,,სილქნეტი” და “ჯეოსელი” აქცენტს ერთიან მომავალზე გააკეთებენ

რას მოუტანს სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ორი კომპანიის ერთობლივი საქმიანობა

,,გატვისტე” ,,ჯეოსელთან” და ,,სილქნეტთან” ერთად
“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” ხელმძღვანელებმა საზოგადოებას ახალი პროდუქტი – “ტვისტი” წარუდგინეს. ახალი უნიკალური პროდუქტი “ტვისტი” სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ორი წამყვანი კომპანიის, “ჯეოსელისა” და “სილქნეტის” ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. იგი აღნიშნული კომპანიების მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო სერვისების გაერთიანების საშუალებას მისცემს.

ერთობლივი შეთავაზება “ტვისტი” გულისხმობს “სილქნეტის” პროდუქტების – მაღალი ხარისხის ინტერნეტის, SILK TV-სა და ფიქსირებული ტელეფონის პაკეტებისა და “ჯეოსელის” პროდუქტის – “მეტის” ერთობლიობას. “ტვისტი” მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ჩაერთოს “სილქნეტის” სწრაფ ინტერნეტში და მინიმუმ 2 ლარის დამატებით, თვეში მიიღოს “ჯეოსელის” გაორმაგებული პაკეტი “მეტი შ” ან მინიმუმ 14 ლარის დამატებით, თვეში მიიღოს “ჯეოსელის” პაკეტი “მეტი უსასრულო”.

“ტვისტის” კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ერთიანი გადახდის სისტემა. მომხმარებელი იხდის ერთ ანგარიშზე “სილქნეტში”. “ჯეოსელის” პაკეტი “მეტის” ფასდაკლებით ჩართვა შესაძლებელია მაქსიმუმ ხუთ ნომერზე “სილქნეტის” სასურველ პროდუქტთან ერთად.

როგორც კომპანიებში აცხადებენ, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორი ლიდერი კომპანიის პროდუქტის გაერთიანება წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებელი მიიღებს მასზე მორგებულ, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ და გამარტივებულ მომსახურებას.

“დღეიდან ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც “სილქნეტის”, ასევე, “ჯეოსელის” აბონენტებს სრულიად ახალი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე დღემდე არ ყოფილა. ეს გახლავთ ინტერნეტის და მობილურის მომსახურებების გაერთიანების შეთავაზება, პროდუქტი სახელად “ტვისტი”, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და ინოვაციური მომსახურება გახდება. პროდუქტი ასახავს მსოფლიოში მიმდინარე ტრენდს, რომელის არსიც, მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის გაერთიანების შედეგია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს პირველად საქართველოში ეს მომსახურება შევთავაზეთ აბონენტებს. მომსახურება კომფორტულია და ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთიანი ანგარიშით მართოს, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური მომსახურების ანგარიშები. ასევე, პირველად საქართველოში მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ფიქსირებული მომსახურების გარდა, მობილური მომსახურებაც შემდგომი გადახდის სისტემით მიიღონ. “ჯეოსელის” აბონენტებიც შეძლებენ ისარგებლონ შემდგომი გადახდის პრინციპით, როდესაც ისინი ჯერ მიიღებენ მომსახურებას, თვის ბოლოს კი გადაიხდიან მის საფასურს”, – განაცხადა “სილქნეტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ეს მომსახურება ფინანსურად მომგებიანი იქნება და ორივე კომპანია, დაახლოებით, 20%–იან ფასდაკლებას სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს.

“ჯეოსელის” გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ კი განაცხადა, რომ ეს პროდუქტი უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანიების სპეციფიკურობა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამ ყველაფრის ერთ პროდუქტად შექმნა და მოწოდება საკმაოდ რთული იყო. დიდ მადლობას ვუხდი პირადად ლევან ბუჩუკურს ასეთი სახის თანამშრომლობისთვის. მთავრია ის, რომ ამ პროდუქტით მომხმარებლებს შევთავაზოთ რაც შეიძლება გამარტივებული და კომფორტული მომსახურება”, – განაცხადა პაველ სმალინსკიმ.

მათივე განმარტებით, ,,სილქნეტის” ვებ–გვერდზე წარმოდგენილია საგანგებოდ ამ პროდუქტისთვის შექმნილი კალკულატორი, რომელიც გაუმარტივებს მომხმარებლებს სასურველი კომბინაციის შერჩევას და ამაავდროულად საკმაოდ მარტივია მისი გამოყენებით ახალი პროდუქტის მოხმარება.

