საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის წაემოებაში მიღებისა და საფინანსო  ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფინანსო ზედამხედველობის მუშაობა შეჩერდება, ვიდრე  საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მანამდე კი საზედამხედველო ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.

აღნიშნულ გაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო” და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და “”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების მოქმედება. აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, “საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს” ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

წყარო