200–მდე მედიკამენტზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც უპირობოდ, შემოდგომაზე 200 მედიკამენტზე ფასების კლებას გამოიწვევს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, N200 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.  ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც სექტემბერში პირველ 200 მედიკამენტზე ფასების კლება უნდა მომხდარიყო.  დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის რეფორმაში ყველაზე მტკივნეული წერტილი ამ ეტაპზე არის ამბულატორიული პაციენტებისათვის მედიკამენტების ფასების მაღალი ზღვარი. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, მედიკამენტების გაიაფებას ჯანდაცვის სამინისტრო არ განკარგავს, თუმცა სამინისტრო დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ 200 მედიკამენტზე ფასების კლებას გამოიწვევს.

“სამწუხაროდ, მედიკამენტების გაიაფებას ჯანდაცვის სამინისტრო არ განკარგავს, თუმცა ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად, უპირობოდ ამ შემოდგომაზე პირველი 200 მედიკამენტის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების კლებას გამოიწვევს. კერძოდ, საუბარია ყველაზე ხშირად მოხმარებადი და პირველადი საჭიროების მედიკამენტებზე, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებელი საშუალებები, დიაბეტის დასარეგულირებელი და სხვა. მე მესმის საზოგადოების ლეგიტიმური თხოვნა, იცოდეს ერთი დღის სიზუსტით ეს ყველაფერი, თუმცა ასეთი მასშტაბის პროექტების დაგეგმვა, სამწუხაროდ, არ ხდება. შეგახსენებთ, “C ჰეპატიტზე”, როდესაც მე ერთი კვირის სიზუსტით ვიცოდი უკვე ეს თარიღი, მაგრამ ვერიდებოდი თქმას. უნდა თქვა ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რასაც გააკეთებ. ასე რომ, მესმის ლეგიტიმურობა ამ მოთხოვნის, მაგრამ ჩვენც მოგვეცით ამის საშუალება, ეს პროექტი დავგეგმოთ ისე დეტალურად, რომ გარანტირებული იყოს წარმატება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

წყარო: bpn.ge