ბიძინა ივანიშვილი ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პროექტებს იწყებს

 

სიმსივნის ადრონული თერაპიის მასშტაბური პროექტი ფონდი “ქართუს” სრული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანი, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის უზრუნველყოფა იქნება

გასულ კვირას ორი ძალიან მასშტაბური პროექტის განხორციელებას, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” სრული ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა. საუბარია სიმსივნის ადრონული თერაპიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნასა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ ეს ორი პროექტი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ადრონული თერაპიის განვითარებისთვის საჭირო კვლევითი ბაზა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუდის ქვეშ გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ადრონული თერაპიის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) კვლევებისა და სამეცნიერო-კომპიუტერული ცენტრის დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი და ტექნიკური დირექტორი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი დაესწრნენ.

შეხვედრას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი – “მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა.

პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი “ქართუ”. ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის”

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით ეს არის საქართველოსთვის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება, – “ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, მკვლევარები, რაც მათ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს,” – აღნიშნა შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა.

რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მისი თქმით, ის უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც დაინტერესებულია ამ პროექტით, – “მინდა მადლობა გადავუხადო გია დვალს. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა, ძირითადად, გიას დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ და გვეხმარებიან და რა თქმა უნდა, მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი არიან დიდი სპეციალისტები. მათი სტუმრობა საქართველოში ჩვენთვის დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განცხადა ივანიშვილმა.

თავის დროზე გია დვალი აცხადებდა, რომ სიმსივნის ადრონული თერაპია არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

“ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ მას ასევე გააჩნია უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება. პროექტის იდეაა, რომ საქართველოში შეიქმნას ადრონული თერაპიის კვლევებისთვის აუცილებელი ამაჩქარებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კვლევის ამ მიმართულების გარშემო, აეწყოს საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივის როლს შეასრულებს ზოგადი მეცნიერული და სასწავლო დონის ამაღლებისთვის ქვეყანაში. პროექტი უნიკალურია ასევე იმით, რომ მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ინტერდისციპლინარული, სამედიცინო, სოციალური, ჰუმანური, რეგიონალური. ეს პროექტი ბუნებრივად შეასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს საქართველოს ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN-თან თანამშრომლობაში და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციაში. რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია.

იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც ამას გარდა თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ, რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობის და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა”

– აცხადებს გია დვალი.

პროექტთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც გააკეთა შეფასება. მან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და სამინისტრო ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული.

რაც შეეხება სსიპ “ტექნოლოგიური ინსტიტუტის – ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის” შექმნის შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომამ 1 სექტემბერს მისცა მსვლელობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის უზრუნველყოფა – თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტური ბაზის შექმნა, უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება, აგრეთვე მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და საინოვანციო ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყოფა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის სფერო იქნება, მედიცინისა და სხვა დარგებში კვლევის შედეგების დანერგვა.

კანონპროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის დანიშნულებაა, ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელშეწყობა; ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების, თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების გამომუშავებისთვის ხელისშეწყობა; მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების პირობების შექმნა, სადოქტორო, სამაგისტრო და უმაღლესის შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება, ტექნოლოგიების დანერგვისკენ ხელშეწყობა და ა.შ. კანონპროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს ბიუჯეტი; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულობები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

რას გულისხმობს ადრონული თერაპია 

იდეალურ შემთხვევაში, კიბოს მკურნალობა მდგომარეობს სიმსივნური უჯრედის დაზიანებაში, მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება. ამ იდეალს უახლოვდება ადრონული თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება სწრაფი ნაწილაკები: პროტონები და ნახშირბადის იონები. თერაპიას ნახშირბად-12-ის იონებით აქვს მთელი რიგი უპირატესობა პროტონებთან და სხვა იონებთან შედარებით.

ამგვარად ნახშირბადის იონების გამოყენებას სხივურ თერაპიაში აქვს შემდეგი უპირატესობები:

  1. სწრაფად მოძრავი იონები მარტივად შეიძლება მივმართოთ ვიწრო ნაკადად, რომლებიც შეაღწევენ ცოცხალ ქსოვილში საჭირო სირღრმეზე, რაც დამოკიდებულია ნაკადის ენერგიის სიძლიერეზე.
  2. მაქსიმალურად ზიანდება სიმსივნური უჯრედები . ჯანმრთელი ქსოვილები, რომლებიც სიმსივნესთან მდებარეობს არ ზიანდება.
  3. ნახშირბადის იონების შეღწევა ხდება თითქმის გაფანტვის გარეშე – შეგვიძლია დავუმიზნოთ საჭირო სამიზნეს. სიზუსტე შეადგენს 1 მმ-მდე.
  4. ნახშირბადის იონების შემთხვევაში “ჟანგბადური ეფექტი” არ არის მნიშვნელოვანი. ხდება დნმ-ის სპირალის მრავალჯერადი ორმაგი გახლეჩა, რაც აღარ აძლევს სიმსივნურ უჯრედს გადარჩენის შესაძლებლობას.

ადრონული თერაპიის გამოყენება შესაძლებელი გახდა ბირთვული ფიზიკის მიღწევების შედეგად. რას აძლევს ექიმ-რადიოთერაპევტს ადრონული თერაპიის უახლესი მეთოდიკა?

  1. შესაძლებელი ხდება არაოპერაბელური რადიორეზისტენტური სიმსივნეების ეფექტური მკურნალობა.
  2. ეს უნივერსალური, სიზუსტის ინსტრუმენტი შესაძლებლობას მისცემს ონკოლოგიურ კლინიკებს გაზარდოს პაციენტთა გამტარიანობა.

ადრონული თერაპიის გამოყენება უპირატესია ტვინის, ღვიძლის სიმსივნის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის სადინარების, მცირე მენჯის ორგანოების, გულმკერდის არის, საყლაპავი მილის, კუდუსუნის, ხერხემლის სიმსივნეების მკურნალობის დროს.

დღესდღეობით ადრონული თერაპიით მკურნალობა ხდება ევროპის ქვეყნებში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის – CERN-ის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება ადრონული თერაპიის ENLIGHT მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ქსელი. უკვე გახსნილია გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. რუსეთში კი პროტონული დასხივების სამი ცენტრი მუშაობს – მოსკოვში, დუბნასა და გატჩინაში, უკვე გაიხსნა ცენტრი პეტერბურგში. ასევე იგეგმება ამ ცენტრების პროექტირება ჩინეთში, ბელგიასა და შვეციაში. ორი ცენტრი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს იაპონიაში და კიდევ დაგეგმილია ახალი ცენტრების შექმნა. თითოეული ასეთი ცენტრი უნდა მოემსახუროს დაახლოებით 10 მილიონ მოსახლეს. ადრონული თერაპიის მეთოდები უზრუნველყოფენ პაციენტების განკურნებას 90%-ის შემთხვევაში.

ლაშა ბასლანძე

[wpolling id=”7″ width=”” height=””]