“ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს”

ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს. ბიზნესომბუდსმენი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ფისკალური ეფექტისა და გაყიდვების მაჩვენებლის დათვლის შემდგომ, შესაძლოა ლუდის აქციზის ხელახლა გადახედვა მოხდეს.

“ლუდის აქციზზე თემა დახურული არ არის. სეზონურობის თემა როგორც კი გადავა, ჩვენ ვნახავთ გაყიდვებს და საბიუჯეტო შემოსავლებს. თუ დავინახეთ, რომ აქციზის 50%-იანმა ზრდამ იქონია უკუშედეგი და შეამცირა როგორც გაყიდვები ასევე საბიუჯეტო შემოსავლები, მერწმუნეთ, რომ ჩვენ კომპანიების გვერდით ვიქნებით მოთხოვნით, რომ ლუდის აქციზი ხელახლა არის გადასახედი. ჩვენ გვჭირდება რიცხვები, უნდა ვნახოთ რა ეფექტი ჰქონდა ამას ბიზნესზე და ბიუჯეტზე. პირველადი მონაცემები გვაქვს და არც თუ ისე სახარბიელო. არის იქ გარკვეული პრობლემები და ვფიქრობ გარკვეული ქმედებების განხორციელება მოგვიწევს”

– აცხადებს გიორგი გახარია.

ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მობილიზებულია 539.6 მლნ ლარი, რაც 4.5 პროცენტით (23.1 მლნ ლარი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, მათ შორის აქციზის გადასახადი ადგილობრივი პროდუქციიდან გაზრდილია 2.3 პროცენტით, ხოლო იმპორტირებული პროდუქციიდან – 5.3 პროცენტით. 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 900 მილიონი ლარია, 8 თვეში საპროგნოზო მაჩვენებელი 60 პროცენტით არის შესრულებული.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო თანხა 922 მილიონ ლარს შეადგენს.