არის თუ არა მონეტარულ პოლიტიკასა და საზედამხედველო პოლიტიკას შორის ინტერესთა კონფლიქტი?

“ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება მონეტარულ პოლიტიკასა და საზედამხედველო პოლიტიკას შორის ინტერესთა კონფლიქტს. “აფბას” პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არის თუ არა მონეტარულ პოლიტიკასა და საზედამხედველო პოლიტიკას შორის ინტერესთა კონფლიქტი?

რა თქმა უნდა არის.

ეროვნული ბანკი არ არის ფინანსური სტაბილურობის გარანტი, ის არის ფასების სტაბილურობის გარანტი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ფასების სტაბილურობა არ ნიშნავს ფინანსურ სტაბილურობას!

კონფლიქტის არსებობას მოწმობს თავად ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მე-3 მუხლი (იხილეთ სურათი).

kanoni

კანონის ჩანაწერიდანაც კარგად ჩანს, რომ უპირველესი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მიერ უზრუნვეყოფილი იქნება იმ დოზით, რაც საჭიროა ფასების სტაბილურობისთვის (არც მეტი, არც ნაკლები).

დღევანდელი რეალობა ამის კარგი მაგალითია. სტატისტიკურად გვაქვს ფასების სტაბულურობა, მაგრამ ფინანსური სტაბილურობა გაუმჯობესებულია თუ გაუარასებული?

არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არსად წერია, რომ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას (პირიქით, ის ორიენტირებულია მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე, რაც შეიძლება მოხდეს ფინანსური სტაბილურობის დაზარალების ხარჯზეც კი), არადა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარის არგუმენტი სწორედ ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სტაბილურობისთვის აუცილებელი უფლებამოსილებების ჩამორთმევა არის.

ეროვნულ ბანკს რჩება ყველა ის უფლებამოსილება, რაც მას ჭირდება კონსტიტუციითაც და ორგანული კანონითაც უმთავრესი ამოცანის შესასრულებლად – ეს არის ფასების სტაბილურობა.

ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სტაბილურობა რომ ყოფილიყო პირველი რიგის ამოცანა, დღეს ლარი 2.40 არ იქნებოდა.

p.s. მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციების თანაცხოვრება ქმნის ასევე იმის რისკს, რომ არაეფექტიანი ზედამხედველობით გამოწვეული პრობლემები გადაიფაროს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით, რათა ცენტრალურმა ბანკმა აიცილოს პასუხისმგებლობა. ბანკების ლიკვიდობის მონიტორინგი საზედამხედველო ფუნქციაა, ზედამხედველობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბანკებმა აქტივების და ვალდებულებების ვადიანობის მიხედვით, იმგვარად დაგეგმონ ფულადი ნაკადები, რომ უზრუნველყონ ლიკვიდობის საკმარისი დონე ვალდებულებების დროულად გასასტუმრებლად. თუ ეს ასე არ ხდება, ესეც ზედამხედველობის ხარვეზია. დღეს ბანკები მილიარდზე მეტ ლარს იღებენ ეროვნული ბანკისგან ლიკვიდობის მხარდასაჭერად, ეს ზედამხედველობის ხარვეზიცაა და ამ ხარვეზის გადაფარვა ხდება მონეტარული ინსტრუმენტებით.”