სხვადასხვა ტიპის ანგარიშს ხსნის, მას ბანკი ყოველთვიურად ანგარიშის მომსახურების საკომისიოს არიცხავს (1-1,5 ლარამდე). როდესაც მოხმარებელი ანგარიშს აღარ იყენებს ან ბანკთან ურთიერთობას წყვეტს, თუკი იგი ანგარიშს არ გააუქმებს საკომისიო მაინც ერიცხება და, შესაბამისად, დავალიანებაც უგროვდება. ამ დროს ბანკი მომხმარებელს შეტყობინებას არ უგზავნის, რომ მას გამოუყენებელი ანგარიში აქვს, რომლის შენახვისთვის საკომისიო გადასახდელები უგროვდება. არადა, ძალიან ბევრმა მომხმარებელმა ამ წესის შესახებ არ იცის, შესაბამისად, მას წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანების გადახდაც კი უწევს.

ასე რომ, საქართველოში ბანკებსა და მომხმარებელს შორის ჯანსაღი თანამშრომლობის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ბანკებთან ურთიერთობის დაბალი კულტურის გამო, მოსახლეობა გაუგებრობაში ხშირად ეხვევა, ბანკები კი ყოველთვის მოგებულნი რჩებიან. მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის მოვალეობაა, ხოლო თუ როგორ ასრულებს ეროვნული ბანკი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ეს ყველასთვის ცნობილია.

მაკა ვარადაშვილი