ირაკლი ალასანია: მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“

მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“,

– ასე იხუმრა ჟურნალისტებთან „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თუმცა მედიას მოუწოდა, ჭორებს არ აყვნენ.
„მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“ – მაგ ჭორებს ნუ აყვებით“, – აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიამ პარტიიდან ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის წასვლა კატეგორიულად უარყო. რაც შეეხება პარტიიდან დავით ზალკალიანის წასვლას, ალასანიას თქმით, 6 თვით ადრე იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ზალკალიანს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში გაეგრძელებინა მუშაობა.

„ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა „თავისუფალი დემოკრატები“ და ჩვენ 6 თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში გაეგრძელებინა. ბუნებრივია, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს არეული პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არის და ეს. ამას არ მიაქციოთ ყურადღება. „თავისუფალი დემოკრატები“ ისე, როგორც არასდროს, ერთიანები არიან, პარტია იზრდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება“,

– დასძინა ალასანიამ.