გერმანელი ბიზნესმენი ახალი ქართული ბრენდების შექმნას გეგმავს

გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის დაწყების მთავარ მოტივატორად ბიზნესის დაწყების სიმარტივეს ასახელებენ. გაზეთი „ფაინენშალი” წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში გერმანიიდან საქართველოში 26 ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა და ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.  გერმანელი ბიზნესმენები ბოლფრან გრონი და ბრიჯიტ გრუბერი გაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე კაფე „აჭარა“ 2015 წლის დასაწყისში გახსნეს და ინვესტიციის სახით 300 ათასი ევრო ჩადეს. გრონი ამბობს, რომ ჯერჯერობით ბიზნესი მომგებიანი არ არის. თუმცა გარემო ბიზნესისთვის კარგია, ამასთან გერმანელი ბიზნესმენი უკეთესი პოლიტიკური სტაბილურობის მოლოდინშია. მისივე თქმით, საქართველოს საინტერესო ისტორია, მდიდარი სამზარეულო აქვს. თუმცა შედარებით განუვითარებელი ბუნებრივი გარემოა. სამომავლოდ გრონი ქართული ბრენდების ჩამოყალიბებას და ევროპულ ქვეყნებში გატანას გეგმავს.

გერმანელმა ტორსტენ კოეჰლერმა და მისმა ქართველმა ბიზნეს პარტნიორმა ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია” 2014 წლის აპრილში დააფუძნეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  ტურიზმის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. „თრეველ ჯორჯია” კულტურულ და ღვინის ტურებზეა ორიენტირებული. ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანიის დაფუძნება საქართველოში არსებული საგადასახადო გარემოდან და ბიზნესის დაწყების სიმარტივიდან გამომდინარე გადაწყვიტა. კოეჰლერი კმაყოფილია მისი კომპანიის წარმატებით პირველი წლის განმავლობაში, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე დიდი სირთულე ბიზნესის მართვისას სასტუმროებსა და რესტორნებში არსებული სერვისი, ასევე ტუალეტების მდგომარეობა და ქალაქგარეთ სისუფთავის დონეა. გერმანელი ბიზნესმენი სამომავლოდ საქართველოში ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

გერმანიიდან საქართველოში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 2015 წლის პირველ ნახევარში 6 მილიონ დოლარამდეა შემოსული. რეკორდული მაჩვენებელი კი 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციებმა 139 მილიონს მიაღწია.

წყარო: commersant.ge