20–ლარიანი ვაუჩერი ყველა თბილისელს და 3%–იანი სესხები სტიქიისგან დაზარალებულ მეწარმეებს

თბილისში ე.წ კომუნალური ვაუჩერები ამ ზამთარშიც შენარჩუნდება. მერიის ინფორმაციით, დასრულებულია მუშაობა კომუნალური სუბსიდიის განსაზღვრის წესზე.

„მერიამ გაითვალისწინა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70 001–ზე ნაკლები, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა ოქტომბერში დამატებით მიიღებენ ელექტროენერგიის კორექტირებული ტარიფის სხვაობას,“

– აცხადებენ მერიაში.

 რაც შეეხება სხვა აბონენტებს, მერიის ინფორმაციით, მათ სუბსიდია იგივე რაოდენობით დაერიცხებათ, თვეში 20 ლარის ოდენობით. ნოემბრიდან, 5 თვის განმავლობაში.

მანამდე კომუნალური ვაუჩერებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეუნარჩუნებდნენ. დღეს კი, როგორც მერიაში განაცხადეს, გადაწყვეტილია, რომ ვაუჩერი ყველა თბილისელს შეუნარჩუნდება.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილება სტიქიით დაზარალებული მეწარმეების საკითხიც. საუბარია არა მხოლოდ 13 ივნისის, არამედ ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა შესახებ. მერიის ცნობით, ასეთი მეწარმეები მიიღებენ  შეღავათიან სესხს 6–ის ნაცვლად 3%–ის განაკვეთით. დანარჩენს კი მერია დააფინანსებს.

ამასთან, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი სესხების ვადა 60–დან 84 თვემდე გახანგრძლივდება.

კომერსანტი