არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი: ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს

ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს,-ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

საპატიო სტუმარს საქართველოს მთავრობის მეთურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალზე იმსჯელეს. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გაგრძელდა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობას და საქართველოს წინაშე მდგარ ახალ შესაძლებლობებს.

„ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი,”

-აღნიშნა შეიხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მანვე ნაყოფიერი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]