დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

სტიქიის ან სხვადასხვა შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს. შესაბამის საკითხს თბილისის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულ მეწარმეებს სესხის აღება 3 პროცენტში შეეძლებათ.

“დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად – ხანძრის, სახლის დაზიანების, სხვადასხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში “იაფი სესხის” აღებასთან დაკავშირებული პროგრამით კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით. კერძოდ, მათ შეეძლებათ სესხი ნაცვლად 6 პროცენტისა, მიიღონ 3 პროცენტად. სხვა დანარჩენს მათ დედაქალაქის მერია დაუფარავს. სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 6-დან 12 თვემდე იქნება გაზრდილი”,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს, ცვლილებების პროექტს კი მერია მას დღესვე გადაუგზავნის.