სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა ქადაგიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებების კომენტარზე უარს ამბობს

საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა კომენტარს არ აკეთებს გიორგი ქადაგიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელთა თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის საბანკო სისტემა სავალუტო ფონდის მხრიდან ნეგატიურ შეფასებებს მიიღებდა.  გიორგი ქადაგიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას სწორედ სავალუტო ფონდის პოზიცია მოიყვანა საკუთარი არგუმენტების დასაცავად და განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობას, სავალუტო ფონდის პროგრამას საქართველოში საფრთხე დაემუქრებოდა.

12 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმის სახით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სააგენტოს მუშაობის გაგრძელების შედეგი იქნებოდა ის, რომ ქართული საბანკო სისტემის შესახებ სავალუტო ფონდის მორიგ  დასკვნაში (რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ კეთდება) ნეგატიური შეფასებები გაჩნდებოდა. ეს კი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას შეაფერხებდა.

ქადაგიძის გამოსვლაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება არ შეჩერდებოდა, ქვეყანაში სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელებას საფრთე დაემუქრებოდა.

„კომერსანტი“  სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას დაუკავშირდა შეკითხვით, ეყრდნობა თუ არა დასახელებული არგუმენტები სავალუტო ფონდის პოზიციას. აზიმ სადიკოვის ოფისში ჩვენი შეკითხვა მოისმინეს, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ. მათ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფაც არ მოუხდენიათ.

გიორგი ქადაგიძის საათნახევრიანი გამოსვლის ოქმი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ გიორგი ქადაგიძის განმარტებით, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა მჭიდრო კავშირშია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთანაც. მისი აზრით, იმისთვის რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლოს მის მიერვე განსაზღვრული მონეტარული პოლიტიკის რეალიზება, მას სჭირდება საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც სრულად არის გადაცემული სააგენტოსთვის.

„მისი განმარტებით, არსებობს სახელმწიფოები, სადაც  ფინანსური უფლებამოსილებები განაწილებულია ეროვნულ ბანკსა და სხვა დამოუკიდებელ ორგანოს შორის. მისივე განცხადებით, აღნიშნულ მოდელებს შორის არჩევანის გაკეთება სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ საქართველოში დამოუკიდებლობის ამგვარი ხარისხით აღჭურვილი სააგენტოს შექმნა, როგორც სადავო ნორმებით არის განსაზღვრული, და მისთვის საფინანსო სფეროს ზედამხედველობაზე სრული უფლებამოსილებების გადაცემა, საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების გარეშე ვერ იქნება შესაბამისობაში ძირითადი კანონის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან.

დამატებით, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სააგენტო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ეროვნულ ბანკთან სუბორდინაციულ მდგომარეობაში. ამგვარი მოდელი იქნება არაეფექტური, თუმცა ეროვნული ბანკი შეძლებს თავისი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებას. მაგრამ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკს სააგენტოს საქმიანობაზე ზემოქმედების არცერთი ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება არაკონსტიტუციურია.

სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოწმე აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორი გამოირჩევა იმით, რომ ბანკები მართავენ არა საკუთარ, არამედ მეანაბრეების  და სხვა და სხვა კრედიტორების ფულს.  ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის დროს ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას აღნიშნული პირების ინტერესების დაცვა წარმოადგენს.

ქადაგიძის განმარტებით, საბანკო სისტემის რეგულირება გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვების დაწესებას, ანუ ბანკებს არ შეუძლიათ ეს თანხები მართონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნების მიხედვით. საქართველოს ეროვნული ბანკი აწესებს ლიმიტებს, ვისზე შეიძლება სექტორულად სესხების გაცემა, როგორ შიძლება სესხების გაცემა და ა.შ. გაიცემა თანხმობები სხვადასხვა გარიგებებზე და ამ გარიგებების მოცულობები ხშირ შემთხვევაში არის ასეულობით მილიონი ლარი.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას,  ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობას და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ამ ფუნქციის განხორციელება ეროვნული ბანკის კომპეტენციას წარმოადგენდა, სადავო ნორმები ძალადაკარგულად იქნება ცნობილი მათი ამოქმედების მომენტიდან, შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული აქტების ბათილობისა და მათგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. აღნიშნულმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს. ამასთან, საფინანსო სექტორის ამგვარმა არასტაბილურობამ, შეიძლება გამოიწვიოს საინვესტიციო გარემოს მკვეთრი გაურესება. ამგვარად, მოწმე მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.

რომ  თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, მოწმე იშველიებს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებს და სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკას,“ – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმის იმ ნაწილში, რომელიც გიორგი ქადაგიძის გამოსვლას ეხება.

ქადაგიძის გამოსვლა საკმაოდ ვრცელი იყო. სებ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ისიც აღნიშნა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში შეიქმნებოდა დეპოზიტარების მიერ ბანკებიდან საკუთარი თანხების გატანის საფრთხე, რასაც ქართული საბანკო სისტემა შესაძლოა კოლაფსამდეც კი მიეყვანა.

აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება ან უარყოფა კომერსანტმა ეროვნულ ბანკსაც სთხოვა, თუმცა კომენტარი, სავალუტო ფონდის მსგავსად, არც სებ-ში გააკეთეს.

commersant.ge