,,სილქნეტის” და ,,ჯეოსელის” ურთიერთთანამშრომლობა და სამომავლო გეგმები
პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის. ჯერ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სეგმენტის ორ ლიდერ კომპანიას მომხმარებლისთვის ერთობლივი პროდუქტი შეეთავაზებინა და მომავალშიც აქცენტი ურთიერთთანამშრომლობაზე აეღო. როგორც კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, ეს არ არის პროდუქტის ერთჯერადად გაშვება და მათი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მათივე განცხადებით, ამ ინოვაციური პროდუქტის გაშვება 6-თვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

როგორც ჩანს, ,,ტვისტი” ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვაა და თუ მან გაამართლა უნდა ველოდოთ, რომ ,,სილქნეტი” და ,,ჯეოსელი” სულ უფრო მეტად გააკეთებენ აქცენტს ერთობლივი პროდუქტის შექმნაზე და ერთად შეეცდებიან ბაზარზე ლიდერობის მოპოვებას. ლიდერის პოზიცია კი მათ ნამდვილად მოსაპოვებელი აქვთ, ვინაიდან, როგორც ცნობილია, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, დღესდღეობით, ორივე კომპანია საკუთარ ბაზრებზე მეორე პოზიციას იკავებენ და შესაბამისად პირველობას თმობენ ,,მაგთისთან” და ,,კავკასუს ონლაინთან”. სწორად დაგეგმილი ურთიერთთანამშრომლობა კი წარმატების საწინდარი აუცილებლად უნდა გახდეს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მთავარია რამდენად მისაღები აღმოჩნდება მსგავსი შეთავაზებები ქართველი მომხმარებლებისთვის. ისიც ფაქტია, რომ კომპანიების გაერთიანებას ნამდვილად სჯობს, ასეთი მიდგომა, ოპერირება საკუთარ ბაზარზე, საკუთარი ქუდის ქვეშ, თუმცა, მომხმარებლების მოზიდვისა და მათზე ზრუნვის მიზნით ერთობლივი აქციების და შესაბამისად დაბალი ტარიფების შეთავაზება.

ამ საკითხთან დაკაშირებით კომპანიების კონკურენტების პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია, არც ,,მაგთის”, არც ,,ბილაინის” და არც ,,კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, უცნობია მიბაძავენ თუ არა ,,ჯეოსელს” და ,,სილქნეტს” ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სხვა კომპანიები. თუმცა, ფაქტია რომ, საინტერესო პრეცედენტი უკვე დაფიქსირდა, რომელიც პირველ რიგში მომხმარებლებს უნდა წაადგეთ, ტარიფების შემცირებას შეუწყოს ხელი და თუკი ამან გაამრთლა იმასაც უნდა ველოდოთ, რომ ,,სილქნეტი” და ,,ჯეოსელი” მთავარ აქცენტს ერთობლივად დაგეგმილ მომავალზე გააკეთებენ.

ბურუსით მოცული მომავალი
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ მსგავსი სიახლე ქართულ სატელეკომუნიკაცია ბაზარზეც მოხდა, თუმცა, კომპანიების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობსდა ამაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

ბოლო პერიოდში როგორც ცნობილი გახდა კომპანია ჯეოსელის გაყიდვას მისი მფლობელი, სკანდინავიური კომპანია ,,თელიასონერა” გეგმავს და ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გამოქვეყნდა. კომპანიის მომავალი ამ დრომდე არ არის ცნობილი, არც ისაა ცნობილი თუ ვინ იყიდის მას ან ხომ არ იგეგმება სხვა რომელიმე კომპანიასთან გაერთიანება. როდესაც გაერთიანებაზეა საუბარი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ,,სილქნეტის” გარშემო და ზოგადად ინტერნეტბაზარზე ამტყდარი აჟიოტაჟიც, როდესაც ბაზრის ორი ლიდერი კომპანია ,,სილქნეტი” და ,,კავკასუს ონლაინი” გაერთიანებას გეგმავდნენ და ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შესაბამისი მოთხოვნაც კი შეიტანეს. ექსპერტები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელი იყო, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბაზარზე მონოპოლისტი კომპანია შეიქმნებოდა და მომხმარებელ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. სხვათაშორის გაერთიანების საკითხი კვლავ აქტუალურია და მარეგულირებელ კომისიას საკითხის განხილვა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

თუ ,,ჯეოსელს” სხვა მფლობელი ეყოლება, ან რომელიმე კომპანიას გაუერთიანდება, თუკი ისე მოხდება, რომ მარეგულირებელი კომისია, კომპანიების თხოვნას გაითვალისწინებს და ,,კავკასუს ონლაინი” და ,,სილქნეტი” გაერთიანდება მაშინ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ კომპანიების ერთობლივი საქმიანობა? გაერთიანებულ ,,კავკასუს ონლაინს” და ,,სილქნეტს” თუ ,,ჯეოსელიც” შეუერთდა, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან დანარჩენი კომპანიები, მომხმარებელი კი კონკურენციის არარსებობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდება.

მოკლედ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი გარკვეული ბურუსითაა მოცული. თუმცა, დავიტოვოთ იმედი, რომ ,,ჯეოსელის” მომავალიც მალე გაირკვევა, მით უფრო, რომ პრესკონფერენციაზე ,,ჯეოსელის” დირექტორმა პაველ სმალინსკიმ განაცხადა, რომ ,,ჯეოსელი” ქართული კომპანია და ,,თელიასონერას” გადაწყვეტილების მიუხედავად იგი ბაზარზე აუცილებლად გააგრძელებს საქმიანობს. ვიმედოვნოთ, რომ ინტერნეტბაზარზეც არ მოხდება კომპანიების გაერთიანება და ,,სილქნეტი” და ,,ჯეოსელი” მომხმარებელს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე შესთავაზებენ ახალ პაკეტებს, დაბალ ტარიფებს და გააგრძელებენ თანამშრომლობას ისე, როგორც ეს ხდება მსოფლიოს გლობალურ ბაზრებზე.

გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”7″ width=”” height=””]