თბილისში მშრალი ნარევების საწარმო გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „კაპაროლ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორთან ბორის გამრეკელთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ალ. ქართველიშვილის ქ.N8-ში, „კაპაროლ ჯორჯიას“ მშრალი ნარევების საწარმო გახსნა.

ეს არის თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპაში სერტიფიცირებული მშრალი მასალების – ცემენტის ბაზაზე დამზადებული წებოების, ბათქაშებისა და ფითხების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში ახალი საწარმოს გახსნა, თავისთავად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. მისივე განცხადებით, დედაქალაქის მერია ბიზნესის გაფართოებისა და განვითარების კუთხით, სიახლეების მხარდასაჭერად მზად არის.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა წარმოება. აღნიშნული საწარმო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანია დედაქალაქის მწვანე პოლიტიკის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ არა მხოლოდ საქართველოში გაყიდის თავის წარმოებულ პროდუქციას, არამედ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში და კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ჩვენი დედაქალაქის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს“,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.

„კაპაროლ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ბორის გამრეკელის განცხადებით, ეს არის საქართველოში პირველი მშრალი ნარევების წარმოების ევროპული ხარისხის სერტიფიკატის მქონე საწარმო.

„ჩვენი ნედლეულის 90% ქართული ადგილობრივი წარმოების არის და ის საწარმოები, რომლებიც ჩვენ მოგვამარაგებენ, იძულებულები გახდნენ გარკვეული რესტრუქტურიზაცია- გადაიარაღება ჩაეტარებინათ, რათა ჩვენი მაღალი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. შედეგად, დაახლოებით, დამატებით 50 სამუშაო ადგილი გვაქვს შექმნილი“,

– განაცხადა ბორის გამრეკელმა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი საწარმოს გახსნის შედეგად იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმით ნაწილობრივ ჩანაცვლდება, რაც საქართველოს ეკონომიკასა და საექსპორტო პოტენციალს გაზრდის და გააძლიერებს.